Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურჯაანის მერია 4 ახალ ჯიპს ყიდულობს


გურჯაანის მერია შეიძენს მაღალი გამავლობის 4 ჯიპს, რომელიც 2019 წელს უნდა იყო გამოშვებული და მისი გარბენი არ უნდა აღემატებოდეს 200 კილომეტრს - 4 ახალ ავტომობილში ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 250 ათას ლარი დაიხარჯება.

გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ავტოპარკის განახლება გარდაუვალ საჭიროებას წარმოადგენს, რადგან არსებული ავტომობილები მწყობრიდან არის გამოსული და ამის გამო მერიის სამსახურები დაკისრებულ მოვალეობებს ფაქტობრივად ვერ ასრულებენ.

„ახალი მანქანებით ისარგებლებენ მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ეს სამსახურები იმდენად პარალიზებული არიან, რომ ახალი მანქანები აუცილებლად სჭირდებათ. ძველი მანქანების რემონტი 2018 წლიდან დღემდე დაგვიჯდა 320 ათასი ლარი“, - განაცხადა მერმა.

„გადასახადის გადამხდელების ფულის თავხედური ხარჯვა“ - ასე აფასებს გურჯაანის მერიის გადაწყვეტილებას ახალი ავტომობილების შეძენის შესახებ ადგილობრივი ოპოზიცია. საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან“ თემურ ბუწაშვილი ამბობს, რომ მერიის ავტომობილებს ხშირ შემთხვევაში თანამდებობის პირები პირადი მოხმარებისთვის იყენებენ და ვერანაირი არგუმენტი და მიზეზი ვერ გაამართლებს მათ სურვილს, უფრო კომფორტული ავტომობილებით გადაადგილდნენ. ოპოზიციონერი დეპუტატი მერიას მოუწოდებს, სასწრაფოს გააუქმოს ტენდერი, ხოლო ახალი ჯიპების შესაძენად მობილიზებული 250 ათასი ლარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე გადაანაწილოს.

პანდემიის პირობებში ახალი ავტომობილების შესაძენად 250 ათასი ლარის დახარჯვა გაუმართლებლად მიაჩნია საჯარო სამართლის სპეციალისტს გიორგი ედიშერაშვილს. ის აუდიტის სამსახურის ბოლო ანგარიშსაც იხსენებს, სადაც წერია, რომ "გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საკმარისი იყო 7 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა, თუმცა 2018 წელს სარგებლობდა 11-ით, ხოლო 2019 წელს 18 ავტომანქანით".

ედიშერაშვილის თქმით, ახალი ავტომობილები კი არ უნდა შეიძინონ, არსებული ავტოპარკი უნდა შეამცირონ, რადგან შემცირდეს ყოველდღიური საწვავის ხარჯები.

"უკეთესი იქნებოდა, ეს თანხა წყალმომარაგებაზე დახარჯულიყო. გურჯაანში და მის სოფლებში წყლის სერიოზული პრობლემაა. ხშირად წყალი საერთოდ არ გვაქვს. ამასთან, მისი ხარისხიც არადამაკმაყოფილებელია", - ამბობს ის.

ავტოპარკის განახლება კახეთის მუნიციპალიტეტებმა ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაიწყეს.

  • 2019 წელს ლაგოდეხის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 201 ათას ლარად 5 მანქანა შეიძინეს.
  • 2019 წლის თებერვალში ახალი მანქანები იყიდეს საგარეჯოში, ყვარელსა და სიღნაღშიც, რაშიც ბიუჯეტიდან 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
  • მიმდინარე წლის თებერვალში 5 ახალი ავტომობილის შეძენა დააანონსა ახმეტის მერიამ, რისთვისაც 275 ათასი ლარის მობილიზება მოახდინეს, თუმცა მას შემდეგ, რაც თემა მედიით გაშუქდა და ამ ინფორმაციას საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, თვითმმართველობამ გადაწყვეტილება შეცვალა. მერია ახლა გეგმავს, მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი ხუთი ავტომობილის ნაცვლად იყიდოს სამი სპეცმანქანა, მათ შორის, სატვირთო და ამწე კალათი, რომლითაც ისარგებლებენ კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG