Accessibility links

site logo site logo

მინსკმა მუქარის წერილის მიღებამდე ბევრად ადრე შეატყობინა Ryanair-ს ბომბის საფრთხის შესახებ


ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის აფეთქების მუქარის შემცველი წერილი მინსკის აეროპორტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ ეკიპაჟს უთხრეს, რომ თვითმფრინავი დანაღმულია. ამის შესახებ Daily Beast-ი, Der Spiegel-ი და ცენტრი „დოსიე“ იტყობინებიან წერილის ორიგინალზე დაყრდნობით.

23 მაისს მომხდარი ინციდენტისას ბელარუსის ხელისუფლებამ თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, აიძულა შეეცვალა კურსი და მინსკში დამჯდარიყო. მინსკში დაჯდომის შემდეგ დააპატიმრეს თვითმფრინავში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი სოფია საპეგა.

წერილი გაიგზავნა ბელარუსის საჰაერო სივრცეში თვითმფრინავის შესვლიდან 27 წუთში და 24 წუთში მას მერე, რაც მინსკის საჰაერო მიმოსვლის სამმართველომ პილოტებს ბომბის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

ტექსტის თანახმად, ის შეიცავს პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასის მოწოდებას. ჰამასი უარყოფს ინციდენტთან რაიმე კავშირს.

იმისთვის, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკში დაესვათ, ჰაერში აფრინდა ბელარუსის გამანადგურებელი MiG-29. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, ამის შესახებ განკარგულება პირადად ქვეყნის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამა გასცა.

Ryanair-ის თვითმფრინავთან და პრატასევიჩის დაკავებასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა მწვავე საერთაშორისო რეაქცია გამოიწვია. ევროკავშირმა და აშშ-მა პრატასევიჩისა და საპეგას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს და თვითმფრინავისთვის გეზის შეცვლას „სახელმწიფოს მიერ განხორციელებული გატაცება“ და „სახელმწიფო მეკობრეობა“ უწოდეს.

ევროკავშირის ლიდერებმა ორშაბათს შეათანხმეს სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც ბელარუსს დაუწესდება. ამასთან, ევროკავშირის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა უწყებამ ყველა ავიაკომპანიას მოუწოდა, შეწყვიტონ ბელარუსის საჰაერო სივრცით სარგებლობა. პოლონეთი იყო ევროკავშირის უკანასკნელი ქვეყანა, რომელმაც საკუთარ საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა ბელარუსის ავიაკომპანიების თვითმფრინავებს. მანამდე იგივე გააკეთა ლატვიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG