Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭყონდიდის პანსიონის თანამშრომლები მიტროპოლიტისგან ხელფასის გაზრდას ითხოვენ


ჭყონდიდის ეპარქიის სკოლა-პანსიონი
ჭყონდიდის ეპარქიის სკოლა-პანსიონი

შემცირებული ხელფასის ისევ გაზრდის მოთხოვნით მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიფიცა ჭყონდიდის ეპარქიის სკოლა-პანსიონის თანამშრომელთა ნაწილი. ორი მათგანის, მაია ცაავას და მარიამ ჟვანიას ინფორმაციით, გაფიცულია სატრაპეზოს 8 თანამშრომელი, ხელფასით უკმაყოფილონი არიან სხვებიც, თუმცა, სამსახურის დაკარვის შიშით ღიად საუბარს ერიდებიან.

გაფიცულთა თანახმად, მათი შრომის ანაზღაურება - 250 ლარი, 100 ლარით შემცირდა მას შემდეგ, რაც ეპარქიაში ახალი მღვდელმთავარი, სტეფანე კალაიჯიშვილი დაინიშნა. აქციის მონაწილეები ხელფასის გასაზრდელად სწორედ მას მიმართავენ.

გაფიცვის მონაწილე მაია ცაავას ინფორმაციით, მიტროპოლიტთან შეხვედრა მოითხოვეს, რაც ჯერჯერობით არ შესრულდა. მარიამ ჟვანიას თქმით კი, გაფიცულებმა ხელფასის მხოლოდ 44 ლარით გაზრდის დაპირება მიიღეს, რაც არ აკმაყოფილებთ: „როცა მეუფეს უთხრეს ჩვენი მოსალოდნელი პროტესტის შესახებ, სხვისი დახმარებით შემოგვითვალა - არც იმაში ვარ დარწმუნებული, ამ ადამიანმა თქვა თუ არა ეს სიტყვები, - რომ თუ ბოიკოტს აპირებენ, გააგრძელონ ბოიკოტიო. ჩვენ ამ სიტყვებმა გაგვაბრაზა, ჩვენი წყენა გამოიწვია“. ჟვანიას თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ მეუფე მზად არის მათთან შესახვედრად და იმედს იტოვებს, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

თავის მხრივ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ არ ისურვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებისთვის, აპირებს თუ არა პანსიონის თანამშრომლებთან შეხვედრას და მათთვის ხელფასის გაზრდას. „ეპარქიის სკოლა-პანსიონის საკითხი არ არის ტელევიზიის გადასაწყვეტი. ეს არის ჩვენი ურთიერთობის საკითხი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.

გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ სკოლას მხოლოდ ხელფასის გაზრდის შემთხვევაში დაუბრუნდებიან. სკოლა-პანსიონში 200-მდე მოსწავლეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG