Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის რეჟიმი თავისი პატიმრის მორიგ "აღიარებას" ავრცელებს


ბელარუსის სახელმწიფო ტელეკომპანია ОНТ-მ აჩვენა საათნახევრიანი ინტერვიუ ოპოზიციონერ ბლოგერთან, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილ მთავარ რედაქტორთან რამან პრატასევიჩთან, რომელიც ისევ "აღიარებს" მასობრივი არეულობების ორგანიზებას და ამბობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს.

3 ივნისს, საღამოს ნაჩვენებ ინტერვიუში პრატასევიჩი აკრიტიკებს ოპოზიციას და მის ერთ-ერთ ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას, ამბობს, რომ ოპოზიციით იმედგაცრუებულია, აღარ სურს პოლიტიკური საქმიანობა და პატივს სცემს ლუკაშენკას.

ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხი არ აკონკრეტებს, სად და რა პირობებში ჩაიწერა ინტერვიუ. რამან პრატასევიჩი 23 მაისიდან იმყოფება მინსკის ერთ-ერთ იზოლატორში.

ბლოგერის მამა დმიტრი პრატასევიჩი დარწმუნებულია, რომ ინტერვიუ წამების შედეგია და არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ფსიქოტროპული პრეპარატების ზემოქმედების ქვეშაც იმყოფება. პრატასევიჩის „აღიარებას“ ძლიერი ზეწოლის შედეგად აფასებს უფლებადაცველი ორგანიზაცია Вясна. ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას შტაბშიც განაცხადეს, რომ ინტერვიუ ბლოგერის წამების შედეგია.

რამან პრატასევიჩის ოჯახი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ყურადღებას ამახვილებენ იმ კადრებზე, სადაც შენიღბვის მცდელობების მიუხედავად, ბლოგერის სახესა და ხელებზე ჩანს ჩალურჯებული ადგილები.

23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა, ბორტზე ბომბის არსებობის შეტყობინების საბაბით მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ლაინერში იმყოფებოდა ოპოზიციონერი ბლოგერი რამან პრატასევიჩი. შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა. პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს.

ბელარუსის რეჟიმმა ოპოზიციონერი ბლოგერის "აღიარებითი ჩვენება" 24 მაისსაც გაავრცელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG