Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები ხვალ 4 საათიდან პიკეტირებას გეგმავენ


"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხვალ, 25 მაისს თბილისის ქუჩების პიკეტირებას გეგმავენ. ინფორმაცია მედიას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მიაწოდა.

"არ გავჩერდებით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, რაც არ უნდა დაღლა ვიგრძნოთ, მთავარია, რომ ბოლომდე გავიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს ერთ რამეს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, როდემდე გაართმევს თავს. ჩვენ უკვე 210 დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს. ამ სამართლიან და გულწრფელ ბრძოლას, ვფიქრობ, რომ აჰყვება დედაქალაქი. ჩვენ ხვალ 4 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით დიდ ძალას, ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით, დავიძრებით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს", - თქვა გოლეთიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტულ ადგილებს გამიზნულად არ ასახელებდნენ.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღეს თბილისში მსვლელობა დაიწყეს. მათი მოთხოვნები და მათ შორის მთავარი მოთხოვნა - ჰესის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, უცვლელია.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში გუშინ გადმოინაცვლა. აქციის მონაწილეებმა მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს და რამდენიმე საათი მისცეს. ამ ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ულტიმატუმებით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG