Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში რუსეთის მოქალაქეს პატიმრობა მიესაჯა Tesla-ს ქარხნის კომპიუტერულ სისტემაზე წვდომის მცდელობისთვის


აშშ-ის ნევადის შტატში ფედერალურმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ეგორ კრიუჩკოვს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა კომპანია Tesla-ს ქარხნის კომპიუტერულ სისტემაზე წვდომის მოპოვების მცდელობისთვის, რათა მოეპარა ტექნოლოგიური საიდუმლოებები და გამოსასყიდი გამოეძალა.

27 წლის კრიუჩკოვი, რომელიც შარშან აგვისტოში დააპატიმრეს ლოს-ანჯელესში, სასამართლოსთან საპროცესო გარიგებას დათანხმდა. სასამართლოს სხდომაზე მან სინანული გამოთქვა თავისი მოქმედების გამო და თქვა, რომ პატიმრობაში გატარებულმა ცხრა თვემ დააფიქრა იმ ტკივილზე, რაც მიაყენა რუსეთში მყოფ ახლობლებს და იმ დარტყმაზე, რაც საკუთარ რეპუტაციას მიაყენა.

კრიუჩკოვმა Tesla-ს ქარხნის ერთ-ერთ თანამშრომელს 500 ათასი დოლარი შესთავაზა ქარხნის კომპიუტერზე პროგრამის დაყენებისთვის, რომლის მეშვეობითაც ის აპირებდა მოეპოვებინა წვდომა ტექნოლოგიურ საიდუმლოებაზე, შემდეგ კი შანტაჟი მოეწყო ელექტრონული ავტომობილების მწარმოებლისთვის და საიდუმლოებათა გამოქვეყნების მუქარით გამოსასყიდი მოეთხოვა. ნევადის ქალაქ რინოში მდებარეობს კომპანია Tesla-ს ყველაზე დიდი ქარხანა, რომელიც ამზადებს ელექტრობატარეებს - პოპულარული ელექტროავტომობილების ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელობის კომპონენტს. თანამშრომელმა, რომელსაც მიმართა კრიუჩკოვმა, შეთავაზების შესახებ თავის ხელმძღვანელებს შეატყობინა. გამოძიებას FBI აწარმოებდა. კრიუჩკოვის დაპატიმრების შესახებ ცნობის გამოქვეყნების შემდეგ Tesla-ს დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია საიდუმლოებათა მოპარვის სერიოზულ მცდელობათა ობიექტი იყო.

სასამართლოს დოკუმენტებში ლაპარაკია კრიუჩკოვის თანამოაზრეებზეც, რომელთა ვინაობას არ აცხადებენ. კრიუჩკოვი დეპორტირებულ იქნება პატიმრობის ათთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG