Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოგცემთ კომენტარს, ოღონდ წესიერების ფარგლებში - ეპისკოპოსი სტეფანე მედიას შეხვდა


ჭყონდიდის ეპისკოპოსი სტეფანე, რომელიც დანიშვნის შემდეგ არაერთი გახმაურებული ჩხუბის მონაწილე გახდა, მთელი ეს პერიოდი არ ელაპარაკებოდა მედიას. დღეს მან ჟურნალისტები ეპარქიაში დაიბარა, თუმცა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ისინი "მორალურ ტერორში" დაადანაშაულა.

მედიასთან შეხვედრაზე ეპისკოპოსი კიდევ ერთხელ მოჰყვა ეპარქიაში არსებული დაპირისპირების საკუთარ ვერსიებს, დაადანაშაულა მედია ფაქტების ინტერპრეტირებასა და „მორალურ ტერორში“. მედიის შეხვედრას ესწრებოდა და მართავდა საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ჟურნალისტებს ეპისკოპოსის რეზიდენციაში მოხვედრამდე პოლიცია ამოწმებდა, იყვნენ თუ არა ისინი რეგისტრირებულთა სიაში.

„ჩვენ დღეს მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, რომ ყველას მოგცემოდათ საშუალება, მშვიდად, წყნარად დაგესვათ შეკითხვები”, - უთხრა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს, ეპისკოპოსმა სტეფანემ კი განმარტა, რომ კითხვებს უპასუხებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისე არ მოჭრიან მის პასუხებს, რომ აზრი ეკარგებოდეს მის ნათქვამს.

„არავისთან არ მაქვს არანაირი პრეტენზია, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები ხართ და არ მიიღოთ არაფერი ცუდად, მოგცემთ კომენტარს, ოღონდ წესიერების ფარგლებში.

თუ ჩვენ გვექნება შესაძლებელი ნორმალური კონტაქტისა და ურთიერთობისა, მიკერძოება თუ არ იქნება, ყველა საკითხი შეგვიძლია განვმარტოთ, კითხვებზეც შემიძლია გაგცეთ პასუხი”, - თქვა ეპისკოპოსმა სტეფანემ. ის უკმაყოფილოა იმ შეფასებებით, როგორც აღწერს მედია დაძაბულობას მის ეპარქიაში. ამბობს, რომ არც არავინ დაუსჯია და არც დაპირისპირებული მხარეები არსებობენ.

ჟურნალისტებს ეპისკოპოსის რეზიდენციაში შეცვლისას პოლიცია ამოწმებს
ჟურნალისტებს ეპისკოპოსის რეზიდენციაში შეცვლისას პოლიცია ამოწმებს

„მედია არ არის ის ორგანო, რომელიც უნდა წყვეტდეს, ვინ არის კანონიერი და ვინ უკანონო. ის უბრალოდ სიტუაციას აფიქსირებს, როგორც არის. მედია მამკობს რაღაც სიტყვებით, რომელიც აბსოლუტურად მედიისთვის შეუფერებელია. მედია რომ იყენებს ისეთ ტერმინოლოგიას, რასაც იყენებს, [მაგალითად] “ჩემი მომხრეები” [ეს არასწორია]. მე ვარ აქაური ეპისკოპოსი, მე არ მყავს მომხრეები, მყავს მრევლი. მე მოვალეობა მაქვს ასეთი, როცა ეკლესიას არ ცნობენ, პატრიარქის მიმართ არის საშინელი სიტყვები, მე იძულებული ვარ, თავშეკავებულად, დიდი შუალედებით ვთქვა, ასე არ შეიძლება და მივიღო გადაწყვეტილებები.

მედია ტეხს ერთ ამბავს, რომ მე ვიღაცეები დავსაჯე უკანონოდ. მედიამ რა იცის, მე უკანონოდ დავსაჯე თუ არა. მედიის მიერ ამის შეფასება აბსოლუტურად უაზრობაა. მედია თუ ამბობს, რომ მე უკანონოდ ვიქცევი, გამოდის მხარე ის მედია, რომელიც ამას ამბობს და მასთან საინტერესო ლაპარაკი არ გამოდის. მედია ბრალმდებელია და მასთან პასუხი უნდა ვაგო როგორც სასამართლოს წინაშე? როცა არის რამე გასარკვევი, სასამართლოს ხომ მიმართავთ? ვინც ამბობს, რომ ეკლესიაში სასამართლო არ არსებობს, კიდევ ცრუობს”, - უთხრა ეპისკოპოსმა სტეფანემ ჟურნალისტებს, თუმცა კითხვაზე, რას ფიქრობს სხვა ეპარქიებში მომხდარ დაპირისპირებებზე და იმსჯელებს თუ არა სინოდი დავითგარეჯის ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობის ფაქტზე, სადაც სასულიერო პირები ივერი მელაშვილს და „მთავარის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ან ვანის ეპისკოპოსის ქმედებაზე ჟურნალისტის მიმართ, თქვა რომ ამ ფაქტებს კარგად არ იცნობს და შესაძლოა, ისინიც მედიის მიერ მანიპულაციურად გაშუქებული შემთხვევები იყოს.

რადიო თავისუფლებას აინტერესებდა, გამოიკვლევს თუ არა სინოდი იმას, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევებში და ხომ არ იკვეთება ძალადობის ფაქტებში სასულიერო პირების ბრალეულობის საკითხი - ამ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

მეუფე სტეფანესგან ჟურნალისტებს აინტერესებდათ პასუხები ნამახვანჰესის პროტესტთან მის კავშირებზე, ვაქცინაციის პროცესსა და ეპარქიაში კონფლიქტების მოგვარებაზე. ეპისკოპოსი კონფლიქტების არსებობას არ აღიარებს, ვაქცინაციაზე ამბობს, რომ თავად, როგორც კორონავირუსგადატანილი, ჯერ აცრას არ აპირებს, მაგრამ პროცესი ნებაყოფლობითია და ვისაც უნდა, აიცრება, მრევლისთვის არაფრის მოწოდებას არ აპირებს.

ნამახვანჰესის პროტესტზე მეუფე სტეფანე იხსენებს, რომ ის იყო პირველი, ვინც თქვა, რომ ათწლეულების განმავლობაში მიწის უცხო კომპანიისთვის გადაცემა დაუშვებელია, მაგრამ გამორიცხა თავისი მონაწილეობა მიმდინარე საპროტესტო აქციებში. რადიო თავისუფლებამ მეუფე სტეფანეს ასევე ჰკითხა, რამდენად გამართლებულია რომ მან საკუთარი ძმა დანიშნა ეპარქიაში მიმდინარე „გადაბარების კომისიის” ხელმძღვანელად, რაზეც პასუხად მივიღეთ, რომ ეს არანაირ უხერხულობას არ უქმნის, რადგან მას ამ პროცესში სანდო პირი სჭირდებოდა. გადაბარების პროცესი მიმდინარეობს იმ მონასტრებში, რომელთა წინამძღვრებიც მეუფე სტეფანემ დაუმორჩილებლობისთვის დასაჯა.

ეპისკოპოსის რეზიდენცია ჭყონდიდის ეპარქიაში
ეპისკოპოსის რეზიდენცია ჭყონდიდის ეპარქიაში

ნამახვანის პროტესტი - "როდესაც კარვები დაიდგა, მე კორონავირუსი მქონდა და არაფერი ვიცოდი"

მეუფე სტეფანემ მედიას უთხრა, რომ ნამახვანჰესის პროექტის წინააღმდეგი იყო „ვარლამის გამოჩენამდე”, ჯერ კიდევ „ნაციონალების დროს” და ის უკმაყოფილო იყო არა იმიტომ, რომ ჰესების წინააღმდეგია, არამედ იმით, რომ პროცესში მოსახლეობა არ იყო ჩართული.

„ფაქტობრივად, მოსახლეობა იგნორირებული იყო და მათ მიმართ რა უნდა მომხდარიყო, უბრალოდ, ფლაერებით ელაპარაკებოდნენ. როცა ეკითხებოდნენ, მე რა მომელის, ფლაერით პასუხობდნენ.

შემდეგ, პირველ ეტაპზე იყო მხოლოდ ის, რომ ეკოლოგიური საკითხები იდგა, მერე როდესაც უკვე ვარლამი და ა.შ. შემოვიდნენ პროცესში, ეს აბსოლუტურად ჩემგან დამოუკიდებლად, არაფერი ამის შესახებ არ ვიცოდი. როდესაც კარვები და რაღაცა… მე კორონავირუსი მქონდა და არაფერი ვიცოდი, ამ საკითხში გაცნობიერებული არ ვიყავი... მე ვიყავი პირველი, რომელიც გამოვედი და დავსვი ეს საკითხი, რომ როგორ შეიძლება 99 წლით გადაეცეს რომელიმე კერძო კომპანიას ამხელა ტერიტორია. ეს იყო ჩემი ჩართულობა ამაში“.

ეპისკოპოსმა სტეფანემ მედიას უთხრა, რომ ვარლამ გოლეთიანს ბავშვობიდან იცნობს, როცა ის გიმნაზიაში სწავლობდა, მეუფე სტეფანე მისი მასწავლებელი იყო. ის ახლოს იცნობს ვარლამ გოლეთიანის მამასაც, რომელიც ლეჩხუმის ეპარქიაშია მღვდელი.

„ის, რომ მე მას [ვარლამ გოლეთიანს] ვხელმძღვანელობდე რაიმე საკითხში, აბსურდი და ტყუილია, იმიტომ, რომ მე მისი ტელეფონის ნომერიც არ მაქვს ჩაწერილი. სპეციალურად არ მინდა, რომ მე მასთან პირადი კონტაქტი მქონდეს.

მამამისთან შეიძლება რაღაც ვთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე მასთან პირდაპირი ურთიერთობა არც მაქვს, ხანდახან რაღაც დღესასწაულებზე თუ შევხვდები. მიყვარს, კარგი ადამიანია, მე მგონი მთელმა საქართველომ შეიყვარა, ისეთი ადამიანია, ზრდილობიანი და წესიერი. ჩემთვის სიამაყეა, რომ ეს ადამიანი პატრიოტი ქართველია, რომ ის მართლა მთელი გულით არის სიმართლისთვის მებრძოლი და მე არასოდეს არაფერს ვიტყვი მის საწინააღმდეგოდ”, – ამბობს სტეფანე კალაიჯიშვილი.

