Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ანდჟეი დუდას: ნებისმიერ დროს გელოდებით საქართველოში, ეს არის თქვენი მეორე სამშობლო


სალომე ზურაბიშვილი, ანდჟეი დუდა
სალომე ზურაბიშვილი, ანდჟეი დუდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს მომავლის დიდი იმედი იმიტომ, რომ ევროკავშირში პოლონეთის სახით ძალიან ძველი და ძალიან ძლიერი მეგობარი და პარტნიორი ჰყავს. "ნებისმიერ დროს გელოდებით საქართველოში, ეს არის თქვენი მეორე სამშობლო", - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ანდჟეი დუდას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტთან მისი შეხვედრის თემატიკა მრავალფეროვანი იყო და შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პოლონეთის მონაწილეობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ზაზა გახელაძის გატაცება, ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში და სხვა:

„ეხლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის სწორედ ამ ორივე ორგანიზაციასთან მიმართებაშიო. ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ეტაპი აქამდე და ძალიან ბევრი ეტაპის ინიციატორი იყო პოლონეთი. მაგალითად აღმოსავლეთის პარტნიორობა და ჩვენ გავიარეთ შემდეგ ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა. დღეს გვჭირდება ასევე ევროკავშირთან მიმართებაში ახალი ეტაპები, სადაც ჩვენ მივაღწევთ საბოლოო გეგმას. 2024 წელს კანდიდატურის განცხადებას და შემდგომ, როცა ეს დრო დადგება, გაწევრიანება. მანამდე ჩვენ გვჭირდება რეალური კონკრეტული ნაბიჯები და საფეხურების გავლა და ამაზე ვისაუბრეთ, სექტორული ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც არის ევროკავშირის საშუალებებში და მის ინტერესებში, რომ შავ ზღვაზე და ამ რეგიონში შემოვიდეს აქტიურად ამ ეკონომიკურ პროექტებში და ამითი მისი გავლენა აქ და მისი პოლიტიკური ადგილი დაიმკვიდროს და ეს არის ჩვენი ერთობლივი ინტერესი.

ასევე ნატოში ჩვენი პერსპექტივა და ვიცით, რომ მალე იმართება სამიტი, 14 ივნისს, რომელსაც დაესწრება პირველად ახლადარჩეული ამერიკის პრეზიდენტი და ჩვენი მოთხოვნაა და გავაზიარე ეს პოლონეთის პრეზიდენტთან, რომ ამ სამიტმა და მისმა ბოლო დეკლარაციამ გაითვალისწინოს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა საქართველოს და ჩვენი მეგობარი უკრაინის და ერთობლივად ჩვენთვის იყოს იქ ისეთი გზავნილი, რომელიც მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ პერსპექტივა ნამდვილად არის ღია კარები, როგორც ახლო წარსულში მაკედონიისთვის გაიხსნა, რომ ეს კარი ჩვენთვისაც ასევე ღია არის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საუბარი შეეხო ასევე იმას, რომ მომავალ წელს პოლონეთი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. საქართველოს პრეზიდენტის თანახმად, პოლონეთი მზად არის რომ აღმოუჩინოს საქართველოს ყველანაირი დახმარება იმისთვის, რომ ოკუპაციის საკითხი ეუთოს პოლიტიკურ საქმიანობაში წინა პლანზე იყოს წამოწეული.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტების საუბარი შეეხო ასევე საქართველოსა და პოლონეთის ორმხრივ ურთიერთობებს. მათ შორის მან აქცენტი გააკეთა ტურიზმზე და განაცხადა, რომ საქართველო ღია იქნება ყველა ვაქცინირებული ადამიანისთვის. "ეს არის ჩვენი ღია კარების პოლიტიკა ევროპის და კერძოდ პოლონეთის მიმართ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ 26 მაისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში. საქართველოს პრეზიდენტის გარდა, დღეს, 27 მაისს, იგი შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

XS
SM
MD
LG