Accessibility links

site logo site logo

ახალი მონაცემები ადასტურებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობას


სამხრეთ ამერიკის ქვეყანა ურუგვაიმ 8 ივნისს გაავრცელა მონაცემები, რომლებიც ადასტურებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინათა ეფექტიანობას. მთავრობის თქმით, ჩინეთის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ, Sinovac-მა, სიკვდილიანობა შეამცირა 95 პროცენტით, საავადმყოფოთა ინტენსიური მოვლის განყოფილებებში მოხვედრის მაჩვენებელი - 92 პროცენტით. COVID-19-ის პრევენციის მაჩვენებელი 62 პროცენტს უტოლდება.

კვლევაში ერთმანეთს შეადარეს 800,000-მდე ადამიანი, რომელსაც პრეპარატის მეორე დოზაც ჰქონდა მიღებული და აუცრელი მოქალაქეები, - აცხადებს ხელისუფლება. ურუგვაიში ასევე შეისწავლეს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ეფექტიანობა და დაადგინეს, რომ ის 94 პროცენტით ამცირებს ინტენსიური მოვლის განყოფილებებში მოხვედრის და სიკვდილიანობის მაჩვენებელს, 78 პროცენტით - ინფიცირების მაჩვენებელს.

ურუგვაიში მოსახლეობის 52 პროცენტამდეა აცრილი სულ მცირე ერთი დოზით, იქ იყენებენ Sinovac-ის, Pfizer/BioNTech-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებს. აცრის სრული კურსი ჩაუტარდა მოსახლეობის 29-მდე პროცენტს.

ისრაელი, რომელიც მოსახლეობის იმუნიზაციის კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია, ასევე იუწყებოდა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ძალიან ეფექტიანია ინფიცირების, სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების შემცირების თვალსაზრისით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG