Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოლეთიანი: ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ


ვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი

„რიონის ხეობის მცველები“ თბილისში საპროტესტო აქციას წყვეტენ და აცხადებენ, რომ ბრძოლას უშუალოდ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე გააგრძელებენ.

„ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ. თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. რაც იყო ჩვენი აქ [თბილისში] ჩამოსვლის მიზანი, რომ საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა; მათ შორის, გზის გადაკეტვა, რომელიც მოვაწყვეთ რამდენჯერმე, ეს იყო აბსოლუტურად სიმბოლური შინაარსის და ნახეთ თქვენც. უბრალოდ შეჩერდა მოძრაობა, მოხდა პარალიზება და უბრალოდ დავაფიქრეთ ადამიანები, თითოეული ჩვენგანი რა რუტინაშია ჩართული. დავფიქრდეთ, შევჩერდეთ და გავაცნობიეროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ბრძოლა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი მონაწილეობს“, - აღნიშნავს „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი და ამატებს, - „შედეგი მიღწეულია, დედაქალაქმა გაიგო ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტის შესახებ, მხარდაჭერაც სახეზეა, ახლა მთავარია, რომ გადავდგათ ქმედითი ნაბიჯი, რაც უკავშირდება წასვლას ბრძოლის წინა ხაზზე და მორალურ ომს“.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG