Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნამახვანჰესი" - "კაბალური" და "უკანონო" ხელშეკრულება თუ "გააზრებული" დათმობა


ფოტო არქივიდან. საპროტესტო აქცია "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ.
ფოტო არქივიდან. საპროტესტო აქცია "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ.

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებული ვნებათაღელვა კარგა ხანია გასცდა მხოლოდ გარემოსდაცვითი წუხილების სივრცეს და დაპირისპირებამ სახელმწიფოს სამართლებრივ-ეკონომიკური ვალდებულებების ჭრილშიც გადაინაცვლა.

„რიონის ხეობის მცველები“, მათი მხარდამჭერები, მესამე სექტორის ნაწილი და გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფები „კაბალურს“ უწოდებენ სახელმწიფოს მიერ კომპანია „ენკა რინიუებლზთან“ (მანამდე შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“) სახელმწიფოს მიერ 2019 წლის აპრილში გაფორმებულ ხელშეკრულებას და ამის კიდევ ერთ დასტურად მიიჩნევენ „მთის ამბების“ მიერ 25 მაისს გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელშიც ხელშეკრულების პროექტზე იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული შენიშვნებია ასახული. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) აცხადებს, რომ შენიშვნების "აბსოლუტური უმრავლესობა" რეაგირების გარეშე დარჩა.

  • რა პასუხი აქვთ სახელმწიფო სტრუქტურებს?
  • არის თუ არა „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულება მართლაც „კაბალური“?
  • რა და როგორ გაითვალისწინა მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის მარტის დასკვნიდან?

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების ამსახველი დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს „ნამახვანიჰესის ხელშეკრულების პირობების შეუთავსებლობას სახელმწიფოს ინტერესებთან“.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში ასახული შენიშვნების დიდი ნაწილი ემთხვევა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის აქცენტებს და ჩანს, რომ სახელმწიფომ „შეგნებულად და გაცნობიერებულად“ არ გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული დასკვნა "ენკასთან" ხელშეკრულების გაფორმებისას.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობამ და სახელმწიფო სტრუქტურებმა დათმეს ჩვენი ქვეყნის საჯარო კოლექტიური ინტერესი, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი...

ხელშეკრულებაში წარმოდგენილია მხოლოდ კერძო კომპანიის ინტერესები - ის აღჭურვილია არაერთი უფლებითა და მინიმალური პასუხისმგებლობით.

ეს არის წარმოუდგენლად „კაბალური“ ხელშეკრულება... იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა "ნამახვანჰესის" ხელშეკრულებაში გათვალისწინებული არ არის“ - გვეუბნება ლინა ღვინიანიძე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ 26 მაისს გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში, რომელიც „მთის ამბების“ მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტს ეყრდნობა, ჩამოთვლილია იუსტიციის სამინისტროს არაერთი შენიშვნა, რომელიც, არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მაინც მოხვდა „ენკასთან“ დადებულ საბოლოო ხელშეკრულებაში და მაგალითად:

  • მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ფორს-მაჟორის შემთხვევაში აუნაზღაუროს ზიანი კომპანია „ენკას“ მიუხედავად იმისა, რომ მთელ რიგ შემთხვევაში ვითარებას ვერავინ აკონტროლებს - იუსტიციის სამინისტროს დასკვნაში მითითებულია, რომ მიზანშეუწონელია არაკონტროლირებადი ვითარების გამოყენება მხარის (ამ შემთხვევაში - სახელმწიფოს) "დასჯის მექანიზმად“;
  • კომპანია „ენკა“ ვალდებულებებისგან სრულად არის გათავისუფლებული პოლიტიკური ფორს-მაჟორის შემთხვევაში (მაგალითად - ომი, შეიარაღებული კონფლიქტი, ინტერვენცია, ტერორისტული კამპანია, აჯანყება, ბლოკადა, ემბარგო), მაგრამ ძალაში რჩება საქართველოს მთავრობისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ვალდებულებები;
  • სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება ევალება არა მხოლოდ „ენკას“ , არამედ პროექტის სხვა მონაწილეების და მათ შორის - კონტრაქტორების მიმართაც, რომელთა რიცხვიც თეორიულად უსასრულოდ შეიძლება გაიზარდოს;
  • ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, იქნება ეს მთავრობის თუ კომპანიის ინიციატივით, ფინანსური პასუხისმგებლობა ბოლოს მაინც სახელმწიფოს ეკისრება - იუსტიციის სამინისტრო მიუთითებს, რომ პირობები გადასახედია და მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ფინანსთა სამინისტროს პოზიცია;
  • ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კომპანიის მიერ მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდა, მაშინ, როცა, იუსტიციის სამინისტროს დასკვნით, კანონი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებასაც - „თუკი ასეთი ზიანი სახეზეა“.

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ხელშეკრულების ერთ-ერთი ხელმომწერი, სახელმწიფო ორგანიზაცია - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნასთან დაკავშირებული კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან სამინისტრო საბოლოოდ დაეთანხმა მოგვიანებით მომზადებულ კიდევ ერთ დოკუმენტს - „შეთანხმების ფურცელს“ - „იუსტიციის სამინისტროს საბოლოო თანხმობის და ვიზირების გარეშე მთავრობა ვერ გააფორმებდა საბოლოო ხელშეკრულებას“.

კონტრაქტის „მომზადებასა და შეჯერებაში“ ჩართული GEDF ასევე აცხადებს, რომ:

  • იუსტიციის სამინისტროს „ყველა სავალდებულო შენიშვნა დადებული ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულ იქნა“;
  • ხოლო „არასავალდებულო შენიშვნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დასაბუთებაზე მიღებული გადაწყვეტილება დადგა, რაც ასახულია შენიშვნების ფურცელში“.

იუსტიციის სამინისტროს 25 და 26 მაისს განცხადება საერთოდ არ გაუკეთებია. დამატებითი განმარტებების მოპოვება უწყებიდან ვერც რადიო თავისუფლებამ შეძლო. ჩვენი შეკითხვები შეეხებოდა მათ შორის - „შენიშვნების ფურცელსაც“, რომელიც 25 მაისს მედიაში გავრცელდა.

გამოქვეყნებულ დოკუმენტზე თარიღი არ არის მითითებული და ასევე:

  • დოკუმენტში იუსტიციის სამინისტროს შენიშვნების გასწვრივ არცთუ იშვიათად ვხვდებით ასეთ ჩანაწერს - „არ არის გათვალისწინებული. ინვესტორი არ ეთანხმება შემოთავაზებულ ცვლილებას“.
  • დოკუმენტში იუსტიციის სამინისტროს ზოგიერთი შენიშვნის გასწვრივ ვხვდებით ასეთ ჩანაწერსაც - "არ არის გათვალისწინებული" და „საკითხი განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საქართველოს მთავრობას“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განმარტებით, მთავრობისთვის განსახილველად გადაცემული შენიშვნები საბოლოოდ რეაგირების გარეშე დარჩა, რაზეც "ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტიც მეტყველებს".

დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტთან არსებული "ენერგეტიკის სამართლის ცენტრის" დირექტორი, მაკა ფარცვანია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ასეთი მასშტაბური და "საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი" პროექტების შემთხვევაში ინვესტორების ინტერესების გათვალისწინება სავსებით მიღებული და დასაშვები პრაქტიკაა.

ფარცვანია სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნევს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული კრიტიკის ტალღას და არც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებებს იზიარებს.

„ბუნებრივია, რა ვალდებულებებიც სახელმწიფოს აქვს აღებული, შეიცავს გარკვეულ რისკებს. მთავარია, რომ სახელმწიფოს ეს რისკები გაანალიზებული, გააზრებული აქვს და ზუსტად იცის რის ფასად მიდის დათმობაზე. მიზანშეწონილობიდან და პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე...

მაგალითად, ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი ინვესტორი წამოგვყვებოდა იმაზე, რომ პოლიტიკური (ფორს-მაჟორის) რისკები სახელმწიფოს არ ეკისრა, მაგრამ შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში პროექტი ჩავარდნილიყო... ნებისმიერი ადამიანი გეტყვით, რომ რისკის აღება ცუდია, მაგრამ ხომ უნდა ვნახოთ, რა დევს ამის საპირწონედ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაკა ფარცვანია.

ის თვლის, რომ „ძალიან უსიამოვნო ფაქტია“, როცა „ნამახვანჰესის“ პროექტის მოწინააღმდეგეები არ ელაპარაკებიან კომპანია „ენკას“, კონკრეტულ დეტალებში სიცხადის შეტანის მიზნით.

„რიონის ხეობის მცველები“ მათი პრეტენზიების ადრესატად მიიჩნევენ არა კომპანია „ენკას“, არამედ სახელმწიფოს, რომელმაც, მათი შეფასებით, ხალხის სრული იგნორირებით დაუდო ხელშეკრულება კერძო კომპანიას - რისკებისა და სარგებლის სათანადოდ აწონ-დაწონის გარეშე.

პროტესტი უკვე 210 დღეზე მეტია გრძელდება და აქციები, რიონის ხეობის გარდა, არაერთხელ გაიმართა ქუთაისში და ბოლო დღეებში - თბილისში. "რიონის ხეობის მცველებისა" და მათი მხარდამჭერების მოთხოვნაა - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის სრულად გაჩერება (მოსამზადებელი სამუშაოების ჩათვლით) და მორატორიუმის გამოცხადება.

ზოგადად ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობაში ჰესების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში „რიონის ხეობის მცველთა“ პროტესტს ბევრი ღია მოწინააღმდეგე გამოუჩნდა და მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. თუმცა ისინიც ამბობენ, რომ ხელსეკრულების გარემო საჭიროა ხელისუფლების ხალხთან მეტი კომუნიკაცია და საზოგადოებისთვის საინტერესო დოკუმენტების მაქსიმალურად გასაჯაროება.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრს“ წამოწყებული აქვს ორი სასამართლო დავა - იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების წინააღმდეგ, რადგან მას ამ უწყებებმა არ მიაწოდეს დასკვნები „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ხელშეკრულების შესახებ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ნამახვანი ჰესის პროექტის ირგვლივ არსებული უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების უკანონო გასაიდუმლოების და დამალვის პრაქტიკა და დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს, თავად დარწმუნდეს სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეში“ - აცხადებენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში".

ლინა ღვინიანიძე „ენკასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას უკანონოს უწოდებს და გვეუბნება, რომ უამრავი შეკითხვისა და ეჭვის გამო, დოკუმენტი ვერ განიხილება „ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და განვითარების“ მიზნების კონტექსტში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG