Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დასაჯეთ მოძალადეები" - პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონის საქმეების გამოძიებას ითხოვენ


"დასაჯეთ მოძალადეები", "ანაფორმა იმუნიტეტი არაა", "დავასრულოთ ბავშვების ტყვეობა" - ეს არის მთავრი მოთხოვნები, რომლითაც საქართველოს პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო ძალადობისა და სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიებას ითხოვენ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ მსგავსი საქმეების გამოძიება დაწყებულია, თუმცა უცნობია, რა შედეგები დადგა.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ.

"სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე", - აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის აპარატი ამ ეტაპზე ამ საქმეებზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობს. როგორც მეუფე სპირიდონ აბულაძემ საპატრიარქოს ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, პანსიონში ამ ეტაპზე 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. იქ ამ დრომდე არ უშვებენ სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

XS
SM
MD
LG