რა მოხდა 8 მარტს ჭყონდიდში - “გააღეს კარი, გადაცვივდნენ. უნდოდათ, ჩემთვის დაებრალებინათ”

მეუფე სტეფანემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საჭიროდ ჩათვალა, კიდევ ერთხელ და ვრცლად მოეყოლა, რა მოხდა 8 მარტს რეზიდენციაში. ამ დღეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, სასულიერო პირების სხდომის გაშუქებისას დაშავდნენ იმის გამო, რომ აივანს მოაჯირი მოტყდა და ისინი ეზოში ჩაცვივდნენ.

„იმ ტერიტორიაზე, რომელზეც შემოსვლა არ შეიძლებოდა, აივანზე, რომელიც არ არის საჯარო სივრცე, შემოიჭრა ხალხის გარკვეული ნაწილი. ხალხი, რომელიც მოყვანილი იყო იმ ადამიანების მიერ, რომლებიც კრებაზე ჩხუბობდნენ. მერე მათი ხმის აწევა და იმათი ყვირილი შეერწყა ერთმანეთს, წავიდა ფანჯრების მტვრევა, გააღეს კარი, გადაცვივდნენ. მერე უნდოდათ, რომ ეს ჩემთვის დაებრალებინათ... მე რომ არ მქონოდა შიდა კადრები, რეალურად რაც ხდებოდა, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა რამდენიმე ტელევიზიამ, ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად”, - ჰყვება ეპისკოპოსი. ის დარწმუნებულია, რომ ამ დღეს მედიამ ეპისკოპოსი შეგნებულად წარმოაჩინა როგორც „საშინელი მონსტრი და დამნაშავე“.

„სხვათა შორის, მერეც გაგრძელდა ეს ტენდენცია ჩემი მონსტრად გამოყვანისა. სინამდვილეში მხოლოდ კრება ჩავატარე, ჩემგან არ ყოფილა არავის მიმართ არანაირი აგრესია“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ. მან მედიასთან კიდევ ერთხელ ილაპარაკა იმაზე, რაზეც ჭყონდიდში ჩასვლის შემდეგ სასულიერო პირებთან ლაპარაკობდა - კერძოდ, იმაზე, რომ ჭყონდიდელ ეპისკოპოს პეტრე ცაავას ჰყავს შვილი, რომელიც დაბადებისთანავე გააშვილეს. თქვა ისიც, რომ ბიზნესმენი კლიმენტი კაკუტია, რომლის გამოჩენასაც ბზობის დღესასწაულზე ჭყონდიდში ხმაური მოჰყვა, სწორედ პეტრე ცაავას დროს იყო ეპარქიის მსხვილი შემწირველი და ის რეზიდენციაც, რომელშიც მედიას ხვდებოდა, მისი ფულით არის აშენებული.

„მისგან ყოველი ნათქვამი სიტყვა და მისი ყოველი წინადადება იყო სამარცხვინო, უტიფარი ტყუილი და თავის მართლების რეჟიმში მყოფი“, - ასე შეაფასეს მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილმა სასულიერო პირებმა.

ეპისკოპოს სტეფანეს პრესკონფერენციის შემდეგ მედიას შეხვდნენ მისგან დასჯილი სასულიერო პირებიც. ბერმა ათინოგენმა შეხვედრამდე თქვა, რომ რამდენიმე გვერდი შენიშვნები ჩამოწერა ეპისკოპოსის ბრიფინგისას.
ეპისკოპოს სტეფანეს პრესკონფერენციის შემდეგ მედიას შეხვდნენ მისგან დასჯილი სასულიერო პირებიც. ბერმა ათინოგენმა შეხვედრამდე თქვა, რომ რამდენიმე გვერდი შენიშვნები ჩამოწერა ეპისკოპოსის ბრიფინგისას.

„ყველა ეპისკოპოსი, მეუფე პეტრეს გარდა, ვინც გავიცანი, მატყუარა აღმოჩნდა”, - უთხრა ჟურნალისტებს ბერმა ათინოგენმა დღეს. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც სტეფანე კალაიჯიშვილმა ჭყონდიდში ჩასვლის შემდეგ დასაჯა. მეუფე სტეფანესგან დასჯილი პირები ამბობენ, რომ ყველა ძალადობა, რომელშიც სასულიერო პირები მონაწილეობენ, საპატრიარქოში არსებული ვითარებით არის განპირობებული და თუკი საეკლესიო სამართალი არ ამოქმედდება, ასეთი შემთხვევების რიცხვი მხოლოდ გაიზრდება.

დღესვე, ჭყონდიდის ეპარქიის შესახებ კომენტარი გააკეთა ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ, რომელმაც თქვა, რომ ეპისკოპოს სტეფანეს სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს საპატრიარქოს მხრიდან.

XS
SM
MD
LG