Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე: არავითარი გამოკვლევა აცრის წინ საჭირო არ არის


პაატა იმნაძე
პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აცრის წინ ანალიზების ჩატარება, მათ შორის კოვიდტესტის გაკეთებაც კი საქართველოში „ყბადაღებულ“ თემად იქცა. იგი ამბობს, რომ რომ აცრამდე გამოკვლევების ჩატარება საჭირო არ არის:

„არც ერთ გაიდლაინში, არსად მსოფლიოში არავითარი გამოკვლევა აცრის წინ საჭირო არ არის. დიდების აცრები რახან მიმდინარეობს, ყველაზე უფრო ხშირად დიდები მაინც გრიპის ვაქცინით იცრებიან ხოლმე. გახსოვთ ეხლა ვინმეს სადმე რომ გრიპის აცრის წინ რაიმე ანალიზები გაეკეთებინა ადამიანს. არა ხო?! ჩვეულებრივ ასეთი რაღაცა არ ხდება ხოლმე“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისი თქმით, ანალიზების გაკეთება წელიწადში ერთხელ კარგია, მაგრამ მისი ვაქცინაციასთან დაკავშირება არ შეიძლება:

„თუ ძალიან გინდათ, ვაქცინას რომ გაიკეთებთ, მერე შეგიძლიათ გაიკეთოთ ანალიზები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ ონლაინ, სოციალურ ქსელში ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხისას. აღნიშნული ფორმატი ძირითადად ეხებოდა „სინოვაკს“, მის ეფექტურობასა და ვაქცინაციის წესებს.

ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კონკრეტულად, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ „სინოვაკი“ მოქალაქეებს დაახლოებით 84%-ით იცავს მძიმე შემთხვებისა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისგან, თითქმის 100% კი სასიკვდილო გართულებებისგან. მისივე თქმით, „სინოვაკისთვის“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭება ივნისს არ გადასცდება.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო, პირველ ეტაპზე ამერიკული „ფაიზერის“ და ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით. მათ მაისის დასაწყისიდან დაემატა ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა, 24 მაისიდან კი "სინოვაკი".

27 მაისის მონაცემებით, ჯამურად აცრა საქართველოში 125 601 ადამიანს აქვს ჩატარებული. მათგან სრულად ვაქცინირებულია 19 392 პირი.

XS
SM
MD
LG