Accessibility links

site logo site logo

ინსპექტორი შეისწავლის ნინოწმინდის პანსიონატის ბენეფიციარი ბავშვების ჩანაწერების გავრცელებას


ნინოწმინდის პანსიონატის შესახებ განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. მან დაიწყო ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის შესწავლა. „ფეისბუკის" გვერდზე, რომელზეც წლების განმავლობაში ქვეყნდება მთავარეპისკოპოს სპირიდონის საქმიანობა, დღეს, 4 ივნისს გამოქვეყნდა ბენეფიციარი ბავშვების ამსახველი ვიდეოკადრები.

ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლბებისთვის“ იურისტის ანა არგანაშვილის შეფასებით, „ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან გავრცელებულ ყველა ვიდეოში ხდება ბავშვებზე ძალადობა: ბავშვებს ეკითხებიან, გინდა თუ არა აქედან წასვლა, ბავშვები ტირიან და არიან უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ“. როგორც ის აღწერს, „ბავშვებს აპირისპირებენ სოციალურ მუშაკებს და მშობელს და ატირებენ, ეს არის არაადამიანური მოპყრობა“.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ „სოციალურ ქსელში ვრცელდება ბავშვთა სახლის ბენეფიციარების ამსახველი ვიდეოჩანაწერები, სადაც არასრულწლოვნები სრულად არიან იდენტიფიცირებადი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო აღნიშნული ფაქტის - ბავშვთა სახლის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხის - შესწავლა. ბავშვების, მით უფრო, ბავშვთა სახლის ბენეფიციარების კონფიდენციალობის დარღვევამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქიკას, მის განვითარებას, სოციალურ ურთიერთობებს და მომავალ ცხოვრებას; გამოიწვიოს ბავშვის ღირსების შელახვა, მისი სტიგმატიზაცია, ბულინგი, დისკრიმინაცია და ნეგატიური გავლენა მის ემოციურ მდგომარეობასა და განვითარებაზე“.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, მედიას, გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები და თავი შეიკავონ ამ ჩანაწერების შემდგომი გავრცელებისა და გასაჯაროებისგან.

„ფეისბუკზე“ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი. მან სახელმწიფო უწყებებს დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდა.

„გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს, აქვთ თუ არა სურვილი დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG