Accessibility links

site logo site logo

„მაუგლის მეთოდი“ - გაკაჟება თუ ბავშვებისთვის საფრთხის შექმნა?


სახალხო დამცველის მიმართვის გამო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შეისწავლა მცირეწლოვანი ბავშვების ე.წ. მაუგლის მეთოდით მკურნალობის საკითხი და დაადგინა, რომ ქეთევან მერაბაშვილი უკანონო საექიმო საქმიანობას ეწეოდა. სასამართლომ ექიმის სერტიფიკატის უქონლობის გამო იგი 1000 ლარით დააჯარიმა.

„ჯერ სასამართლო განჩინება არ მოსულა, პროცესზე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უნდა მქონდეს ექიმის სერტიფიკატი, რადგან რეკომენდაციებს გავცემ და ადამიანებს ვურჩევ, როგორ მოიქცნენ. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. გადავიხდი, რა თქმა უნდა“.

ქეთევან მერაბაშვილი ეთანხმება ჯარიმის ნაწილს, მაგრამ არ იზიარებს თავისი მკურნალობის მეთოდის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის შეფასებას.

„შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული მეთოდი წარმოადგენს ბავშვების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველ ჩარევას, რასაც განსაკუთრებით მათ ადრეულ ასაკში მძიმე და შეუქცევადი გართულებების განვითარება შეიძლება მოჰყვეს“, - ასე აფასებს თავად ომბუდსმენი ბავშვების გაკაჟების ამ პრაქტიკას.

სახალხო დამცველი ამ შეფასებისას ეყრდნობა პედიატრის სპეციალობის ექსპერტის აზრს და დასკვნას, რომ კადრები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში და სატელევიზიო გადაცემებში ვრცელდება, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის „ძალზე აგრესიული მოძრაობების ნაკრები... რომელიც ბავშვის თავის ტვინის და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების მაღალი რისკის შემცველია”. ომბუდსმენი ამ პრაქტიკას ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს.

ქეთევან მერაბაშვილი
ქეთევან მერაბაშვილი

„ფაქტობრივად, დაიდო დასკვნა, რომ ეს მეთოდი არის საშიში ბავშვებისთვის. დასკვნას ისე რომ დებ, რომ არც ერთი ბავშვი არ შეგიმოწმებია და ჩემთვისაც არაფერი გიკითხავს, თან აცხადებ, რომ არ არის არაფერიო [მეთოდის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საფუძველი - რ.თ.], რა არ არის?! ათასობით ცოცხალი და ჯანმრთელი ბავშვი დადის“, - ამბობს ქეთევან მერაბაშვილი.

მან სამედიცინო განათლება კემეროვოს ინსტიტუტში მიიღო, დინამიკური ვარჯიშების სერტიფიკატიც აიღო და 90-იან წლებში საქართველოში ჩამოსვლისას ამ ახალი პრაქტიკის გავრცელება დაიწყო.

ე.წ. მაუგლის მეთოდით ბავშვების ვარჯიშს რუსეთსა და საქართველოში მიმართავენ. რუსეთში მოღვაწე ექიმი ბუბნოვსკი, რომელიც იუთუბზე სხვადასხვა ტიპის ვარჯიშის პოპულარიზებას ეწევა და ასევე იყენებს „მაუგლის მეთოდს”, ჩვილის ვარჯიშის ვიდეოზე გამაფრთხილებელ ნიშანს აწერს: „არსებობს უკუჩვენება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია”.

ქეთევანმა ვარჯიშების პრაქტიკა თავდაპირველად მშობლიურ კასპში დაიწყო. ჯერ ნაცნობების ბავშვებს ავარჯიშებდა, შემდეგ თბილისში ერთ-ერთი სამშობიაროს ბაზაზე „მაუგლის ცენტრი” გახსნა, თუმცა დიდი ხარჯების შემდეგ ცენტრი დახურა და გარკვეული პერიოდი აღარც საქართველოში ცხოვრობდა.

ქეთევანი საქართველოს და „მაუგლის მეთოდით” გაკაჟება-მკურნალობას 2015 წლიდან დაუბრუნდა. ამბობს, რომ ეს არის მეთოდი, რომლის გამოყენებისას იმატებს ენერგეტიკა და გადარჩენისთვის ბრძოლის უნარი ერთვება. „სწორედ ამითი ვიმარჯვებთ დაავადებებზე, სტრესის მიმართ მდგრადები ხდებიან ბავშვები და ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვთ შემდგომში”.

ვარჯიშების კომპლექსი იქამდე გრძელდება, სანამ მშობელს ბავშვის ხელში ჭერა და სხვადასხვა ტექნიკით და სხვადასხვა მიმართულებით ჰაერში ტრიალი შეუძლია.

ამ მეთოდს ყოველთვის ახლდა წინააღმდეგობები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა, როგორც ქეთევანი ამბობს, არაერთი ისეთი პაციენტი „გადაურჩენია”, რომელსაც ტრადიციული სამედიცინო მკურნალობა ვერ დაეხმარა. მაგალითად ეს პატარა ბიჭი მოჰყავს, მიხო, რომელსაც 1992 წლიდან ავარჯიშებდა და დღეს ჯანმრთელად გრძნობს თავს, ჩვილობაში ნევროლოგიური დიაგნოზის დასმის მიუხედავად.

"მაუგლის მეთოდით" ბავშვის ვარჯიში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:24 0:00

არატრადიციული მეთოდით ბავშვის ვარჯიში იყო ბოლო იმედი უროლოგ ბათუ ნიკოლაძისთვის. ახალშობილს სუბარაქნოიდული ჰემატომა (ძლიერი სისხლჩაქცევა თავის ტვინში) და გულის კუნთის ანთება ჰქონდა.

„მე სხვა გამოსავალი არ მქონდა და ამიტომ მაგაზე აღარ ვფიქრობდი. ტრადიციული მეთოდები, ყველაფერი ნაცადი მქონდა, როცა ქეთისთან მივედი და გაამართლა. რამდენად სწორია და არასწორია, ეგ პედიატრებმა ამტკიცონ. ეს არის ჯანსაღი ვარჯიშები და ჯანსაღი სუნთქვა. ხანდახან ვიღაცას ბეჭი ამოუვარდება, ეგ ისედაც შეიძლება ნებისმიერს დაემართოს. 50 შემთხვევიდან 1-2 პატარა ტრავმა შეიძლება იყოს. ამას იმიზეზებდა ზოგი, მაგრამ არავინ არავის არ აძალებს ამ ვარჯიშებს“.

ქეთევანი ამბობს, რომ ბათუს შვილს წამლების გარეშე, მხოლოდ ვარჯიშებით უმკურნალა: „5 დღე იყო რეანიმაციაში. ექიმები გადარჩენის შანსს ვერ აძლევდნენ, სანამ გზაში ჩემამდე მოვიდოდა, ორჯერ გაუჩერდა გული. მოყვანისთანავე დავუწყე ვარჯიშები და ბავშვმა მოწოვა ძუძუ. 2 კვირაში მოვიდა დათესილი სისხლის პასუხი, რომ ბავშვს აქვს სეფსისის მძიმე ფორმა და სასწრაფოდ დაბრუნებულიყვნენ კლინიკაში, მაგრამ ბათუმ უთხრა, რომ ქეთინომ უკვე სახლში გაგვწერაო. დღეს ბავშვი ჯანმრთელია და სამედიცინოზე სწავლობს“, - გვიყვება ქეთევან მერაბაშვილი.

ამბობს, რომ ომბუდსმენმა თავისი განცხადებით, ფაქტობრივად, ჯანსაღი ცხოვრების წესი აკრძალა.

„გადასახედია იუნისეფის გაიდლაინები. 30 წელია, იმას ვამბობ, რომ დავჯდეთ და განვიხილოთ. ის ბავშვიც შეამოწმეთ, ვისაც ვავარჯიშებდი, მეტი რა გითხრათ. ის, რაც დღეს არის აკრძალული, ხვალ-ზეგ იქნება დაშვებული, მაგრამ თქვენი შვილებისთვის იქნება გვიან”.

ქეთევან მერაბაშვილის გაჯანსაღების მეთოდის მოწინააღმდეგეთა შორისაა პედიატრი ივანე ჩხაიძე. ექიმი ამ ტიპის მოძრაობებს ბავშვისთვის საზიანოდ მიიჩნევს. მისი დაკვირვებები ინტერნეტსა და ტელევიზიაში ნანახ ვიდეოებს ეფუძნება.

პედიატრი - ივანე ჩხაიძე
პედიატრი - ივანე ჩხაიძე

„ის, რასაც ჩვენ ვიდეოებში და გადაცემებში ვუყურებთ, ეს არის ინტენსიური და აგრესიული მოძრაობების ნაკრები, რამაც შეძლება გამოიწვიოს საყრდენ- მამოძრავებელი აპარატის დაზიანება”.

„მაუგლის მეთოდის” მოწინააღმდეგე ექიმებს განსაკუთრებით ეშინიათ იმის, რომ ამ პრაქტიკისას ადვილია ბავშვის თავის ტვინის მძიმე ტრავმირება, რასაც პედიატრიასა და ნევროლოგიაში „შენჯღრევის სინდრომს“ უწოდებენ. ექიმები ამბობენ, რომ ვიდეოებზე დაკვირვებითაც კი ადვილია იმის თქმა, რომ გაკაჟებისას გამოყენებული მოძრაობები სარისკოა და პედიატრებისთვის ეს მეთოდი სამკურნალოდ ვერ ჩაითვლება.

ყოველთვის მოიძებნება ადამიანების ჯგუფი, რომელიც იტყვის, რომ ტრადიციული მედიცინის მიერ უარყოფილმა მეთოდმა მათ უშველა და ცხოვრება დაუბრუნა. ამის არგუმენტად განხილვა ყოვლად დაუშვებელია. ყველანაირი უპირატესობა იკარგება იმ შემთხვევაში, როცა თუნდაც 10% ში არის რისკი „შენჯღრევის სინდრომის” განვითარებისა. ამას ერთვის ისიც, რომ ეს ქალბატონი, როგორც თვითონ ამტკიცებს, კურნავს სეფსისს და მენინგიტს ტრადიციული სამედიცინო მეთოდების გამოყენების გარეშე, რაზეც, არც ვიცი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო.

პედიატრებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც „მაუგლის მეთოდით” მკურნალობის ეფექტზე საუბარი კუნთებისა და სხეულის ზოგადად ფიზიკური გაძლიერების საკითხს სცილდება და პრეტენზიას აცხადებს, რომ ამ სპეციფიკური ვარჯიშებით ბაქტერიული დაავადებების განკურნებაცაა შესაძლებელი.

„მტკიცება, რომ ვარჯიშით უმძიმესი ბაქტერიული დაავადებები იკურნება, ეს არის სახიფათო და ასეთ შემთხვევებში ანტიბიოტიკებით მკურნალობის შეწყვეტა, ფაქტობრივად, ფატალური შედეგის ტოლფასია. ეს ორი არგუმენტი ჩემთვის საკმარისია, რომ ეს მეთოდი განვიხილო, როგორც სიცოცხლისთვის რისკი შემცველი”, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

სახალხო დამცველის გარდა, „მაუგლის მეთოდის” გამოყენების წინააღმდეგია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოც: „პედიატრიული და ბიოეთიკის ასოციაციების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, აღნიშნული მეთოდით მკურნალობა არ არის დანერგილი, როგორც სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი პრაქტიკა. ამასთანავე, აღნიშნული სერვისის მიწოდება ხორციელდება არასერტიფიცირებული ფიზიკური პირის მიერ. ასევე არ იწარმოება სამედიცინო დოკუმენტაცია, რითიც ვერ დგინდება დაავადების ნოზოლოგიის [სწავლება ავადმყოფობის შესახებ - რ.თ.] არსებობა და გაწეული სამედიცინო დახმარების მოცულობა”.

იმის გამო, რომ არ არსებობს მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული დასკვნა, „მაუგლის მეთოდის” სამკურნალო ან გამაჯანსაღებელი მიზნით გამოყენების შესახებ, სააგენტო მოუწოდებს მშობლებს, ფრთხილად და სკეპტიკურად შეხედონ ამ მეთოდს.

„ვარჯიში შენჯღრევის სინდრომისგან ვერ გაურჩევიათ”, - ამბობს ქეთევანი, რომელიც სასამართლოში აპირებს იმაზე დავას, რომ ეს მეთოდი ასაკრძალი კი არა, ფართოდაა დასანერგი.

ვინ იქნება სასამართლოში მოპასუხე მხარე, ჯერ არ იცის. იურისტთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს სარჩელის ფორმასაც და ადრესატსაც. იქამდე კი ჯარიმის გადახდას და პედიატრიაში ექიმის სერტიფიკატის აღებას აპირებს, რომ საქმიანობა გააგრძელოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG