Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სინოვაკის" ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას WHO მომავალ კვირას გამოაცხადებს


"სინოვაკის" ვაქცინის ავტორიზაციაზე გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შემდეგ სამშაბათს მიიღებს, ოთხშაბათისთვის კი საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ ამავე ორგანიზაციის სხდომაზე დღეს გახდა ცნობილი.

"პასუხები ჩვენს მოთხოვნილ დოკუმენტაციაზე ამ კვირაში მოვიდა და შემდეგი კვირის სამშაბათს გვექნება გადაწყვეტილება, ხოლო ოთხშაბათს - განცხადება", - განაცხადა მარიანჯელა სიმაომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ.

ეს ის ვაქცინაა, რომლითაც საქართველოში ვაქცინაცია რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაციამდე დაიწყო.

„სინოვაკი“ ტრადიციული მეთოდით, ინაქტივრებული ვირუსის გამოყენებით შექმნილი ვაქცინაა და მისი 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება. ამ ვაქცინამ სხვადასხვა ქვეყანაში სულ მცირე, 50-54% ეფექტიანობა აჩვენა. „სინოვაკმა“ რამდენიმე მასშტაბური კლინიკური ტესტი გაიარა ბრაზილიაში, ჩილესა და თურქეთში. ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ ჯამში „სინოვაკის“ 300 მილიონ დოზაზე მეტი მიიღო.

რამდენი თვის განმავლობაშია ეფექტური „სინოვაკით“ გამომუშავებული ანტისხეულები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ასეთი მონაცემები დაზუსტებით არც სხვა ვაქცინებზე არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის განთავსება (Emergency Use Listing) ნიშნავს, რომ ვაქცინის იმპორტის პროცესი მსოფლიოში უფრო სწრაფი იქნება. ამასთანავე, ჯანმოს მიერ ავტორიზირებული ვაქცინით აცრილები ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ - მათ არ მოუწევთ ტესტის გაკეთება და კარანტინის გავლა. ეს საკითხს ევროკომისია განიხილავს.

საქართველოში „სინოვაკით“ აცრა 24 მაისს დაიწყო. ეს ერთ-ერთია ორი ვაქცინიდან, რომელიც 18-დან 55 წლამდე ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. ქვეყანაში 100 000 დოზა „სინოვაკია“ შემოსული, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობისგან დონაციის სახით გადაეცა.

„სინოვაკი“ აღიარების შემთხვევაში მეშვიდე ვაქცინა იქნება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მოხმარებისთვის განათავსა - „სინოფარმთან“, Pfizer/BioNTech, Astrazeneca, Serum, Johnson & Johnson, Moderna-სთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG