Accessibility links

site logo site logo

ლატვიის ავიაკომპანია airBaltic-მა გადაწყვიტა, შეწყვიტოს ბელარუსის ტერიტორიის გავლით ფრენა


ლატვიის ავიაკომპანია airBaltic-მა გადაწყვიტა, შეწყვიტოს ბელარუსის ტერიტორიის გავლით ფრენა. როგორც საინტერნეტო პორტალი Delfi იტყობინება, ამის შესახებ ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა ტალის ლინკაიტსმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოების მიერ Telegram-ის არხ NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის, რამან პრატასევიჩის დაპატიმრების შემდეგ.

ბელარუსის ხელისუფლება პრატასევიჩს ბრალს სდებს მინსკში მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და „სოციალური მტრობის გაღვივებაში“ მილიციის წარმომადგენელთა მიმართ.

ავიაკომპანია Ryanair-ის რეისი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, დაუგეგმავად დაჯდა მინსკში მას შემდეგ, რაც მიიღო სიგნალი თვითმფრინავში ბომბის არსებობის შესახებ. ბელარუსის საჰაერო სივრცეში ლაინერს ესკორტს უწევდა გამანადგურებელი MiG-29. ბომბის შესახებ შეტყობინება ყალბი აღმოჩნდა.

ლატვიის ტრანსპორტის მინისტრმა ვითარებას „არაორდინარული“ უწოდა. მისი სიტყვებით, ეს ბადებს მრავალ შეკითხვას ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენის უსაფრთხოების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG