Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარლამ გოლეთიანი: თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ეს არის ქართველი ხალხის დამარცხების ტოლფასი


"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, გავიდნენ რესპუბლიკის მოედანზე და "არ დატოვონ იქ თავისუფალი ადგილები". ეს არის პირველი საჯარო მიმართვა მოქალაქეების მიმართ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება არ აპირებს მათი მოთხოვნების შესრულებას.

"ჩვენ კონსტრუქციულად და სამართლიანად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე... ჩვენ ულტიმატუმებით არ ვსაუბრობთ, ჩვენ ნახევარ წელზე მეტი გავატანეთ რიონის პირზე და სახლში არ შევსულვართ პრაქტიკულად და საზოგადოებისთვის გაგვეცნო რაშია პრობლემა და მოვუწოდებდით მათ [ხელისუფლებას], თუ ჰქონდათ თავი, ჩვენთან ემსჯელათ. ამის შემდეგ გვრჩება ერთადერთი გზა - ან ვიშლებით, ან მაშინ მშვიდობიანად მიგვყავს საქმე ბოლომდე...

თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ეს არის ქართველი ხალხის დამარცხების ტოლფასი, რომელსაც უკვე შეიძლება ჩვენ ვეღარ მოვერიოთ უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ამ დამარცხებას ქართველი ხალხი არ დაუშვებს", - თქვა გოლეთიანმა.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში გუშინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს და რამდენიმე საათი მისცეს. ამ ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია".

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ერთ-ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეჭვი რომ შეჰპარვოდა ენერგოდამოუკიდებლობის საკითხზე, გადადგომაზე მითითება არ დასჭირდებოდა.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა გუშინ, 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ კარვები გაშალეს. ამ დროისათვის მოედანზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დრო დღეს, 24 მაისის 12:00 საათამდე მისცეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ასეთია:

  • გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ენკა რინიუებლზს" შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.
  • გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ".
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
  • საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში ასევე შედის ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში.
XS
SM
MD
LG