Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა-საქართველო: ძვრები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ


კიევსა და თბილისს შორის გაცივებულ ურთიერთობებში პოზიტიური დინამიკა გაჩნდა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კიევში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი; ხოლო მანამდე - შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს შორის. რუსეთის აგრესიის სამიზნე ორ ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ძლიერი ამბიცია აკავშირებს; თუმცა დღემდე ამ მხრივ ძალების რეალური გაერთიანება ვერ მოხერხდა. თბილისის მხრიდან ურთიერთობების მკვეთრი გაცივება საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა. რა შანსები აქვთ უკრაინასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე? სასარგებლოა თუ არა საქართველოსთვის უკრაინასთან ერთად მოქმედება როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან მიმართებით?

ძალების გაერთიანება

17 მაისს, კიევში, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ „ასოცირების ტრიო“ დააფუძნეს და ახლა უკვე ერთობლივი ძალისხმევით აპირებენ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „სამი სახელმწიფო ერთად უფრო ძლიერია“, - თქვა დღეს მასპინძელი ქვეყნის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ასოცირების ტრიოს“ შექმნას რამდენიმე მიზანი აქვს:

  • ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება;
  • თანამშრომლობა ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით;
  • ერთობლივი მუშაობა ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით;
  • ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფორმატში;
  • ევროკავშირთან თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით; ასევე, ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებსა და პროგრამებში შემდგომი მონაწილეობის მიმართულებებით.

მემორანდუმს საქართველოს სახელით ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, დავით ზალკალიანმა, რომელიც კიევში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით (16-17 მაისი) ჩავიდა. ის უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს ოფიციალურ პირებს შეხვდა და მათ შორის - პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალსაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ ევროკავშირთან ერთად, საუბარი ნატოში ინტეგრაციისკენ მიმართულ ძალისხმევასაც შეეხებოდა.

ძალების გაერთიანების მიზნით, იგეგმება უმაღლესი დონის ვიზიტებიც.

  • 17 მაისს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი შმიგალი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ის სტუმრად ქართველმა კოლეგამ, ირაკლი ღარიბაშვილმა დაპატიჟა დისტანციური ვიდეოსაუბრისას, მაისის დასაწყისში.
  • მანამდე, აპრილში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა უკრაინაში ჩასვლის განზრახვა - უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის დროს. ვიზიტის თარიღი არ გამჟღავნებულა.

"დაპაუზებული" ურთიერთობა

საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობაში ექსპერტები გარკვეულ პოზიტიურ დინამიკას ხედავენ მას შემდეგ, რაც ორი ქვეყნის ისედაც მოდუნებული კავშირი თითქმის ერთი წლის განმავლობაში „სრულად იყო „დაპაუზებული“, თბილისის გულისწყრომის გამო უკრაინაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.

  • თბილისმა 2020 წლის 8 მაისს მიიღო გადაწყვეტილება უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის შესახებ.
  • ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკან, კიევში 2021 წლის 21 აპრილს დააბრუნეს.
  • 2020 წლის აგვისტოში უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ანდრი ტარანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისე ეწვია, რომ მას ქართველი კოლეგის (ირაკლი ღარიბაშვილის) გარდა არავინ შეხვედრია.

„(სააკაშვილთან დაკავშირებულ) ამ საკითხზე სახელმწიფოებრივი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესების მიბმა შეცდომაა და მე ვიტყოდი - დანაშაულიც... წარმოუდგენლად მიუღებელია, რომ ერთი წლის განმავლობაში ელჩი არ გვყავდა უკრაინაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებელი, მამუკა ჟღენტი.

ბევრი სხვა ექსპერტის მსგავსად, მამუკა ჟღენტისთვისაც თვალსაჩინოა, რომ ბოლო წლებში საქართველოს საკითხმა საერთაშორისო დღის წესრიგში თანდათან უკანა პლანზე გადაიწია და ახლა უკრაინასთან ერთად, მსოფლიო ლიდერები საქართველოს მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში თუ ახსენებენ.

ჟღენტი ფიქრობს, რომ ზოგადად, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ მიერ დამკვიდრებული რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის ბრალია, მაგრამ ამ მხრივ საქართველო უკან იმ ფაქტმაც დასწია, რომ ის სათანადო ნაბიჯებს არ დგამდა უკრაინასთან ერთად.

„თუკი დღეს მიხვდნენ, რომ ეს იყო არასწორი და რაღაც ძვრები შეინიშნება, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ამას მხოლოდ მივესალმები. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ რასაც ვხედავ, არასაკმარისად მიმაჩნია... დრო ბევრი დაიკარგა და ამის კომპენსირება რთული იქნება, მით უფრო - ჯერ ისევ მოუგვარებელი შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე“, - გვეუბნება მამუკა ჟღენტი.

უკრაინის "ისტორიული ფანჯარა"

რუსეთის მხრიდან ბოლო დროს უკრაინის მიმართ გამოვლენილი მორიგი აგრესიის ფონზე და ამ ჭრილში საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის გათვალისწინებით, კიევში თვლიან, რომ უკრაინისთვის გაიხსნა შესაძლებლობის „ისტორიული ფანჯარა“ ნატოსთან დაახლოების კუთხით და ახლა კიევი მიზანმიმართულად მუშაობს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მისაღებად.

  • უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საკითხი აუცილებლად განიხილება 14 ივნისისთვის დაგეგმილი ნატოს სამიტის დღის წესრიგში. მედია ავრცელებს ვიცე-პრემიერის, ოლგა სტეფანიშინას განცხადებას, რომ „ალიანსის წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევაზე უკრაინელი დიპლომატები გასული წლიდან მუშაობდნენ“ და „ალიანსის ბევრმა წევრმა უკვე დაადასტურა, რომ უკრაინა სამიტის დღის წესრიგში იქნება“.
  • ასევე მედია ავრცელებს ოლგა სტეფანიშინას სიტყვებს, რომ ნატოს ივნისის სამიტის დეკლარაციაში „ჩადებული იქნება საფუძველი MAP-ის მისაღებად უკრაინის მომზადების მიმართულებით“.
  • პრეზიდენტმა ზელენსკიმაც გამოხატა იმედი, რომ ნატოს სამიტის მონაწილეებს ექნებათ „სიგნალი“ უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების თაობაზე.

ცხადია, უკრაინაში არავის სჯერა, რომ 14 ივნისის სამიტზე უკრაინას MAP-ს მიანიჭებენ, მაგრამ, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა 15 მაისს, „ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება“. ამავე დღეს მინისტრმა თქვა, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებთან დაწყებულია მოლაპარაკებები ნატოს „მინისამიტის“ ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის რაიმე ფორმით მონაწილეობის შესახებ.

ნატოსთვის MAP-ის მოთხოვნასთან დაკავშირებული ოფიციალური განცხადებები ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

უკრაინასთან ძალების გაერთიანებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტოლოგი ალექსანდრე კუხიანიძე - „უკრაინასთან ერთად ჩვენ ბევრად ძლიერები ვართ“. თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, უკრაინასთან ერთად თუ უკრაინის გარეშე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე წინ წასაწევად, ჯერ ბოლო პერიოდში „დაზიანებულ იმიჯზე“ მოუწევს ზრუნვა.

„ნატო მხოლოდ სამხედრო ორგანიზაცია ხომ არ არის... მისთვის უმნიშვნელოვანესია დემოკრატია, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობის გარანტი. ისინი ხედავენ, რომ დემოკრატიის განვითარება შეკითხვებს აჩენს საქართველოში...

მათთვის პრობლემაა ოპოზიციონერი ლიდერების დაჭერა და სიტყვიერი თავდასხმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე... ეს პრობლემაა. საქართველომ ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება... ნატოს ოფიცრებთან მილაპარაკია ამ თემაზე და მეუბნებოდნენ, სანამ საქართველოში სამართლიანობა და ნორმალური არჩევნების გამოცდილება არ დამკვიდრდება, ნატოში ვერ გაწევრიანდებითო“, - ეუბნება ალექსანდრე კუხიანიძე რადიო თავისუფლებას.

საქართველოში კრიზისის დასასრულებლად და განვითარების კალაპოტში ქვეყნის დასაბრუნებლად საერთაშორისო პარტნიორები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ საქართველოს პარლამენტის სრულფასოვან მუშაობას, ხალხის მიერ არჩეული ყველა პარტიის მონაწილეობით.

ასევე უკრაინაში - სააკაშვილთან

ამ ეტაპზე ჯერ ისევ გადაუწყვეტელია, შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და პარტიამ ამ საკითხის გადასაწყვეტად დაახლოებით ერთკვირიანი ვადა აიღო.

ამავე საკითხის განსახილველად, მიხეილ სააკაშვილთან კიევში ჩავიდა ციხიდან სულ ახლახან გამოსული ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია. კიევში მისი ჩასვლა დროში დაემთხვა სწორედ დავით ზალკალიანის ოფიციალურ ვიზიტს უკრაინაში.

სააკაშვილსა და მელიას შორის კიევში გამართული მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი ჯერ ისევ არ გახმაურებულა. თუმცა, სავარაუდოდ - თანხმობისა და კეთილგანწყობის ნიშნად, მათ საკუთარ ფეისბუკგვერდებზე ერთად გადაღებული ერთნაირი ფოტოები გამოაქვეყნეს.

  • მანამდე, სააკაშვილმა გამოხატა თავისი მოსაზრება - რომ ენმ პარლამენტში უნდა შევიდეს მელიას ციხიდან განთავისუფლების შემდეგ.
  • თუკი თავად ნიკა მელიას განცხადებებს გადავხედავთ, რთული ამოსაცნობი არ არის, რომ მისი პოზიციაც უფრო პარლამენტში შესვლისკენ იხრება.

პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ენმ-ის ბლოკის დეპუტატების დიდი ნაწილი პარლამენტში შესვლას ემხრობა - თუმცა არის საპირისპირო და მეტად კატეგორიული პოზიციაც.

განიხილება ინიციატივა, რომ ეს საკითხი მხარდამჭერების ჩართვით, ელექტრონული კენჭისყრის გზით გადაწყდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG