Accessibility links

site logo site logo

COVID-19: ევროპულმა საბჭომ მიიღო რეკომენდაციები მესამე ქვეყნების მოქალაქეების მოგზაურობზე დაწესებულ შეზღუდვებზე


20 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო რეკომენდაციები ევროკავშირში არააუცილებელ მოგზაურობაზე დაწესებულ დროებით შეზღუდვებთან მიმართებით. ეს შესწორება პასუხობს ვაქცინაციის მიმდინარე კამპანიებს, აცრილი პირებისთვის შეზღუდვების გარკვეულწილად მოხსნით და მესამე ქვეყნებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნის კრიტერიუმების შემსუბუქებით. პარალელურად, რეკომენდაციები ითვალისწინებს შესაძლო საფრთხეებს, რომლებიც ვირუსის ახალ ვარიანტებს შეიძლება მოჰყვეს, და შემოაქვს სასწრაფო მუხრუჭის მექანიზმი, რათა შესაძლებელი გახდეს სწრაფი რეაგირება ვირუსის სახიფათო ვარიანტის ამა თუ იმ მესამე ქვეყანაში გაჩენაზე.

საიმისოდ, რომ არააუცილებელ მოგზაურობაზე კრიტერიუმი მოიხსნას მესამე ქვეყნებისთვის, ახალი წესებით COVID-19-ის მაჩვენებელმა მოიმატა და 100 000 მოსახლეზე 14 დღის განმავლობაში 75 შემთხვევას გაუტოლდა, უწინდელი 25-სგან განსხვავებით. გათვალისწინებული უნდა იყოს ასევე ვაქცინაციის კამპანიის პროგრესი.

ძალაში რჩება სხვა კრიტერიუმები, მათ შორის ახალი შემთხვევების სტაბილური ან დაღმავალი მაჩვენებელი, ჩატარებული ტესტების რაოდენობა, ტესტირებაში 4 პროცენტიანი დადებითობის მაჩვენებელი, ქვეყნის მიერ COVID-19-ზე ზოგადი რეაგირება და არსებული ინფორმაციის სანდოობა.

გათვალისწინებული იქნება ორმხრივობის პრინციპიც, ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებით.

თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ ვაქცინაციის ცნობას სამოგზაურო შეზღუდვების, მაგალითად ტესტირების ან კარანტინის სანაცვლოდ, მათ, პრინციპში, უნდა მოხსნან შეზღუდვები მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ჩასვლამდე სულ მცირე 14 დღის წინ მიიღეს ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ დამტკიცებული რომელიმე ვაქცინის რეკომენდებული ბოლო დოზა. წევრ ქვეყნებს ასევე შეუძლიათ მოუხსნან შეზღუდვები იმ პირებს, რომლებმაც სულ მცირე 14 დღით ადრე მიიღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (WHO) სასწრაფო წესით დამტკიცებული რომელიმე ვაქცინის რეკომენდებული ბოლო დოზა - აცხადებს ევროპული საბჭო.

დამტკიცების შემდეგ, ციფრული მწვანე სერტიფიკატის რეგულაცია გახდება საფუძველი მესამე ქვეყნების ვაქცინაციათა სერტიფიკატების ამ მწვანე სერტიფიკატის ეკვივალენტურად მიჩნევისა. მანამდე წევრ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ მიიღონ მესამე ქვეყნებში გაცემული სერტიფიკატები, რომლებზეც დატანილი იქნება თარიღები და გათვალისწინებული იქნება ამ დოკუმენტების ავთენტურობის, ვადის და ნამდვილობის დამტკიცების შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG