Accessibility links

site logo site logo

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ძალადობის ბრალდებით დააკავეს


"ნამახვანჰესის" მოწონააღმდეგეთა აქცია თბილისში

პოლიციამ თბილისში დააკავა პირი, რომელსაც ბრალად ედება „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მსვლელობისას მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ თანადამფუძნებელზე ფიზიკური ძალადობა.

შსს-ს თანახმად, დაკავებული პირი - 1986 წელს დაბადებული ა.ქ. 25 მაისს, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჰოლდინგის თანადამფუძნებელს, 1994 წელს დაბადებულ პ.გ.-ს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა დაზარალებულს სახეში დროშის ტარი ჩაარტყა.

შსს-ს მიერ დღეს, 28 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებული მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს დააკავეს.

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელმა, მალხაზ გულაშვილმა 25 მაისს, აჭარის ტელევიზიას განუცხადა, რომ მის შვილს, პაპუნა გულაშვილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც პოლიციას მიმართეს და ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც მიაწოდეს.

რიონის ხეობაში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებს თითქმის შვიდი თვეა მართავენ. 23 მაისს, მათ გუმათიდან გადაინაცვლეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე მსვლელობა გამართეს.

26 მაისს საღამოს, "რიონის ხეობის მცველები" გუმათში დაბრუნდნენ. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილი აქვთ როგორც ქუთაისიდან, ისე რაჭიდან და არ დაუშვებენ ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანია „ენკას“ სპეცტექნიკის და ავტომანქანების შესვლას, რათა კომპანიამ მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლოს.

ბოლო ორი ღამეა აქციის მონაწილეები პროტესტს გამოხატავენ პოლიციის მიერ გუმათში, რიონის ხეობისკენ მიმავალ გზაზე აღმართულ რკინის ჯებირებზე ბრახუნით. გასულ ღამით, ჯებირებს მიღმა გადასვლის მცდელობისას პოლიციამ 8 პირი დააკავა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას თავისუფლად გადაადგილების უფლების დარღვევაში ადანაშაულებენ.

27 მაისს, შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო გუმათში, "უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების" დაზიანების ფაქტზე.

"რიონის ხეობის მცველების" უპირველესი მოთხოვნაა გაუქმდეს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მიიჩნევენ და კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომაც.

საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, ქუჩაში პროტესტის ნაცვლად ჩაერთონ პროექტის ყველა დეტალის გასარკვევად შექმნილ ფორმატებში, ექსპერტების და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით. მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ფორმატებით საკითხის განხილვამდე რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG