Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მაჭავარიანი სენატორების ვიზიტზე: იქნება პირდაპირი საუბარი იმაზე, რას ელიან როგორც „ოცნებიდან“, ისე ოპოზიციიდან


ვანო მაჭავარიანი
ვანო მაჭავარიანი

საქართველოს „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ საგარეო პოლიტიკური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ვანო მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ამერიკელი სენატორების საქართველოში ვიზიტისას ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იქნება ის, რას ელიან ისინი ქვეყანაში შიდადემოკრატიის განვითარების მიმართულებით:

„პრობლემური საკითხებია, საქართველოში არ ჩამოდიან, როგორც წარმატებულ ქვეყანაში, არამედ იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რომელიც გამოიწვია პოლიტიკურმა კრიზისმა და „შარლ მიშელის შეთანხმებამ“, რომელიც ამერიკელების და ევროპელების თვალსაზრისით იყო ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და პოლიტიკური დემოკრატიული განვითარება რაღაც ფორმით შენარჩუნებული ყოფილიყო“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორებისთვის კარგადაა ცნობილი ის პრობლემა, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობას ახასიათებს:

„ეს ასახულია „შარლ მიშელის დოკუმენტში“ და ამერიკელი პარტნიორები ცალსახად იზიარებენ ყველა იმ პრობლემას და განსაკუთრებით ხაზს უსვამენ, რომ ამ არჩევნებმა აჩვენა რომ ზღვარი სახელმწიფოს, პარტიას, საარჩევნო სისტემებსა და სტრუქტურებს შორის იყო სრულიად წაშლილი, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად საქართველო მართლა დემოკრატიული რეგრესის წინაშე არის და ამიტომ ამაზე ისაუბრებენ. და რა თქმა უნდა, სენატორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის რა შეიძლება გააკეთოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა, რომლის შეფასებითაც სენატორები ვიზიტისას პირდაპირ ისაუბრებენ იმაზე, რას ელიან შექმნილ ვითარებაში როგორც „ქართული ოცნებიდან“, ისე ოპოზიციიდან იმისთვის, რათა „საქართველო დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების გზაზე და არ აირიოს ქვეყანა“.

„შარლ მიშელის დოკუმენტი ძალიან კონკრეტულად განსაზღვრავს თუ რა შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა ჰქონდეს საქართველოს და საქართველოს პოლიტიკურ წრეებს და რას უნდა მიაღწიონ. რაც მთავარია „ქართული ოცნება“ არ უნდა შეეცადოს, რომ არ შეასრულოს ეს ვალდებულებები ან ისე შეასრულოს ნაწილობრივ, რომ ისევ თავის თავს მოარგოს“, - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, თავის მხრივ, ოპოზიციამაც უნდა აჩვენოს ამერიკელ სენატორებს, რომ ისინიც სანდო პარტნიორები არიან „ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლება ჩაიგდონ და პასუხისმგებლობა აიცილონ თავიდან დანარჩენ მოვლენებზე“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა „დილის საუბრებში“.

ამერიკელი სენატორები, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი რობერტ პორტმანი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდნენ. ორი დღის განმავლობაში ისინი გამართავენ შეხვედრებს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. სენატორები ჯინ შაჰინი და რობერტ პორტმანი 3 ივნისს დილით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე რაიონში ჩავიდნენ, სადაც მათ მეგზურობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა გაუწიეს. ამერიკელმა სენატორებმა საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობა სოფელ ზემო ნიქოზიდან დაიწყეს.

ამერიკელი სენატორები თბილისს ესტუმრნენ კიევიდან, სადაც უკრაინის ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სენატორებმა უკრაინას მოუწოდეს დემოკრატიის განსამტკიცებლად რეფორმების გაგრძელებისკენ და რუსეთის აგრესიის ფონზე მხარდაჭერა გამოუცხადეს. უკრაინაში ვიზიტამდე ამერიკელი სენატორები იმყოფებოდნენ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, სადაც ბელარუსის ოპოზიციის დევნილ ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG