Accessibility links

site logo site logo

დეკანოზი თამაზ ლომიძე: ნამახვანზე დიდი პრობლემაა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში


ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე ამბობს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში საგანგაშო მდგომარეობაა და ბავშვებს სასწრაფოდ შველა სჭირდებათ. დეკანოზი ბოლო დროის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს "ფეისბუკით" გამოეხმაურა.

"რატომ ვარ დარწმუნებული?! იმიტომ, რომ მთ. ეპისკოპოს სპირიდონ აბულაძეს ჩაკეტილი აქვს კარი კონტროლისთვის და დღემდე არ უშვებს შიგნით საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ სახალხო დამცველს და მისი კონტროლის ჯგუფს. ფაქტობრივად მთ. ეპისკოპოსი სპირიდონი სახელმწიფოს თავზე ახევს კონსტიტუციას. ეს დაუშვებელია. სახელმწიფომ არ უნდა მისცეს ამის ნება არავის, მით უმეტეს როცა ბავშვების უსაფრთხოებას ეხება საქმე...

ნამახვანზე დიდი პრობლემაა ეს ბავშვები!" - აცხადებს დეკანოზი.

იმის გამო, რომ პანსიონი ჩაკეტილია და მასში არ უშვებენ არც სახალხო დამცველს და არც ჟურნალისტებს, უძლიერებს ეჭვებს, რომ ბავშვები პრობლემურ გარემოში იზრდებიან.

"ვინაა ერთი ეპისკოპოსი, რომ სახელმწიფოს კანონს არ ემორჩილება?! მეორე მხრივ, ჩემს დაქვემდებარებაში რომ იყოს ბავშვთა პანსიონი, რატომ უნდა მქონდეს ჩაკეტილი? რა, ციხეა თუ კოლონია? რატომ არ უნდა მინდოდეს, რომ ნახოს ხალხმა, ჟურნალისტებმა, მაკონტროლებელმა ორგანოებმა, რა კარგ და ყოველმხრივ შესაფერის მდგომარეობაში მყავს ბავშვები?! თუ რამე არ მაქვს წესრიგში, მაინც უნდა მინდოდეს, რომ გავხსნა კარი და ყველას ვანახო ჩემი პრობლემა, რომ იქნებ დამეხმარონ და სასიკეთოდ შევცვალო ბავშვების მდგომარეობა", - აცხადებს ის.

დეკანოზი სახელმწიფოს მოუწოდებს, შეასრულოს თავისი მოვალეობა და აღასრულოს კანონი:

"ვუერთებ ჩემს ხმას ამ განგაშს, მიხედეთ ბავშვებს, სახელმწიფოვ, შეასრულე შენი მოვალეობა, აღასრულე კანონი, გაახსნევინე ჩარაზული კარი, დაუშვი სახალხო დამცველი და სასწარაფოდ შეამოწმებინე შენი ბავშვების მდგომარეობა ნინოწმინდის პანსიონში".

პანსიონი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დაწესებულებაში არ უშვებენ არც სახალხო დამცველს და არც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG