Accessibility links

site logo site logo

PHR მოითხოვს ნინოწმინდის პანსიონის ბავშვების უფლებების დაცვას სასამართლოს გზით


„დაევალოს ჯანდაცვის სამინისტროს და ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარს, ხელი არ შეუშალოს სახალხო დამცველს შევიდეს იქ და განახორციელოს სრულყოფილი მონიტორინგი“

„ჯანდაცვის სამინისტრო დაუყოვნებლი შევიდეს თავშესაფარში და შეისწავლოს იქ არსებული ვითარება“.

ამ მოთხოვნებით ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), როგორც სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვის მიზნით.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

PHR-ში ფიქრობენ, რომ ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის ხელმძღვანელობის მიერ 2018 წელს და 2021 წელს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ ბავშვთა მდგომარეობის სრულფასოვანი მონიტორინგის ხელშეშლა ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ იქ ამ წუთებშიც:

ბავშვები განიცდიან ძალადობას და ექვემდებარებიან მათი უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებს და რომ ბავშვის უფლებების სისტემურ დარღვევებზე მიუთითებს წინა წლებში სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშებიც“.

სწორედ ამიტომ, ძირითადი სარჩელის შეტანამდე, ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით.

შუამდგომლობით „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) პანსიონატის ადმინისტრაციისა და სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან მოითხოვს, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესრულებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებასა და სახალხო დამცველისათვის მონიტორინგის განხორციელების დაუყოვნებელ უზრუნველყოფას გულისხმობს.

15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარში არ შეუშვეს.

უარი შეშვებაზე თავად სხალთის მთავარეპისკოპისმა მეუფე სპირიდონმა განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ რომ „იქ ვერასოდეს შევლენ“ და რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ „მის გვამზე გადაივლიან“. ხოლო მიზეზად დაასახელა ის, რომ მისი სიტყვებით“

„ეს არის ხალხი, რომელიც ითხოვს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას! მაგ ხალხის შეშვება არ შეიძლება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში. წაბილწავენ იქაურობას“.

ამიტომ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ახლა სასამართლოს გზით ეცდება თავშესაფარში მყოფი ბავშვების უფლებების დაცვას.

რადიო თავისუფლებამ ორგანიზაციის წარმომადგენელს, ადვოკატ ანა აბაშიძეს ჰკითხა, რატომ აქამდე არ მიმართა PHR-მა სასამართლოს? მითუმეტეს, რომ მათ არაერთხელ უსაუბრიათ ამ საკითხზე მწვავედ და მათთვის ცნობილი იყო ომბუდმსმენის ანგარიშების შინაარსიც.

ანა აბაშიძე: აქამდე სამართლებრივად ამის უფლება ჩვენ, როგორც ორგანიზაციას, არ გაგვაჩნდა. როგორც წესი, ტრადიციული გზით, როცა სასამართლოს მიმართავ, გჭირდება უფლებადარღვევის კონკრეტული მსხვერპლი. სხვა შემთხვევაში, სასამართლომდე ვერ მივიდოდით, რადგან ვიქნებოდით არასათანადო მოსარჩელეები. როცა საქმე ეხება ბავშვთა სახლს, ცხადია, ბავშვები ვერ იქნებოდნენ ჩვენი მოსარჩელეები, იმიტომ, რომ ისინი არიან სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. სახელმწიფოა მათი წარმომადგენელი და სახელმწიფო, როგორც წესი, თავის თავს არ უჩივლებს. ამიტომ მხოლოდ ვხმაურობდით, ანგარიშებში ვწერდით და ა.შ.

ახლა, შშმ პირთა ახალი კანონის შესაბამისად, ჩვენ მოგვეცა საშუალება ვიყოთ სპეციალური მოსარჩელეები: თუ ვხედავთ, რომ შშმ პირებს, მათ შორის, ბავშვებს, აქვთ სისტემური პრობლემები და ისინი არიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი, ჩვენ კანონით გვაქვს უფლება კონკრეტული მსხვერპლის გარეშე მივმართოთ სასამართლოს.

ანა აბაშიძე
ანა აბაშიძე

რადიო თავისუფლება: რა არის დღეს თქვენი სარჩელის მთავარი მიზანი და მოთხოვნა?

ანა აბაშიძე: ჩვენ გვინდა, რომ სასამართლოს გზით დაევალოს სახელმწიფოს, ანუ ჯანდაცვის სამინისტროს და ნინოწმინდის ბავშვთა თავშესაფარს, ხელი არ შეუშალოს სახალხო დამცველს შევიდეს იქ და განახორციელოს სრულყოფილი მონიტორინგი, რაც არის მათი კონსტიტუციური უფლებამოსილება.

თუ ამას ხელს შეუშლიან, ეს იქნება სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, რაც უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და რაზეც, ცხადია, ცალკე პასუხისმგებლობის საკითხს დავაყენებთ ორივეს მიმართ.

მეორე მოთხოვნა არის ის, რომ თავად ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც ოფიციალური ორგანო, ვინც ამოწმებს სტანდარტებს, შევიდეს თავშესაფარში და იქ დამოუკიდებელი მონიტორინგი ჩაატაროს. თუ ის აღმოაჩენს ადგილზე დარღვევებს, იმოქმედის კანონის შესაბამისად.

ხოლო კანონი მათ აძლევს არაერთ შესაძლებლობას - დაჯარიმება, ლიცენზიის შეჩერება, ჩამორთმევა და ა.შ.

თუ იქ გაცილებით მძიმე დარღვევები აღმოჩნდება, გამოიყენოს სამართალდაცავი ორგანოებიც.

ეს არის დროებითი გადაწყვეტილების შინაარსი. და უნდა მოხდეს სწრაფად, ხვალ-ზეგ.

რაც შეხება ჩვენს ძირითად სარჩელს, იქ სხვა მოთხოვნები გვექნება და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებთ.

რადიო თავისუფლება: რისი იმედი გაქვთ ამ პროცესში?

ანა აბაშიძე: ჩვენ გვინდა რომ ამ სტრატეგიული საქმით რამე შევცვალოთ. იმედი გვაქვს იმისა, რომ სასამართლო არ მოექცევა რელიგიური ლიდერების გავლენის ქვეშ.

ჩვენი მოპასუხე ამ საქმეში არის როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ისე თავად ნინოწმინდის პანსიონი, რომელიც თავისთავად არ არის კერძო პირი, ის ახორციელებს სახლემწიფოსგან დელეგირებულ ფუნქციას - ბავშვზე ზრუნვას. არსებობს სტანდარტი, რომლის საფუძველზეც მათ აქვთ მიღებული ლიცენზია. ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტებს, ამიტომ ეს პანსიონი არის ისეთივე მოპასუხე, როგორც სახელმწიფო.

რადიო თავისუფლება: რით არის ეს სარჩელი უპრეცედენტო?

ანა აბაშიძე: ეს სარჩელი უპრეცედენტოა შინაარსის მხრივ, რადგან აქამდე ბავშვები, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვაში იყვნენ, მიგდებულები იყვნენ ყველასგან, ჩვენგანაც. მხოლოდ ვამბობდით, რომ ვწუხვართ ამის გამო, მაგრამ ვერ ვიცავდით მათ, რადგან სამართლებრივი შესაძლებლობა არ გქვონდა. ახლა - არც ერთი ბავშვი, სადაც არ უნდა იყოს ის, ქუჩაში თუ სახელმწიფო დაწესებულებაში, მარტო აღარ არის. ამიტომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გაიგებს ჩვენს მოთხოვნებს, და თუ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, არც ერთი ბავშვი არსად მარტო აღარ დარჩება.

20 აპრილს ნინოწმინდის პანსიონის საკითხს კიდევ სამი ორგანიზაცია გამოეხმაურა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), უფლებები საქართველო და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) მოუწოდებენ სახელმწიფოს მიიღოს ყველა ზომა რელიგიურ პანსიონატებში ბავშვთა უფლებების განუხრელი დაცვისთვის და ამ ინსტიტუციების სახელმწიფოს რეალური და ქმედითი მონიტორინგის ქვეშ მოსაქცევად.

მათი სამი ძირითადი სახელმწიფოსადმი მოთხოვნა კი არის:

  • უზრუნველყოს მოქმედი რელიგიური პანსიონების საქმიანობის სისტემური ზედამხედველობა და მონიტორინგი, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა და სოციალური მუშაკების შეუფერხებელი მუშაობა პანსიონებში.
  • დაუყოვნებლივ შეიმუშაონ და ფართო საზოგადოებას განსახილველად წარუდგინონ ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმა, მისი განხორციელების კონკრეტული ვადების მითითებით;
  • რელიგიური ორგანიზაციების, ასევე ბავშვთა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეალური ჩართულობით შეიმუშავოს რელიგიური სკოლების (და არა სააღმზრდელო დაწესებულებების) ფუნქციონირების იმგვარი მოდელი, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტებს დაეფუძნება და ამავდროულად გაითვალისწინებს რელიგიური ჯგუფების ინტერესს დაიცვან საკუთარი რელიგიური უფლებები და კულტურული თვითმყოფადობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG