Accessibility links

site logo site logo

ურჩობისთვის დასჯილი - ინტერვიუ ლუკა ხაჩიძესთან, რომელიც მეუფე სპირიდონის უნივერსიტეტის საცხოვრებლიდან გამოაძევეს


18 წლის ლუკა ხაჩიძე წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის, იმავე ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია, წარსულში - ნინოწმინდის პანსიონატის აღსაზრდელი. გუშინწინ, მას შემდეგ, რაც ლუკამ შუახევის პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მისცა ჩვენება და პოლიციას უამბო, რა ნახა და გამოიარა წლების განმავლობაში ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლიდან გამოაძევეს. გამომძიებლის ოჯახში ღამისთევის შემდეგ, ახლა იგი მოწმეთა დაცვის პროგრამაშია ჩართული და სახალხო დამცველის დახმარებით თავშესაფარში დაბინავდა. ლუკა რადიო თავისუფლებას უყვება, რამ გადააწყვეტინა საკუთარი კეთილდღეობის ფასად საჯაროდ ელაპარაკა ნინოწმინდის თავშესაფარზე და რა მოხდა უნივერსიტეტში, რომელსაც მეუფე სპირიდონი მართავს.

- ლუკა, რა მოხდა ჩვენების მიცემის დღეს?

იმის შემდეგ, რაც გავიგე, რომ ბავშვები დაუპირისპირდნენ სისტემას, - სისტემას, რა, მასწავლებლებს, რომლებიც მართლა არაადამიანურად გვექცეოდნენ, - გადავწყვიტე, რომ, როგორც სრულწლოვანმა, მხარი დამეჭირა ჩემი არასრულწლოვანი მეგობრებისთვის და სწორედ გუშინწინ, 12-ის წუთებზე, გადავწყვიტე, 112-ში დამერეკა, რომ რეალურად მეკითხა, როგორ შეიძლებოდა ფორმალურად ჩემი ჩვენების დაფიქსირება.

სამცხე-ჯავახეთის პროკურორთან გადამამისამართეს. მან მითხრა, რომ ადგილობრივად, შუახევში უნდა მიმეცა ჩვენება. ერთ-ერთი გამომძიებელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ აჯობებდა იმავე დღეს მიმეცა ჩვენება. ამ დროს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შემოსული იყო მამა პეტრე, რომელიც სიტუაციას არკვევდა და მითხრა, ჯობს ჯერ მეუფესთან [მეუფე სპირიდონთან - რ.თ.] გელაპარაკაო. მე ვუთხარი, მამი-მეთქი, მე თქვენ ყველაფერს მოგიყვებით, რასაც იქ ვაპირებ, ვთქვა, და თქვენ გადაეცით მეუფეს, მე ვერ გავბედავ მეუფესთან თქმას ამ რაღაცების. მე ვთხოვე კურთხევა, მაგრამ ისიც მივაყოლე, კურთხევა რომც არ იყოს-მეთქი, დღესვე გადავალ განყოფილებაში და მივცემ ჩვენებას.

კურთხევას არ დაველოდე - ვიცოდი, რომ ჩემ დაყოვნებას შეეცდებოდნენ. იტყოდნენ, ლუკა, ჯერ მაინც გამოძიება მიმდინარეობს. მამაომ გააჟღერა ის, რომ კი, ლუკა, ეს ყველაფერი ხდებოდა, მაგრამ ბავშვებს ჩვენ მომავალს არ ვუსპობთ. მაგრამ მე მინდა, რომ ბავშვები ისე იზრდებოდნენ, რომ არ განიცდიდნენ სხვადასხვა მორალურ და ფიზიკურ წნეხს.

რამდენიმე საათის შემდეგ [პოლიციიდან] დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ იმ დღესვე წამომიყვანდნენ შუახევის რაიონულ პოლიციაში. მართლაც, მე გავედი უნივერსიტეტის გამშვებზე და იქვე დაცვას ვუთხარი, სხვა თანამშრომლებს გადაეცით-მეთქი.

გამშვების ყარაულს აქვს უშუალო კონტაქტი ზედამხედველებთან და ზედამხედველები ეუბნებიან მეუფეს, ვინ მოვიდა ჭიშკართან, რას წარმოადგენს, შემოვიდეს თუ არა. სწორედ ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ დამეტოვებინა ჩემი სიტყვა გამშვებში, რომ მისულიყო, სადაც საჭიროა. აქ ყველაფერი აწყობილია, ყველაფერი მიდის მეუფესთან.

შემდეგ წავედი პოლიციაში და დავიწყე ჩვენების ოფიციალურად გაფორმება. მერე ისევ პოლიციამ წამომიყვანა უკან. შევედი ჭიშკარში და ეს ხალხი, [საყარაულოში] მართლაც, მომზადებული იყო შეკითხვებით და ერთადერთი, რითაც თავი გადავირჩინე, ის იყო, რომ გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი მაქვს-მეთქი მოწერილი და არაფერს არ გეტყვით, [ვუთხარი] თუ ზემოქმედებას მოახდენთ, ეს იქნება მოწმეზე ზემოქმედება.

ლუკა, შენ მიდიხარ, ბარგს ჩაალაგებ, ამ ღამეს გაათენებ უნივერსიტეტთან არსებულ ბინებში და ხვალ წადი. ეს იყო სულ. არაფერი დაუკონკრეტებია, მაგრამ მე ვიცოდი, რატომაც მოხდა, რატომ მაგდებდნენ იმ დღეს.   ტირილ-ტირილით ჩავალაგე მთელი ბარგი მეგობრებთან ერთად და დავჯექი უნივერსიტეტის მოსაცდელში და დაველოდე პოლიციის ეკიპაჟს. 

გზა ჩემს მეგობრებთან ერთად გავაგრძელე, რომ მათთვის მომეყოლა, რა მოხდა. ავედით ერთ-ერთ აუდიტორიაში, კარი ჩავკეტეთ, რომ ზედამხედველები და თანამშრომლები არ შემოსულიყვნენ, მაგრამ ისინი მაინც მოვიდნენ კართან. ბუნებრივია, მეგობარმა გაუღო. მე ვუთხარი, თუ გინდათ, ვისაუბროთ, ან, უბრალოდ, მიყურეთ-მეთქი. არაო, ლუკაო, თქვა ზედამხედველმა ქალბატონმა მზექალამ და მითხრა, რომ, ლუკა, შენ მიდიხარ, ბარგს ჩაალაგებ, ამ ღამეს გაათენებ უნივერსიტეტთან არსებულ ბინებში და ხვალ წადი. ეს იყო სულ. არაფერი დაუკონკრეტებია, მაგრამ მე ვიცოდი, რატომაც მოხდა, რატომ მაგდებდნენ იმ დღეს. ტირილ-ტირილით ჩავალაგე მთელი ბარგი მეგობრებთან ერთად და დავჯექი უნივერსიტეტის მოსაცდელში და დაველოდე პოლიციის ეკიპაჟს.

გამომძიებელს ვუთხარი, რომ უზრუნველეყო ჩემი ღამის გასათევი და მეორე დღიდან ჩავრთავდი სახალხო დამცველს. ჩემი სიტყვები დავამოწმე იმით, რომ ბავშვები იყვნენ შემსწრენი ყველაფრის, რაც მოხდა. დავრჩი გამომძიებლის ოჯახში ერთი ღამე და უკვე იქ ვესაუბრე ნინო ლომჯარიას.

გამოდის, უნივერსიტეტში იცოდნენ, რომ ჩვენების მიცემას აპირებდი.

კი, და სწორედ იმიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი სასჯელი. წამოსვლის შემდეგ, დღეს დამირეკა მამა პეტრემ. მეკითხება, როგორ ხარ, ლუკა, ღამე სად გაათიე? მე ვუთხარი, როგორ ვიქნები, გამომაგდეთ. მერე, რას ელოდიო? შენი საქციელიდან გამომდინარე მოხდაო. მე დავუკიდე ყურმილი, ოღონდ ჯერ ის ვუთხარი, ცხოვრებაში აღარ მომიკითხოთ-მეთქი.

[მამა პეტრე] ერთ-ერთი მღვდელია, რომელიც მუშაობს ამ [სხალთის - რ.თ.] ეპარქიაში. როცა ნინოწმინდის ამბები დაიწყო და იქ მეუფე ჩაბრძანდა, მეუფეს ახლდა და შემდეგ ჩემი მხარდაჭერა აშკარად რომ დავუფიქსირე ბავშვებს, [მეუფე სპირიდონმა] გამოაგზავნა ვითარების გასარკვევად - რომ, ლუკა, არ იჩქარო, ჯერ ჩვენ განვიხილოთო, ასეთი სიტყვები იყო. მაგრამ მე არ მინდოდა გაურკვევლობა. გადავწყვიტე, რომ ოფიციალური ჩვენება მიმეცა.

ნინოწმინდის პანსიონატის დასრულების შემდეგ ხიჭაურის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება რატომ გადაწყვიტე?

ჩემთვის ავტომატური არჩევანი იყო ეს უნივერსიტეტი. ცოტა ხნით ადრე, სანამ პანსიონატს დავამთავრებდი, მესაუბრნენ სოცმუშაკები, შემომთავაზეს ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება. მე ვიყავი იქ რამდენჯერმე ჩასული, მაგრამ არ ამეწყო ურთიერთობა. არ მაკმაყოფილებდა მათი შემოთავაზებები. უნდოდათ, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც მათ უნდოდათ. ჰოდა, ვთქვი, რომ ხელმეორედ შეჩვევას რაღაცასთან ისევ შეჩვეული ჭირი მირჩევნია. ერთადერთი არჩევანი წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტი იყო, იმიტომ რომ ჩემს დასარჩენს უზრუნველყოფდნენ.

უნივერსიტეტში ახალი იმედით ჩავაბარე. მე უსამართლობასთან ბრძოლა მინდოდა, რომ, აი, ეს ყველაფერი ბავშვებს აღარ გადაეტანათ. სწორედ ამიტომ ავირჩიე საჯარო მმართველობაც, რომ სამართალი და კანონი მესწავლა, რომ მცოდოდნოდა, რა შეიძლებოდა მათთვის მიგვეზღვა. პანსიონატში შეზღუდული იყო ყველაფერი, იყო არაადამიანური მოპყრობა და მსურდა, რომ [ახლოს ვყოფილიყავი მეუფე სპირიდონთან]. რაც უფრო ახლოს ვიქნებოდი მეუფესთან, მით უფრო შემცირდებოდა ეს ყველაფერი. მე ერთი ნაბიჯი გადავდგი უფრო მეტი დამოუკიდებლობისაკენ და ამის შედეგი არის ჩემი ოფიციალური ჩვენებით მისვლა საგამოძიებო სტრუქტურაში. დაცულობა განაპირობა მეუფესთან ახლოს ყოფნამ.

ძირითადად მეუფე რჩება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე რეზიდენციაში და, შესაბამისად, აქ გადაცდენებს ადგილი არ აქვს. რომ არ იყოს ყოველდღე აქ, შესაძლებელია, აქაც მომხდარიყო რაღაც ფაქტები. ნინოწმინდაში რომ ყოფილიყო სულ, იქაც არ მოხდებოდა.

კიდევ ვინ სწავლობს ამ უნივერსიტეტში და რა ხდება, როცა უნივერსიტეტს ამთავრებენ?

ჩვენ [ნინოწმინდის ბენეფიციარები] უმცირესობაში ვართ აქ. ამ უნივერსიტეტში არიან ქედელი ბავშვები, რომლებიც მეუფეს იქიდან გადმოჰყავს და უსასყიდლოდ ასწავლის. აქ სწავლობენ აჭარიდან, სოფლებიდან, ახლა ყველა - ონლაინ.

მე მინდოდა მისდამი, მხოლოდ მისდამი - და არა მასწავლებლების მიმართ - მადლიერება გამომეხატა. მინდოდა, რომ ის ოთხი წელი და ორი წელი მაგისტრატურა მასთან ერთად ვყოფილიყავი და სანამ დასჭირდებოდა, მივხმარებოდი, მის ახლოს მეტრიალა.
ლუკა ხაჩიძე მეუფე სპირიდონზე

როცა ნინოწმინდა დავამთავრეთ, ვისაც წასასვლელი და რაღაც შანსი ჰქონდა, რომ სხვაგან დარჩებოდა, წავიდა. თუ ვიღაცა თბილისში მოხვდება, ცდილობს, რომ თუნდაც მეგობართან დარჩეს. ალტერნატივა არის ყოველთვის მეუფის უნივერსიტეტი, რომ გარეთ არ დარჩე.

შემდეგ, თუ გსურს, დაგასაქმებს იქვე მეუფე. ამ გზას ხშირად ირჩევენ ადგილობრივები, მაგრამ ჩვენ ყველა, ვინც ამდენი წელი გავიზარდეთ სისტემაში, ვცდილობთ, რომ „გარეთ“ ვიშოვოთ სამსახური. მე ვაპირებდი, რომ, სანამ მეუფეს დავჭირდებოდი, იქ ვყოფილიყავი, მაგრამ იმასაც ვფიქრობდი, როდემდე, როდემდე, ლუკა, და ვცდილობდი, რომ სხვაგანაც მეშოვა სამსახური.

მე მინდოდა მისდამი, მხოლოდ მისდამი - და არა მასწავლებლების მიმართ - მადლიერება გამომეხატა. მინდოდა, რომ ის ოთხი წელი და ორი წელი მაგისტრატურა მასთან ერთად ვყოფილიყავი და სანამ დასჭირდებოდა, მივხმარებოდი, მის ახლოს მეტრიალა. მაგრამ ბრძოლა ახლა უკვე სხვანაირად წავიდა, მასწავლებლების დასჯაზეა ლაპარაკი და არა მეუფის უპატივცემულობაზე.

ლუკა, ვინ ასწავლის უნივერსიტეტში, რა საგნებს გადიხართ?

აქ მაღალკვალიფიციური პედაგოგები არიან და ის გამბედაობა, რაც მომეცა, აქ შევიძინე. ჩვეულებრივი უნივერსიტეტია, სადაც ბოლომდე იხარჯებიან ლექტორები და კარგი საგნებიც ისწავლება. პროფესორები აჭარიდან არიან, მეუფის მოწვეულები.

აუდიტორიებში ვიყავით ლექციებზე 5 საათამდე, შემდეგ იწყებოდა მომავალი სემინარებისთვის მომზადება. თავისუფალი დრო ძირითადად არ გვქონდა, იმიტომ რომ დატვირთული საუნივერსიტეტო ცხოვრება გვაქვს, 11 საგანს ვსწავლობდი სემესტრის განმავლობაში და ყველაფერს მომზადება სჭირდებოდა. გარეთ გასვლა არდადეგებამდე ვერ მოვახერხე, რომ ვინმეს ერთი საათით მაინც შევხვედროდი.

რეალურად ჩვენი უნივერსიტეტის დამსახურებად მოიაზრებენ, რომ ამდენ საგანს ვსწავლობთ. მაგალითად, მე საჯარო მმართველი ვარ და ხელოვნებათმცოდნეობას ისე ვსწავლობ, როგორც ხელოვნებათმცოდნე. ლიტერატურაში გამახვილებულია ყურადღება ჰაგიოგრაფიულ მწერლობაზე - თქვენ შეიძლება ნახევარი სემესტრის განმავლობაში ისწავლეთ, ჩვენ დღემდე ვსწავლობთ ძველ ქართულ მწერლობას. ხელოვნებაშიც ხუროთმოძღვრებას ვსწავლობთ, ერთი წელია.

უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც [ნინოწმინდის] პანსიონატის შექმნის დღიდან მეუფესთან არიან. აქ დიდი ტერიტორიაა და ზოგი ბიბლიოთეკარია, ზოგი ზედამხედველი და ასე შემდეგ. ეს ადამიანები ჩამოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან, გვიცნობენ პატარაობიდან. სტუმრობის დროს მოღიმარ სახეებს დაინახავდნენ და რეალურად რა ხდებოდა შიგნით, არ იცოდნენ. გარედან ყველაფერი კარგად ჩანს. ამიტომ იმათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რომ მე ასე მოვიქეცი. ისინი მოცეკვავე ბავშვებს ხედავდნენ წელიწადში ორჯერ ნინოობაზე, მაგრამ ჩვენთან არავინ მოსულა და გული არავისთვის გადაგვიშლია.

ანუ, თუ სწორად გავიგე, იმის თქმა გინდა, რომ მეუფე სპირიდონმა და მისმა გარემოცვამ არ იცოდა, რა ხდებოდა ნინოწმინდის პანსიონში?

მეუფემ რაც იცოდა, დასაჯა, მაგრამ ეს იყო რელიგიური დოგმით დასჯა, რომელიც არ ეყო ჩვენს მასწავლებლებს შიშისთვის, რომ ასე აღარ მოქცეულიყვნენ. ჩვენ ეს მასწავლებლები მეუფეზე იმდენ რამე ცუდს გვეუბნებოდნენ - [გვაშინებდნენ] მეუფესთან არ მიხვიდე და არ უთხრა, თორემ ის უარესს გიზამს. ვიდეოს გადავიღებთო, მეუფესაც ვაჩვენებთ, როგორ ცუდად იქცევით და შენს ცემას ისიც გაამართლებს. ჩვენ ისე ვიყავით ინფორმირებულები, რომ ჩვენზე მეუფე ხელს აიღებს, დაგვაგდებს, უფრო დაგვსჯის და, შესაბამისად, მისიც გვეშინოდა.

როცა ის [მეუფე სპირიდონი] ნინოწმინდაში ჩამოდიოდა, გვიახლოვდებოდა, ეს ყველაფერი იკლებდა. იმ ორ კვირაში იდეალურად გვეპყრობოდნენ, მაგრამ ყოველთვის იყო ერთი ბავშვი, რომელიც რამეზე გაღიზიანდებოდა და იმას იქვე მოგუდავდნენ - ფანჯრებს და კარს დაკეტავდნენ, საბანს გადააფარებდნენ და ისე სცემდნენ, რომ მეუფეს ამის გაგონების საშუალება არ ჰქონდა. ზედამხედველიც ვერ დაინახავდა ამას. ამიტომ, რეალურად, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით იმ მასწავლებლების ტყვეები, ფიზიკურადაც და იდეოლოგიურადაც. ჯგუფებად არის დაყოფილი პანსიონატი ასაკის მიხედვით, და ჯგუფის შემოსასვლელი კარი იკეტებოდა. ეს ბავშვი იქ რჩებოდა სხვებისგან განცალკევებით, რომ რაიმე წინააღმდეგობის მუხტი არ გადაეცა.

± 21: ბავშვთა სახლი და მომავალი
please wait

No media source currently available

0:00 0:33:17 0:00

არ გვინდოდა, რომ მეუფესთვის ის გვეთქვა, რასაც იქ აკეთებდნენ. კაცმა ეს ყველაფერი შექმნა, კარგი ეგონა, რომ მართლა კარგად ვიზრდებოდით და არ გვინდოდა, იმედი გაგვექარწყლებინა. მეუფე უბრალოდ გააგდებდა და არ გაწირავდა. ზოგ-ზოგმა ბავშვმა, რომლებსაც გამბედაობა ეყოთ, რეალურად მეუფესთან დააფიქსირა ეს ყველაფერი. არა ზედამხედველებთან. ამას მოჰყვა გარკვეული მასწავლებლების გათავისუფლება, მაგრამ გათავისუფლებამ ჩვენ ვერ მოგვცა დაცულობის გარანტია, ხვდებით? იქ მაინც დარჩნენ სხვა მასწავლებლები. ჩვენ ქუჩიდან აგვიყვანეს და გაგვზარდეს, მაგრამ ყველაფერს ისე გვამადლიდნენ მასწავლებლები, თითქოს მათი მოტანილი იყო. შესაბამისად, უმადურებს გვეძახდნენ, გვაკლებდნენ საჭმელს და ასე შემდეგ. სხვათა შორის, სოცმუშაკებიც რომ მესაუბრნენ, ეს საუბარი ზედამხედველის თანდასწრებით მიმდინარეობდა და არ მომსვლია აზრად, მათთვის მეთქვა რამე.

ზოგ-ზოგმა ბავშვმა, რომლებსაც გამბედაობა ეყოთ, რეალურად მეუფესთან დააფიქსირა ეს ყველაფერი. არა ზედამხედველებთან. ამას მოჰყვა გარკვეული მასწავლებლების გათავისუფლება, მაგრამ გათავისუფლებამ ჩვენ ვერ მოგვცა დაცულობის გარანტია, ხვდებით? იქ მაინც დარჩნენ სხვა მასწავლებლები.

ეს სისტემა ისე იყო აწყობილი რომ ჩვენ არავის და არაფრის იმედი არასდროს არ გვქონდა და ისევ უნდა შევგუებულიყავით ამ მასწავლებლების სასტიკ მოპყრობას, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ფორმებს იცვლიდა და, საბოლოო ჯამში, ფიზიკური ძალადობა იცვლებოდა მორალური შეურაცხყოფით. 16-17 წლის ასაკში უკვე მინიმუმამდე დადიოდა, მაგრამ ბავშვები იმდენად ვიყავით უკვე შეჩვეული, რომ ბევრს პროტესტის გრძნობა გამქრალი აქვს.

ბავშვი რომ იზრდება, მერე სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადადიან. დიდ ბავშვს ხელს ვერ მოჰკიდებ, იმიტომ რომ მერე შეიძლება ხელი შეგიბრუნოს. მაგალითად, იქ იყო ერთი ბიჭი, რომელიც სწორედ იმიტომ გახდა ისეთი სასტიკი და ძალმომრე, რომ ეს ყველაფერი განიცადა. ოცნება ჰქონდა, რომ მე ეს ძალა მექნება და ახლა ნახეთ, თქვენ რას გიზამთო.

ჩვენ აღარ გვინდა [სამართლიანობა აღდგეს] რელიგიური დოგმით, რაც ითვალისწინებს ბოდიშის მოხდას და, უბრალოდ, გაგდებას სამსახურიდან... და „მივანდოთ ღმერთს, რომ ასი წლის შემდეგ პასუხს მოსთხოვს“, - ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ მხილებულმა მასწავლებლებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი.

ლუკა, ახლა, როგორ ხსნი შენს გამოგდებას - თუკი მეუფე სპირიდონი ისევ იქ არის, აკონტროლებს სიტუაციას და, როგორც ამბობ, მისი დაცვის ქვეშ ხარ?

კარგი კითხვაა. ურჩობაში დამდეს, ეტყობა, ბრალი. უნდა დავლოდებოდი კურთხევას. მე ხომ კურთხევა ვთხოვე, მაგრამ კურთხევამ ძალიან დააგვიანა. შესაბამისად, მე იმ დღესვე გამოვცხადდი საგამოძიებო სტრუქტურაში. ამან და იმან, რომ „მთავარ არხს“ მივეცი კომენტარი, წარმოაჩინა, თითქოს ზურგსუკან ვლაპარაკობდი, მაგრამ ზურგსუკან ეს აღარ იყო, მე ოფიციალურად ვუჭერდი მხარს ჩემს ბავშვებს, რომლებმაც გაბედეს და რეალურად პრობლემაზე ისაუბრეს, და ყველამ იცოდა, მათ შორის მეუფემაც, აქ არსებული ზედამხედველების მეშვეობით, მე რა პოზიციაზე ვიყავი, ამიტომ მოულოდნელი ეს არავისთვის არ უნდა ყოფილიყო.

რეალურად ჩვენ რითაც გვაშინებდნენ მასწავლებლები, - გარე სამყაროში გამოგდებით - აი, ეს მივიღე და ცხოვრების რთული ეტაპი დავიწყე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რამეს მივაღწევ.

მე ნებისმიერ დროს მზად ვარ, მეუფეს გავესაუბრო, მაგრამ არასდროს, არავითარ შემთხვევაში იქ არ დავბრუნდები, რადგან იმას, რაც გავაკეთე, ყოველთვის წინ დამახვედრებენ. მეუფე არა, მაგრამ იქ მომუშავე პერსონალი. როცა ეს გადავწყვიტე, ყველას ვუთხარი, რომ ჩემი ცხოვრებით ვრისკავ, და ყველა მეუბნებოდა, რომ მარტო აღმოვჩნდები, ყველა მიმატოვებს და მე დავრჩები დაზარალებული. ეს ყველაფერი ვიცოდი და გავრისკე ჩემი მომავლით პრაქტიკულად.

გავრისკე, იმიტომ რომ ეს უსამართლობა ჩემი და სხვა ბავშვების მიმართ ძალიან დაგროვებული იყო. უნდა დაისაჯონ. კიდევ ჩვენ რომ არ დაგვბრალდეს, ვიფიქრე, რომ საჭირო იყო ამ ჩვენების მიცემა.

ბავშვები და მასწავლებლები ახლაც მწერენ და მეუბნებიან: ლუკა, შენ მეუფეს გადაუსვი ხაზი. არა, მაგის გამო არ მიმიცია ეს ჩვენება. მე უნივერსიტეტში იმიტომ ჩავაბარე, რომ მეუფესთან ახლოს ვყოფილიყავი. მაგრამ იმის გამო, რომ მე ვიღაცას მხარი დავუჭირე და ჩვენება მივეცი, ის, რითაც მასწავლებლები ყოველთვის გვაშინებდნენ, მეუფემ განგვიკვეთა, გამოგვიშვა.

რამ გადაგაწყვეტინა საჯაროდ საუბარი?

იმ ექვს ბავშვს, რომლებიც ყველაფერზე მაღლა დადგნენ და ხმა აიმაღლეს, მერე ყველა უშვერი სიტყვებით მოიხსენებდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მე, სრულწლოვანს, მხარი დამეჭირა არასრულწლოვნებისთვის, რომლებსაც ასე მოიხსენიებენ.

ჩვენ, ბავშვები, დაბოღმილები ვიყავით, იმიტომ რომ არავინ მომკითხველი არ გვყავდა და ვერსად მივდიოდით, ჩვენს პატრონობას მასწავლებლები იჩემებდნენ, მეუფის სახელს ამოფარებულები აკეთებდნენ ყველაფერს ცუდს და გვაყვედრიდნენ იმ მატერიალურ სახსრებს, რომლებიც მეუფემ მოიზიდა. მე უფროსი ვარ და ის მასწავლებლები, რომლებიც ჩემ მიმართ სისასტიკეს იჩენდნენ, ძირითადად აღარ არიან იქ, მაგრამ ერთი-ორი კიდევ არის.

ახლა მწერს ბევრი: ლუკა, მადლობა, შენგან არ ველოდით ამ მხარდაჭერას, - მეუბნებიან და მხოლოდ ეს სიტყვებიც საკმარისია, რომ ეს ყველაფერი სწორად ჩავთვალო.


ჩემთან სოლიდარობის ნიშნად კიდევ ორმა ბავშვმა დატოვა უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელი. გამოგვიშვეს სიმართლისთვის. თუ მცდარი ვიქნებოდი, შევეგუებოდი გამოშვებას, თუ სიმართლეს დაადგენდა... მაშინ რატომ მიშვებენ, რისთვის? მცდარი არ ვართ არავინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG