Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან დაინახა რუსული პოლიტიკის სახე


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა თავის შთაბეჭდილებაზე, რაც საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას მიიღო. მისი თქმით, ის, რაც ცხინვალის რეგიონთან პირობით საზღვართან ნახა არის ის, რაც ნატოს წევრის ყველა სახელმწიფოს წევრმა პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ იმისთვის, რომ ნათლად დაინახონ რუსული პოლიტიკის რეალური სახე.

„იქ დავინახე ის, რაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ნახოს. არა მხოლოდ ევროკავშირიდან, არამედ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფოდან, რომ ნახონ როგორია რეალობა, რას ნიშნავს თანამედროვე რუსული პოლიტიკა, რაში გამოიხატება ის და რა ინსტრუმენტებს ხმარობს ის თავის პოლიტიკაში. ეს არის დატოვებული სახლები, ეს არის ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთის შესაძლებლობის ნაკლებობა, რაც ტრაგედიას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ვიცით, რომ ახლა საერთოდ აკრძალულია ამ ხაზის გადაკვეთა, ოჯახის წევრებთანაც კი. მე ვიყავი იმ ადგილას, საიდანაც ჩანს რუსული შტაბ-ბინა, სამხედრო ერთეულები. ეს არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების აშკარა დარღვევა, რომელიც გულისხმობს რუსეთის სამხედრო არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე.

ამ შენობების თავზე ფრიალებს რუსული დროშა და FSB-ს თანამშრომლები აღჭურვილი სხვადასხვა შეიარაღებით აჩერებენ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და თუკი ე.წ. საზღვარს მიუახლოვდებიან, მათ იტაცებენ და მიჰყავთ ცხინვალის ციხეში. საქმე გვაქვს უკანონობის აშკარა მაგალითთან და ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს ყველა სამართლებრივი მეთოდი გამოვიყენოთ რუსეთის იძულებისთვის, შეასრულოს საერთაშორისო სამართლის ნორმები“, - განაცხადა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტი სოფელ ოძისთან გავლებულ საოკუპაციო ხაზთან 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იმყოფებოდა. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან და ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანები ტრაგიკულ მდგომარეობაში, შეზღუდული უფლებებით ცხოვრობენ.

"ესენი არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც მიწასთან იქნა გასწორებული რუსული ოკუპაციის მიერ" - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზთან და ხაზის მიღმა დარჩენილ საქართველოს მოქალაქეების შესახებ. ის ხედავს საჭიროებას სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG