Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“ - ამ წარწერით ფურცლები პრეზიდენტის სასახლის ეზოშიც ჩაყარეს


„რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“ - ამ წარწერით ფურცლები, პარლამენტის სხდომათა დარბაზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის ორბელიანის სასახლის ეზოშიც ჩაყარეს. აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორი, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე პოლიციამ მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების მუხლით დააჯარიმა, ადგილზე პოლიციის ოთხი ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ნატა ფერაძეს პოლიციამ ჯარიმა ადგილზევე გამოუწერა.

„პრეზიდენტმა არც იცის, რა არის მისი ვალდებულება. ის რომ ქვეყანაში ძალადობენ ბავშვებზე დღეს, ის რომ სასამართლოს განაჩენს არ აღასრულებს ქვეყანა. ეს კი აქ რაღაცა სპარსულ და ირანულ პორტრეტებში ზის. უნდა მიიღოს რაღაც ზომები. ჩვენ შევუყარეთ მას ეს ჩვენი პატარა განცხადებები, სადაც წერია, „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“. კითხვაა და მოვუწოდებთ, რომ რეაგირება უნდა იქონიოს. ეს უნდა გახდეს ქვეყანა და აქტივისტები გავაკეთებთ იმას, რასაც არ აკეთებს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება“, - განაცხადა ნატა ფერაძემ.

​„რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში?“ - ამ წარწერების მქონე ფურცლები აქტივისტებმა 11 ივნისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში სესიის მიმდინარეობისასაც გადაყარეს. ამით მათ 13 ივნისს, 17:00 საათზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან გასამართი აქცია დააანონსეს.

​„რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში?“ - ეს არის კითხვა, რომლითაც აქტივისტები ბოლო რამდენიმე კვირაა ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

გარდა 2016-2021 წლებში აღძრული ოთხი სისხლის სამართლის საქმისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ). უწყებაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG