Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს


საქართველოში იმყოფება უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი, მთავრობის წევრებთან ერთად. დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს დილით გაიმართება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.

პრემიერ-მინისტრების, ირაკლი ღარიბაშვილის და დენის შმიგალის პირისპირ შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრით გაგრძელდება. საქართველოს და უკრაინის პრემიერ-მინისტრები ერთობლივ ბრიფინგსაც გამართავენ. ოფიციალური ვიზიტისას დენის შმიგალი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და კათოლიკოს-პატრიარქს.

„ქართული ოცნების“ მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის ურთიერთობა დაიძაბა 2020 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიშნა რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ. საქართველოს მთავრობამ მაშინ განაცხადა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა შეკითხვებს იწვევს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევიდან თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც უკრაინაში თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის აპრილში დაბრუნდა. ელჩის დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია კიევში ელჩის სასწრაფოდ დაბრუნება. 21 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტები ზელენსკი და ზურაბიშვილი შეთანხმდნენ ელჩის დაბრუნებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG