Accessibility links

site logo site logo

"ჰამასი" უარყოფს კავშირს მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებასთან


პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება „ჰამასი“ უარყოფს, რომ კავშირი აქვს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის დანაღმვის შეტყობინებასთან, რომელიც თითქოს, მინსკის აეროპორტმა მიიღო.

სააგენტო Reuters-ი ავრცელებს დაჯგუფების წარმომადგენლის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ჰამასი“ მსგავს მეთოდებს არ იყენებს.

23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით, მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ დააკავეს ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა.

24 მაისს, ბელარუსის ავიაციის დეპარტამენტის დირექტორმა, არტიომ სიკორსკიმ ჟურნალისტებსს უთხრა, რომ მინსკის აეროპორტმა „ჰამასის ჯარისკაცების“ სახელით, ელექტრონული ფოსტით მიიღო ინგლისურენოვანი შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოითხოვენ ევროკავშირის მიერ ისრაელის მხარდაჭერის შეწყვეტას. სიკორსკის მტკიცებით, წერილში ნათქვამი იყო ისიც, რომ Ryanair-ის თვითმფრინავში, რომელშიც ეკონომიკური ფორუმის, Delfi-ს მონაწილეები იმყოფებიან, ბომბია და ვილნიუსის თავზე აფეთქდება.

რამან პრატასევიჩი, რომელიც მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს, პოპულარული ოპოზიციური ტელეგრამ-არხის, Nexta-ს დამფუძნებელია. მან ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. პრატასევიჩს ბელარუსის უშიშროების კომიტეტი ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში. ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეყვანილია სიაში იმ პირებისა, რომლებსაც მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან.

დასავლეთის სახელმწიფოებმა ლუკაშენკას რეჟიმის ქმედება საერთაშორისო ნორმებზე თავდასხმად შეაფასეს და პრატასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. ევროკავშირის ლიდერები ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე შეთანხმდნენ. ზომების მიღებას გეგმავს აშშ-იც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG