Accessibility links

site logo site logo

EASA-მ ყველა ავიაკომპანიას მოუწოდა, მოერიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს


ევროპის ავიაციის მარეგულირებელმა უწყებამ ყველა ავიაკომპანიას მოუწოდა, უსაფრთხოების მოსაზრებებით მოერიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს. ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კი დაიცვა თავისი გადაწვეტილება, შეიარაღებული ძალები გამოეყენებინა, რათა იძულებით დაესვა მინსკში სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში ასრულებდა რეისს. 23 მაისს მინსკში თვითმფრინავის დაჯდომისთანავე ბელარუსის სამართალდამცველებმა დააკავეს მასში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი.

ინციდენტი ფართოდ დაგმეს მსოფლიოს ლიდერებმა და მას „სახელმწიფოს მიერ განხორციელებული გატაცება“ უწოდეს. 26 მაისს ევროპის კავშირის ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) განაცხადა, რომ ურჩევს ევროკავშირს ავიაკომპანიებს, ასევე იმ ავიაკომპანიებს, რომლებიც არ ეკუთვნის ევროკავშირს, მაგრამ მასთან საჰაერო მიმოსვლა აქვთ, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეს, თუკი ამას საგანგებო გარემოებები არ მოითხოვს.

დღესვე ლუკაშენკამ მინსკში კანონმდებლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის „კანონიერად მოქმედებდა“ ადამიანების დასაცავად, როცა ბელარუსის ხელისუფლებამ შვეიცარიიდან მიიღო ცნობა, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო, რაც ყალბი განგაში აღმოჩნდა.

ავიაკომპანია Ryanair-ისთვის კურსის შეცვლევინებისა და მინსკში დასმის შემდეგ, რასაც ევროპელმა ლიდერებმა „გატაცება“ და „სახელმწიფო მეკობრეობა“ უწოდეს, გაიზარდა ზეწოლა ლუკაშენკაზე, რომლის წინააღმდეგაც ბელარუსში გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები. დასავლეთის ლიდერები მოითხოვენ პრატასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საპეგას გათავისუფლებას. ევროკავშირმა ბელარუსთან სატრანსპორტო კავშირების გაწყვეტა მანამდე დაიწყო, სანამ EASA გაავრცელებდა გაფრთხილებას 26 მაისს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG