Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის არაფერს აკეთებს


ცხინვალი
ცხინვალი

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. რუსეთიდან დე ფაქტო რესპუბლიკაში 2000 დოზა „სპუტნიკ-ვ“ შეიტანეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი თერაპევტის, თამარა სანაკოევას, ინფორმაციით, 5 მაისიდან დღემდე ვაქცინაციის წინ ტესტი ანტისხეულებზე 587-მა ადამიანმა ჩაიტარა.

”კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით, 587 ადამიანიდან ვაქცინაციას ექვემდებარებოდა 153 ადამიანი, მათგან 129 პირი უკვე აცრილია. დანარჩენებს ანტისხეულები აქვთ და აცრა ჯერჯერობით არ ჭირდებათ“, - ციტირებს თამარა სანაკოევას საინფორმაციო სააგენტო" რესი".

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარი სანიტარიული სამსახურის მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა რაოდენობამ შეადგინა 3,343 ადამიანი, საიდანაც 3,330 გამოჯანმრთელდა, 13 ჯერ კიდევ მკურნალობს.

ჯანდაცვის სამინისტროს შევთავაზე ინფორმაციული კამპანიის ორგანიზება, მაგრამ სამინისტრომ არ მომისმინა...
ალექსანდრ პლიევი

ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის რეგისტრირებული მოსახლეობიდან, 54 ათასიდან, დაახლოებით, 33 ათასი ადამიანი მუდმივად ადგილზე ცხოვრობს - დანარჩენები მუშაობენ ან სწავლობენ რუსეთში და სახლში პერიოდულად ჩადიან. აქედან გამომდინარე, დე ფაქტო მოსახლეობის, დაახლოებით, 10 %-ს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი.

სტატისტიკა არასრულია. ბევრმა პაციენტმა მკურნალობა ბინაზე ისე ჩაიტარა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს არც მიმართა, ზოგმა კი ინფექცია უსიმპტომოდ გადაიტანა და ვერც მიხვდა, რომ ინფიცირებული იყო.

მაისის დასაწყისში დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე პლიევმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ასეთი თვითმკურნალობა მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარმა ჩაიტარა. ამ განცხადებას დე ფაქტო ხელისუფლებაში ეჭვის თვალით შეხედეს, თუმცა ახლა იკვეთება, რომ პლიევი მართალი იყო. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, კლინიკაში მისული 587 პირიდან, რომლებსაც ვაქცინაციის სურვილი ჰქონდათ, მხოლოდ 26 პროცენტი აღმოჩნდა ისეთი, რომ არ ყოფილა ინფიცირებული, 74 პროცენტს კი ანტისხეულები აღმოაჩნდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ვირუსი შეუმჩნევლად გადაიტანეს. ალექსანდრ პლიევი აცხადებს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და არ ატარებს საინფორმაციო კამპანიას.

ქალაქში უკვე ვეღარ ნახავთ ადამიანებს პირბადეებით. იმართება მასობრივი ღონისძიებები და სამხედრო სწავლებები...

”მე ჯანდაცვის სამინისტროს შევთავაზე ინფორმაციული კამპანიის ორგანიზება, მაგრამ სამინისტრომ არ მომისმინა. ამ დრომდე ვაქცინაციის აქციას ადგილობრივ მედიაში არანაირი საინფორმაციო მხარდაჭერა არ გააჩნია. შედეგად, ადამიანებმა საერთოდ არ იციან, რა არის ვაქცინაცია, რატომ არის ეს საჭირო და, შესაბამისად, ცოტა ადამიანია, ვისაც ვაქცინაცია სურს. თუ ეს ასე გაგრძელდა, მაშინ, როგორც ველოდი, ორი ათასი შეძენილი დოზიდან გამოვიყენებთ მხოლოდ ათ პროცენტს. ვაქცინაციაზე ის ადამიანები მიდიან, ვინც კითხულობს პუბლიკაციებს ამ თემაზე მაღალი რეპუტაციის სანდო გამოცემებში. ჩვენთან მრავლად გვხვდებიან ე. წ. COVID -დისიდენტები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელებული შეთქმულების თეორიებით საზრდოობენ. გარდა ამისა, ხალხს მაგალითს არც ხელისუფლება აძლევს“,- აცხადებს ალექსანდრ პლიევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომებს აღარავინ იცავს და, აქედან გამომდინარე, მომავლის ცუდი პროგნოზი აქვს.

„ქალაქში უკვე ვეღარ ნახავთ ადამიანებს პირბადეებით. იმართება მასობრივი ღონისძიებები და სამხედრო სწავლებები. საერთოდ აღარ არის სოციალური დისტანციის დაცვაზე საუბარი. ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია წარმართოს. ამ ფონზე უფრო მეტია რიცხვი აცრის მოწინააღმდეგეებისა, რომლებიც სოციალურ ქსელებში ათასგვარ სისულელეს აქვეყნებენ. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე გადაიტანა ვირუსი და გამოუმუშავდა ანტისხეულები, მაგრამ, როგორც ვიცი, ეს ანტისხეულებიც სწრაფად ქრება და რეინფიცირების შემთხვევებიც მალე გვექნება. ამიტომ ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს“.

ჯერჯერობით ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის ახალი ტალღა არ არის, მაგრამ, ადგილობრივი ექიმების აზრით, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ალექსანდრ პლიევის თქმით, მესამე ტალღა სექტემბრისთვის აუცილებლად იქნება, თუმცა ის არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორიც მეორე ტალღა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG