Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანმომ "სინოვაკს" ავტორიზაცია მისცა


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოშობის „სინოვაკი“ საგანგებო მოხმარებისთვის განათავსა (Emergency Use Listing). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა (SAGE) „სინოვაკის“ მწარმოებლისგან გამოთხოვილი დამატებითი დოკუმენტაციის ნიადაგზე დაასკვნა, რომ ვაქცინას საკმარისი ეფექტიანობა აქვს ადამიანის ვირუსისგან დასაცავად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის განთავსება ნიშნავს, რომ ვაქცინის იმპორტის პროცესი მსოფლიოში უფრო სწრაფი იქნება. ამასთანავე, ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით აცრილები ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ - მათ არ მოუწევთ ტესტის გაკეთება და კარანტინის გავლა. ეს საკითხი ევროკომისიის განხილვაშია.

„სინოვაკი“ უკვე მეშვიდე ვაქცინაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მოხმარებისთვის განათავსა - „სინოფარმთან“, Pfizer/BioNTech, Astrazeneca, Serum, Johnson & Johnson, Moderna-სთან ერთად.

საქართველოში „სინოვაკით“ აცრა 24 მაისს დაიწყო. ეს ერთ-ერთია ორი ვაქცინიდან, რომელიც 18-დან 55 წლამდე ადამიანებისთვისაა ხელმისაწვდომი. ქვეყანაში 100 000 დოზა „სინოვაკია“ შემოსული, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობისგან დონაციის სახით გადაეცა.

პირველი ჩინური ვაქცინა, რომელიც მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მოხმარებისთვის განათავსა, ჩინური „სინოფარმი“ იყო. „სინოფარმმა“ ავტორიზაცია 7 მაისს მიიღო.

XS
SM
MD
LG