Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორების მისია - ორპარტიული გზავნილები მოკავშირეთა გასამხნევებლად


სენატორი რობერტ პორტმანი (მარჯვნიდან მეორე), ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია, სენატორი ჯინ შაჰინი (მარცხნივ) და სენატორი კრისტოფერ მერფი (მარჯვნივ) ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სენატორი რობერტ პორტმანი (მარჯვნიდან მეორე), ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატი, სვიატლანა ციხანოუსკაია, სენატორი ჯინ შაჰინი (მარცხნივ) და სენატორი კრისტოფერ მერფი (მარჯვნივ) ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა, კრისტოფერ მერფიმ და რობერტ პორტმანმა ლიეტუვაში პირველი გაჩერებით დაიწყეს თავისი ტურნე, რომლის ფარგლებში ისინი დევნილობაში მყოფი ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატს, სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდნენ.

ვინაიდან ამერიკელ სენატორებს დარჩენილ ორ დღეში წინ ელოდათ უკრაინასა და საქართველოში ჩასვლა, ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან შესახვედრად მათ ვილნიუსის აეროპორტი აირჩიეს. ერთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ აეროპორტის შენობაშივე გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელზეც ხაზი გაესვა ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ გადამჭრელი მოქმედების აუცილებლობას.

1 ივნისს, უკრაინაში ჩასვლისას, სენატორმა შაჰინმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათი მიზანია აშშ-ის პარტნიორებს აჩვენონ ორპარტიული მხარდაჭერისადმი ერთგულება რუსული აგრესიის წინააღმდეგ და რეფორმების გაგრძელების საკითხში.

უკრაინის შემდეგ სენატორების დელეგაცია თავის ტურნეს დაასრულებს საქართველოში, სადაც ასევე გააჟღერებს ორპარტიულ გზავნილს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.

იმ ფონზე, როდესაც ნატოს მოახლოებულ სამიტზე საქართველო და უკრაინა კვლავ ვერ მიიღებენ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას (MAP), ხოლო კიევისათვის უსიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ჯო ბაიდენის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის მშენებლობის გაგრძელებაზე სანქციების გაუქმება, ანალიტოკოსების თქმით, სამი სენატორის ვიზიტი ლიეტუვაში, უკრაინასა და საქართველოში აშშ-ის იმიჯის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

რეჟიმების მიმართ „მოქმედების დრო“ დადგა

ისინი მზად არიან შემოიღონ მეოთხე და განიხილონ სანქციების მეხუთე პაკეტი [ბელარუსის მიმართ], შეწყვიტონ მოლაპარაკება [ალიაქსანდრ ლუკაშენკას] რეჟიმთან
სვიატლანა ციხანოუსკაია

უკრაინასა და საქართველოში ვიზიტამდე აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის - სენატის - დელეგაცია ჩავიდა ლიეტუვაში, სადაც ისინი დევნილობაში მყოფ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, შეხვდნენ.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან დემოკრატი სენატორები ჯინ შაჰინი და კრისტოფერ მერფი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი რობერტ პორტმანი, რომელმაც ილაპარაკა ბელარუსის მოსახლეობის ორპარტიულ მხარდაჭერაზე და განაცხადა, რომ აშშ მზად არის სექტორალური სანქციების დაწესებისთვის, რათა შეაჩეროს ლუკაშენკას რეჟიმის „ძალმომრეობა და უკანონობა“.

ვილნიუსის აეროპორტში გამართული ერთსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს ბელარუსი ხალხის ორპარტიული მხარდაჭერისთვის.

„თვითმფრინავის (კომპანია „რაინეარის“ კუთვნილი) შეპყრობის მომენტიდან (23 მაისი) ყველა საერთაშორისო პარტნიორისაგან ჩვენ გვესმის ერთი და იგივე სიტყვები, მაგრამ განცხადებების დრო წავიდა. დადგა მოქმედების დრო. ისინი მზად არიან შემოიღონ მეოთხე და განიხილონ სანქციების მეხუთე პაკეტი [ბელარუსის მიმართ], შეწყვიტონ მოლაპარაკება [ალიაქსანდრ ლუკაშენკას] რეჟიმთან, მოახდინონ მისი სრული ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლირება და, იმავდროულად, გააძლიერონ ბელარუსების დახმარება“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ 1 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტში მოხსენების წასაკითხად ამერიკელმა სენატორებმა ციხანოუსკაია ივნისის თვეში ვაშინგტონში მიიწვიეს. საუბარი შეეხო ასევე ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის შესაძლო მონაწილეობას 11-13 ივნისს დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტში. როგორც ირკვევა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს ამ ინიციატივას.

პრეზიდენტი ბაიდენი ძალიან მკაფიოდ ილაპარაკებს ვლადიმირ პუტინთან, თუ რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი საქციელი.
ჯინ შაჰინი

ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ სამიტის შემდეგ იგეგმება ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რასაც ციხანოუსკაიამ უწოდა მნიშვნელოვანი და წინადადება წამოაყენა, რომ ამ შეხვედრისთვის მომზადდეს ბელარუსის დემოკრატიული ძალების ერთიანი პოზიცია.

აშშ-ისა და რუსეთის სამიტზე ჯო ბაიდენის მხრიდან მკაფიო გზავნილებს ელოდება დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, რომელმაც ტელეკომპანია „სი-ენ-ენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაიდენ-პუტინის უმაღლესი დონის შეხვედრა განსხვავებული იქნება წინანდელი, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის ჰელსინკის შეხვედრისგან.

„მე დარწმუნებული ვარ და ჩვენ ამას დავინახავთ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ძალიან მკაფიოდ ილაპარაკებს ვლადიმირ პუტინთან, თუ რა არის მისაღები და რა არის მიუღებელი საქციელი. ჩვენ ყველანი ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა აგოს პასუხი ისეთი ქმედებისათვის, რომელიც მიუღებელია ცივილიზებული ქვეყნებისათვის“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.

შეტევა თავისუფალ მედიასა და დისიდენტებზე

ამ დღეებში რუსეთმა ამგვარი საქციელის რამდენიმე სახიფათო მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ მსოფლიოს.

რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა 1 ივნისს სანკტ-პეტერბურგის აეროპორტ პულკოვოში თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეი პივოვაროვი.

„არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თანაც, არა მოსკოვში, არამედ რუსეთის დედაქალაქიდან შორს, კრასნოდარში.

2 ივნისს კი რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დმიტრი გუდკოვი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს. ის ეჭვმიტანილია სისხლის სამართლის დანაშაულში მუხლით „ქონებრივი ზიანის მიყენება მოტყუების ან ნდობის ბოროტად გამოყენების გზით“. ის წინასწარი დაკავების საკანში დარჩება, სანამ სასამართლო გადაწყვეტს სასჯელის ზომას.

სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით გუდკოვს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამავე დანაშაულის ეჭვის გამო დააკავეს პოლიტიკოსის დეიდა, ირინა ერმილოვაც.

პოლიტიკოსებისა და დისიდენტების გარდა, რუსეთში სასტიკად იდევნება დამოუკიდებელი მედია „უცხოეთის აგენტის“ შესახებ მიღებული სადავო კანონის ძალით, რომელიც სულ უფრო ხშირად გამოიყენება რუსულენოვანი მედიასაშუალებების, მათ შორის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) წინააღმდეგ.

შესაბამისად, ერთ-ერთი მესიჯი, რომელიც ჯერ ლიეტუვაში, შემდეგ კი უკრაინაში სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს 2 ივნისს მოისმინეს ამერიკელმა სენატორებმა, ვაშინგტონის მხრიდან სწორედ სიტყვის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას შეეხებოდა.

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა კიევიდან ჩართვისას „სიენენთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-მა უნდა უზრუნველყოს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საქმიანობის მხარდაჭერა ბელარუსსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.

„ამ შეხვედრის დროს ერთ-ერთი ძირითადი მესიჯი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, შეეხებოდა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა განაგრძოს ისეთი საქმიანობის მხარდაჭერა, როგორსაც ეწევა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, რომელიც ფაქტებზე დაფუძნებულ და რეალურ ინფორმაციებს ავრცელებს ბელარუსსა და აღმოსავლეთის ევროპის სხვა ქვეყნებში. ასე რომ, როდესაც მე აშშ-ში დავბრუნდები, ჩემი ამოცანა იქნება მოლაპარაკებების გამართვა სხვადასხვა კომეტეტებსა და კონგრესში, რათა დავრწუნდეთ, რომ დამატებითი დახმარება ექნებათ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ისეთი ქვეყნები, როგორიც ბელარუსია. მათ სჭირდებათ ოფისების მოწყობა და ლიტვა და პოლონეთი მათ ამაში ძალიან ეხმარება. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მათ აქვთ ჩვენი მხარდაჭერა, ხოლო მათ უნდა იცოდნენ, რომ აშშ იმისთვისაა, რომ შეეცადოს უზრუნველყოს მათი საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

მაისის თვეში სასამართლოს აღმასრულებლებმა დაიწყეს მოსკოვში რადიო თავისუფლების ბიუროს ქონების დაყადაღება და მოითხოვეს აღჭურვილობის სია, რომელიც პოტენციურად შეიძლება ჩამორთმეულ იქნეს კომპანიისთვის. აღმასრულებლებმა ასევე სასამართლოსგან მიიღეს ორდერი, დააყადაღონ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების საბანკო ანგარიშები მოსკოვის ბანკში.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ „უცხოეთის აგენტის“ სიას უმატებს საინფორმაციო ვებსაიტ VTimes-ს, რომელიც გაზეთ „ვედომოსტის“ ყოფილმა თანამშრომლებმა დააარსეს. უფრო ადრე „როსკომნადზორმა“ სიაში შეიტანა ვებსაიტი „მედუზაც“.

რუსეთის კანონმდებლობა ე.წ. „უცხოეთის აგენტის“ შესახებ 2012 წელს მიიღეს და მას მერე ის რამდენჯერმე განახლდა.

ამ კანონმდებლობით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დახმარებას და რომლებიც, მთავრობის აზრით, პოლიტიკურ საქმიანობაში არიან ჩართული, რეგისტრაციაში უნდა გატარდნენ, როგორც „უცხოეთის აგენტები“ და აუდიტი გაირონ.

ამ კანონში მოგვიანებით შეტანილი ცვლილებების სამიზნე გახდა უცხოეთის მედიაც - მათ შორის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, ექვსი სხვა რუსულენოვანი საინფორმაციო სამსახური და რუსულენოვანი ტელეარხი Current Time-ი.

კიევის მთავარი მესიჯი და იმედგაცრუება

სამი სენატორის ვიზიტი უკრაინაში, საქართველოსა და ლიეტუვაში მიმართულია აშშ-ის, როგორც არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოკავშირის, იმიჯის გაძლიერებისკენ იმ პირობებში, როდესაც საქართველო და უკრაინა ნატოს სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) ვერ მიიღებენ...
ევჰენ მაგდა

ლიეტუვის შემდეგ კიევში გამართული შეხვედრების დროს სენატორმა ჯინ შაჰინმა გაიმეორა ის მესიჯი, რომელიც მაისის დასაწყისში უკრაინაში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, გააჟღერა ქვეყნის ხელისუფლებასთან შეხვედრაზე: უკრაინის მიერ დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძირითადი რეფორმების გაგრძელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცე პარტნიორობისთვის და რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

რუსულ აგრესიასა და უკრაინისათვის ახალ სამხედრო დახმარებას შეეხებოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანთან ამერიკელი სენატორების 2 ივნისის შეხვედრა.

რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში რესპუბლიკელმა სენატორმა რობერტ პორტმანმა აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ რა ტიპის შეიარაღება ესაჭროება უკრაინას უფრო ეფექტიანი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ მოვისმინეთ ეს ინფორმაცია და გადავცემთ მას კონგრესსა და თეთრ სახლს“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა რობერტ პორტმანმა, რომელსაც დეტალებზე არ უსაუბრია.

უკრაინელი ანალიტიკოსები სენატორის ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებენ იმ ფონზე, როდესაც უკრაინის ხელისუფლებაში შეიმჩნევა აშკარა უკმაყოფილება განსაკუთრებით ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შერბილების გამო.

„ჩემი აზრით, სამი სენატორის ვიზიტი უკრაინაში, საქართველოსა და ლიეტუვაში მიმართულია აშშ-ის, როგორც არაერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მოკავშირის, იმიჯის გაძლიერებისკენ იმ პირობებში, როდესაც საქართველო და უკრაინა ნატოს სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP) ვერ მიიღებენ, ხოლო ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, სანქციები მოხსნოდა კომპანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2 AG“-ს (Nord Stream AG) უსიამოვნო სიურპრიზი, მე ვიტყოდი, ცივი შხაპი აღმოჩნდა არა მხოლოდ ოფიციალური კიევისათვის, არამედ ასევე ვარშავისა და ბრატისლავისათვის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ევჰენ მაგდამ, კიევში მდებარე „მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა.

22 მაისს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, თქმით, მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა არ გამოიყენოს სანქციები "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენთან მიმართებით, რადგან პროექტი თითქმის დასრულებულია, ხოლო სანქციები ზიანს მიაყენებდა ურთიერთობას ევროპელ მოკავშირეებთან.

სახელმწიფო დეპარტამენტი მაშინ აცხადებდა, რომ გაზსადენის უკან მდგომი რუსული კომპანია, Nord Stream 2 AG, და მისი გერმანელი აღმასრულებელი დირექტორი, მატიას ვარნინგი, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია, დგამდნენ ნაბიჯებს, რომლებიც სანქციებს იმსახურებდა. მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები არ გამოიყენა, აშშ-ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

სანქციების გამოუყენებლობას ვაშინგტონში კრიტიკა მოჰყვა როგორც რესპუბლიკელებისგან, ისე დემოკრატების ნაწილისგან.

2 ივნისს უკრაინაში მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ კონგრესში არსებობს ორპარტიული წინააღმდეგობა გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მიმართ და ის და მისი კოლეგები ამ წელიწადში დამატებითი სანქციების მიღებას იმედოვნებენ.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საშიშროებას წარმოადგენს უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. იგი რუსეთს ხელში აძლევს იარაღს, რომელსაც იგი ევროპის წინააღმდეგ გამოიყენებს. ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ გზების ძიებას, რათა წინ აღვუდგეთ „ჩრილოეთის ნაკად 2-ის“ მშენებლობის დასრულებას და გაზსადენის ამოქმედებას“, განაცხადა ჯინ შაჰინმა.

თუმცა რამდენად მოახერხებენ სენატორები 95 %-ით დასრულებული გაზსადენის ამოქმედების დაბლოკვას, ძნელი სათქმელია.

გერმანიის მედია 31 მაისს იტყობინებოდა, რომ კანცლერმა ანგელა მერკელმა ორი მაღალი რანგის თანაშემწე გაგზავნა ვაშინგტონში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე კომპრომისული შეთანხმების მისაღწევად ევროპაში ჯო ბაიდენის მოგზაურობის წინ, რომელიც ივნისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

მესიჯები „ფრონტისპირა ქვეყნისთვის“

უკრაინიდან 2 ივნისს ამერიკელი სენატორები გაემგზავრებიან საქართველოში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისინი 4 ივნისამდე დარჩებიან.

28 მაისს აშშ-ის საელჩომ საქართველოში განაცხადა, რომ სენატორები გააჟღერებენ ორპარტიულ გზავნილს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მხარში უდგას ქვეყნის დემოკრატიის გასაძლიერებლად.

„საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და მე ვფიქრობ, ისინი დაინტერესებული არიან, რას აკეთებს საქართველო და რამდენად ძლიერი რჩება მისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

სხვათა შორის, სენატორი ჯინ შაჰინი, თავის კოლეგებთან, ჯიმ რიშსა (რესპუბლიკელი, აიდაჰო) და რონ ჯონსონთან (რესპუბლიკელი, ვისკონსინი) ერთად, არის თანაავტორი იმ ორპარტიული რეზოლუციისა, რომელიც მათ 22 აპრილს წარუდგინეს სენატს.

დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების სრულ განხორციელებას პოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელად და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ აშშ საქართველოს მხარს უჭერს დემოკრატიისკენ სვლაში, მათ შორის სასამართლო და საარჩევნო რეფორმების თვალსაზრისით.

2 ივნისს საქართველოში ჩამოსული ამერიკელი სენატორები შეხვდებიან მთავრობის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ლიდერებს. ელჩ დეგნანის თქმით, სენატორების შეხვედრების ფოკუსში იქნება განგრძობადი რუსული აგრესია და საქართველოს ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია.

ამერიკელი სენატორების ვიზიტამდე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) 2022 წლის ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხიდან საქართველოსთვის სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით სულ მცირე 120 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითხოვს.

სხვა მიმართულებების გარდა, ბიუჯეტის დასაბუთების დოკუმენტის თანახმად, რომელიც 28 მაისს გამოქვეყნდა, საქართველო უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმღებადაც დასახელდა, როგორც რუსული გავლენების წინააღმდეგ მებრძოლი „ფრონტისპირა ქვეყანა“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG