Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი მედიატორი "ნამახვანჰესზე" დიალოგის გასაგრძელებლად პირობების შესრულებას ელის


ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას „ნამახვანჰესის“ პროექტის გამო სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის დაწყებული მოლაპარაკების ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრის შესახებ.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება, რომელიც პროცესში მედიატორის როლს ასრულებს, აღნიშნავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ სამ ძირითად საკითხზე მისაღებ ზომებსა და ქმედებებზე - სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების ეფექტური და გამჭვირვალე კონტროლი და მათი განხილვა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია და ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნული გეგმის პროექტის საფუძველზე ღია მსჯელობა საქართველოს მომავალ ენერგოუსაფრთხოებაზე.

მოლაპარაკების შუამავალი, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე ყველაზე მნიშვნელოვან და გადაუდებელ ზომად მიიჩნევს რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაციას. ბუშლეს განცხადებით, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები და ხეობაში შესვლა ისევ შესაძლებელი უნდა იყოს, ისევე, როგორც ჯებირის ორივე მხარეს ადამიანების და საკუთრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

დირკ ბუშლეს თანახმად, შესაბამისი ზომები უპირველეს ყოვლისა, მთავრობამ უნდა მიიღოს და მან აიღო ვალდებულება, რომ შეცვლის არსებულ ბარიერებს და მთავარ გზაზე წვდომას უზრუნველყოფს. მედიატორის განცხადებით, თავის მხრივ, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, რომ არ დაბლოკავენ სამშენებლო მოედნისკენ მიმავალ გზას.

დირკ ბუშლე ხაზს უსვამს ამ ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას. მედიატორის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღსადგენად და შეუქცევადი ზომების თავიდან ასაცილებლად ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და ერთმანეთთან კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ, რაც შესაძლებელს გახდის მედიაციის პროცესის გაგრძელებას.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით, "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ მოძრაობის, „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შეთანხმების პირობები პარასკევამდე უნდა შესრულდეს.

"რიონის ხეობის მცველები", რომლებიც "ნამახვანჰესის“ პროექტს ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნევენ, შვიდ თვეზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავენ და მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს რიონის ხეობისკენ მიმავალი გზები გადაკეტილი აქვთ და ცდილობენ ხეობაში არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის, "ენკას" ტექნიკა. პოლიციას სოფელ გუმათთან რკინის ჯებირები აქვს აღმართული.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ არაერთხელ განაცხადა, რომ „ნამახვანჰესი“ ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებდა, ქუჩაში პროტესტის ნაცვლად ჩაერთონ პროექტის ყველა დეტალის გასარკვევად შექმნილ ფორმატებში, ექსპერტების და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით. მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ფორმატებით საკითხის განხილვამდე რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია.

ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას მემკვიდრეობით ერგო "ნამახვანჰესის" არსებული პროექტი და პრობლემა, თუმცა, ინვესტორთან ერთად მუშაობს, რათა პროექტში ცვლილებები შევიდეს და ჰესი არსებული პროექტის მიხედვით არ აშენდეს.

XS
SM
MD
LG