Accessibility links

site logo site logo

FBI იძიებს გამომძალველი პროგრამებით განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, რომელთაგან ბევრი რუსეთს უკავშირდება


გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელმა, კრისტოფერ რეიმ ამერიკელები გააფრთხილა ე.წ. გამომძალველი პროგრამებით განხორციელებული კიბერთავდასხმების შესახებ - მისი თქმით, მისი სააგენტო ამჟამად იძიებს ამ მავნე სოფტვერის 100-მდე ტიპს, რომელთაგან ბევრის კვალი რუსეთამდე მიდის. რეი Wall Street Journal-ს 4 ივნისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ეუბნება, რომ ამ 100-მდე ვარიანტიდან ყველა იყო გამოყენებული აშშ-ზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში.

რეის განცხადებებს წინ უძღოდა გამომძალველი პროგრამების მიერ ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის გადამამუშავებელი კორპორაციის, JBS-ის მუშაობის შეფერხება. თეთრი სახლი ამ კიბერთავდასხმას უკავშირებს რუსეთში განთავსებულ ჯგუფს. მანამდე ასეთივე პროგრამით თავდასხმა განხორციელდა მილსადენ Colonial Pipeline-ზე, რომელმაც რამდენიმე დღით შეაფერხა საწვავის მიწოდება აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში. აშშ-ის ოფიციალური პირების თანახმად, ამ თავდასხმის უკან იდგა რუსეთთან კავშირების მქონე ჯგუფი.

რეის თქმით, პრობლემის მასშტაბი დიდია და ქვეყანა მას უნდა გაუმკლავდეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ამ თავდასხმებში რუსეთის მონაწილეობის იდეა აბსურდულია და წარმოადგენს პრობლემების გამოწვევის მცდელობას, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან 16 ივნისს დანიშნული სამიტის წინ. პუტინის სიტყვებს სააგენტო ტასი ავრცელებს.

ე.წ. გამომძალველი პროგრამით განხორციელებული თავდასხმისას მსხვერპლის მონაცემები კოდირებული ხდება, რაც შეუძლებელს ხდის ფაილების და სისტემების გამოყენებას. ბოროტმოქმედები შემდეგ ფულს ითხოვენ ხოლმე კოდის მოხსნის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG