Accessibility links

site logo site logo

დაიწყო ავღანეთიდან ქართული ქვედანაყოფების გამოსვლის პროცესი


საქართველოს თავდაცვის ძალების ავღანეთიდან გამოსვლის პროცესი დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრების ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან დაბრუნდა საქართველოში.

ქართული კონტინგენტი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა და მის მთავარ დავალებას სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა.

ქართველი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო მისიიდან დაბრუნება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის, 11 სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ დააჯილდოვეს.

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (International Security Assistance Force - ISAF) შემადგენლობაში, 2004 წლის აგვისტოში ჩაერთო. 2015 წლიდან ქართული ქვედანაყოფები „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობენ.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 14 აპრილს განაცხადა, რომ 11 სექტემბრისათვის ავღანეთს დატოვებს კოალიციაში მყოფი ყველა, 10 000 ჯარისკაცი, ხოლო ჯარების გაყვანის პროცესი დაიწყება 1 მაისს. აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, 14 აპრილს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა 1 მაისიდან დაიწყებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG