Accessibility links

site logo site logo

თალიბებმა ხელთ იგდეს კიდევ ერთი რაიონი მაიდან ვარდაკის პროვინციაში


ავღანეთის უსაფრთხოების ძალების პატრული

ავღანეთის სამთავრობო ძალებთან ბრძოლების შემდეგ თალიბებმა ხელთ იგდეს კიდევ ერთი რაიონი ქვეყნის ცენტრალურ, მაიდან ვარდაკის პროვინციაში. თალიბანის წარმომადგენელმა ზაბიჰულაჰ მოჯაჰიდმა 21 მაისს დაადასტურა, რომ ჯალრეზის რაიონს დაჯგუფების მებრძოლები აკონტროლებენ.

ჯალრეზის რაიონის თავკაცმა, ხალილ-ურ-რეჰმან იადეგარიმ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ საოლქო ადმინისტრაციის და პოლიციის შენობებს თალიბები აკონტროლებენ, ხოლო 25 ავღანელი სამხედრო ექსტრემისტებს ჩაბარდა მას შემდეგ, რაც დაუმთავრდათ ტყვია-წამალი.

პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელ, მაჰდი რაისკის ცნობით, თალიბებთან შეტაკების დროს დაიღუპა 7 ავღანელი ჯარისკაცი, უფრო მეტი სამხედრო ითვლება დაკარგულად. ამასთან, კანონმდებელმა გააკრიტიკა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება, რომელსაც, მისი თქმით, „არაფერი მოუმოქმედებია რაიონის დასახმარებლად“.

ჯალრეზის რაიონი დედაქალაქ ქაბულიდან 60 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი მეორე რაიონია, რომელიც ორ კვირაზე უფრო ნაკლებ დროში ხელთ იგდეს თალიბებმა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1 მაისი გამოაცხადა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო დანაყოფების გაყვანის ვადად.

20 მაისს თალიბებმა კონტროლს დაუქვემდებარეს აღმოსავლეთ ლაგმანის პროვინციის დავლათ შაჰის რაიონი, რომელიც ბოლო თვის განმავლობაში ექსტრემისტებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG