Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ რიკერი: ველით ამნისტიის კანონს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს


ფილიპ რიკერი
ფილიპ რიკერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერმა 7 ივნისს საქართველოში შეხვედრები გამართა მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე ილაპარაკა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე და თქვა, რომ ყველა პარტიისგან მოელის შეთანხმების სულისკვეთების გათვალისწინებას და სამი მიმართულებით წინსვლას. ესენია: ამნისტიის შესახებ კანონი და სასამართლო და საარჩევნო რეფორმები.

„19 აპრილის შეთანხმება, რა თქმა უნდა, მოითხოვს პარტიებისა და მათი ყველა წარმომადგენლისგან, იმოქმედონ ერთად, კეთილსინდისიერად - ამ 19 აპრილის შეთანხმების მხოლოდ პუნქტების კი არა, სულისკვეთების გათვალისწინებით“, - თქვა ფილიპ რიკერმა და დასძინა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინაშე დგას, ღრმა პოლარიზაციის შესუსტებაა, „რომელიც ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიის წინსვლას“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამისათვის ქვეყანამ სამი მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები. სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გარდა, მან ხაზი გაუსვა ამნისტიის კანონპროექტის შემუშავებისა და მისი მიღების მნიშვნელობას.

ფილიპ რიკერმა 19 აპრილის შეთანხმების მნიშვნელობაზე ილაპარაკა
please wait

No media source currently available

0:00 0:01:29 0:00

სასამართლო რეფორმაზე ლაპარაკისას ფილიპ რიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი წინსვლა სჭირდება სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მოსამართლეთა არჩევის, დაწინაურების, სადისციპლინო საკითხების მხრივ. „გაგიმართლათ, რომ, ქვეყანაში არსებული ძლიერი ინსტიტუტების გარდა, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაც გაქვთ, იქნება ეს ვენეციის კომისია თუ სხვა საერთაშორისო რეკომენდაციები“, - თქვა მან.

ფილიპ რიკერი და ოპოზიციის ლიდერები
ფილიპ რიკერი და ოპოზიციის ლიდერები

ფილიპ რიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ ამერიკის მხარდაჭერა და თქვა: „საქართველოს არ ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებზე მტკიცე პარტნიორი. ეს კი გულისხმობს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და, პირველ რიგში, საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანახმად, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ვიზიტი გაგრძელდება სომხეთსა და აზერბაიჯანში, სადაც იგი შეხვდება მთავრობას, სამოქალაქო საზოგადობას და ბიზნესის ლიდერებს, რათა განიხილონ ორმხრივი პრიორიტეტები და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები.

საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის ფილიპ რიკერის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონალური პრიორიტეტების ხელშეწყობა და რეგიონში დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერაა.

  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG