Accessibility links

site logo site logo

ეროვნული ბანკი იაგო ხვიჩიას პასუხობს


კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება პარტია „გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებას. სებ-ი ხვიჩიას ადანაშაულებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის განხილვის დროს დამახინჯებულ ინფორმაციის გავრცელებაში.

„ციტატა, რომელიც ბატონმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიშიდან პარლამენტში წაიკითხა, აღწერდა შემოდგომაზე მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას არსებულ ეკონომიკურ გარემოს და არა კონკრეტულად ინფლაციის მიზეზებს. შესაბამისად, ბატონი იაგო ხვიჩიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს წლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომმა განსაზღვრა, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებთან დაკავშირებით კი წლიურ ანგარიშში, იმავე ციტატის წინა აბზაცში, ცალსახად არის განმარტებული ინფლაციის ზრდის მიზეზები: „...თუმცა კორონავირუსის მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შოკმა ინფლაციის ტრაექტორია შეცვალა. ინფლაციასთან დაკავშირებული ცვლილებები პანდემიის შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიწოდების ჯაჭვების დროებით მოშლას, პანდემიის თანმდევი გაზრდილი ხარჯების საბოლოო ფასში ასახვასა და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებას უკავშირდებოდა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც ეროვნული ბანკი აღნიშნავს, დეპუტატმა რეგიონის ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებლებზე საუბრისას „სრულიად არარელევანტური, სხვადასხვა პერიოდის მონაცემები შეადარა". განცხადებაში ნათქვამია, რომ იაგო ხვიჩიას განცხადებით, სომხეთსა და აზერბაიჯანში წლიური ინფლაცია 3.7%-ს და 2.8%-ს შეადგენდა. „აღნიშნული არა მიმდინარე მონაცემები, არამედ 2020 წლის დეკემბრის მაჩვენებლებია და, თუ ამ პერიოდზეა საუბარი, ანალოგიურ პერიოდში საქართველოში ინფლაციის დონე 2.4% იყო. სწორი ინფორმაციის მისაცემად აუცილებელია მონაცემების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარება", - აცხადებს სებ-ი.

გუშინ "გირჩის" ლიდერმა და პარლამენტის წევრმა იაგო ხვიჩიამ უტიფრობა უწოდა ეროვნული ბანკის განმარტებას ქვეყანაში მაღალი ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე.

"[როგორც თქვენ აღნიშნავთ] საქართველოში ინფლაცია 2020 წელს, რომლის ერთ-ერთი მიზეზი არის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარი ვითარება, არის 7 პროცენტზე მაღალი. სომხეთში - 3,7%-ია, აზერბაიჯანში 2,8%. ანუ ამ ორმა ქვეყანამ ომი გადაიტანა, ჩვენ ამათი ომის გამო ინფლაცია დაგვეწყო, მაგრამ ჩვენი ინფლაცია უფრო მეტია, ვიდრე ომის მონაწილე ქვეყნებში... თქვენ ამაში არაფერი არანორმალური არ გგონიათ - თურმე სიგიჟის გჯერათ... ასეთი უტიფრობით, რომ თურმე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი საქართველოს ინფლაციაზე ახდენს გავლენას და არა საკუთარ ქვეყნებზე, ეს რომ მოგყავთ - ამაზე მეტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმისთვის, რომ დღის წესრიგში დადგეს გადადგომის საკითხი, თქვენი ზღვარი რა არის?.." - ჰკითხა იაგო ხვიჩიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

იაგო ხვიჩიას ამ კითხვას კობა გვენეტაძემ მხოლოდ შეხსენების შემდეგ უპასუხა.

"მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რომელიც გაწერილია კანონით... რაც კანონში არის, ის კეთდება. მე არ ვიცი, თქვენთან სამეფოში რა წესებია... ეროვნულმა ბანკმა, ორგანიზაციამ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, გაატარა სწორი მაკროეკონომიკული ნაბიჯები, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელსაც აქვს ექსპერტიზა ამ მიმართულებით, შეაფასა სწორ პოლიტიკად... შედეგი ბევრი მიმართულებით გაკეთდა და კიდევ უფრო მეტი გაკეთდებოდა, რომ არ ყოფილიყო გამოწვევები... ამ პირობებშიც კი [პანდემია], მაშინ, როდესაც მოხდა ეკონომიკის ვარდნა, ფინანსურმა სისტემამ გაუძლო".

გუშინვე "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა თქვა, რომ არასრულად უპასუხა ხვიჩიას კითხვებს გვენეტაძემ და დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა, გადადგებოდა თუ არა მაღალი ინფლაციის შემთხვევაში მაინც. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნებოდა ინფლაციის მიზეზზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG