Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თქვენი საბუთები!” - როგორ გაიყო რიონის ხეობა ორ ნაწილად


ჯებირებით გაყოფილი რიონის ხეობისკენ ათეულობით მსუბუქი ავტომანქანა, ტაქსი და მიკროავტობუსი მოძრაობს ყოველდღიურად. ხეობის სოფლებში დღეში რამდენჯერმე მიდის და ქუთაისში ბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოძრაობენ სატვირთოებიც, რომლებსაც ახლომდებარე სოფლების ქვის კარიერებიდან საშენი მასალა ქუთაისისკენ მიაქვთ.

ორი თვეა, რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან, პოლიცია დღედაღამ მორიგეობს გუმათჰესის გასწვრივ გამართულ რკინის მაღალ ჯებირებთან, ჯებირებამდე რამდენიმე მეტრში კი „კარვების ქალაქია“ მოწყობილი. რამდენიმე დიდი და ათამდე შედარებით პატარა ფერადი კარავი მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილისკენ მიმავალ საავტომობილო გზასთან, 3 აპრილის შემდეგ გაშალეს მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა.

რკინის ჯებირს მიღმა ყოველდღე წყალტუბოსა და ლეჩხუმის 20-ზე მეტ სოფელში მიდი-მოდიან მოქალაქეები.

ქუთაისიდან რიონის ხეობისკენ მიმავალი ავტომანქანები სვლას ანელებენ რკინის ჯებირებს შორის დატოვებულ სამმეტრიან გასასვლელთან, სადაც მძღოლები პოლიციელების მითითებას ემორჩილებიან და დროებით ჩერდებიან. სამართალდამცველები ათვალიერებენ ყველა ავტომანქანისა და სამგზავრო მიკროავტობუსის მგზავრებს, ზოგიერთ შემთხვევაში ამოწმებენ ავტომანქანების საბარგულებსაც და სატვირთო მიკროავტობუსების მძღოლებისგან ითხოვენ სატვირთოს კარების გახსნას.

“თქვენი საბუთები!”- როგორ გაიყო რიონის ხეობა ორ ნაწილად
please wait

No media source currently available

0:00 0:01:38 0:00

ხეობიდან ქუთაისისკენ მიმავალ ავტოტრანსპორტს ასე აღარ ამოწმებენ. მსუბუქი ავტომანქანები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად გამოდიან ჯებირებით გაყოფილი ხეობიდან.

მგზავრები უკმაყოფილონი არიან გუმათში შექმნილი ბარიერით, ფიქრობენ, რომ პოლიციის მორიგეობა ხეობაში საჭირო არ არის. არ მალავენ იმასაც, რომ გულშემატკივრობენ „რიონის ხეობის მცველებს“. „ეს პოლიციის შემოწმება, პირადობას რომ გვთხოვდნენ და გვამოწმებდნენ, სად ვცხოვრობდით, თავიდან ძალიან შეურაცხმყოფელი იყო, ახლა ასე მკაცრად აღარ გვაკონტროლებენ, მხოლოდ მოათვალიერებენ მიკროავტობუსს და გვატარებენ, აგრესიულები არ არიან და ცუდად არ იქცევიან, თუმცა მაინც ძალიან სამარცხვინოა. რას ერჩიან კარვებში მყოფ ხალხს, რატომ არ ატარებენ თავიანთ სოფელში“, - ამბობს ზარათში მცხოვრები მარინე ავალიანი, რომელიც ყვავილების გასაყიდად ყოველდღე მიდის ქუთაისში და უკან, სოფელში, ბრუნდება. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობა ზოგჯერ „რიონის ხეობის მცველების“ აქციებზეც მიდის, რადგან მათი პროტესტი ხეობაში მიწის გასხვისებამ გამოიწვია.

ოფურჩხეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრებს შორის, ვისაც შემოწმება ელოდება, ერთ-ერთი სტუდენტი გოგოა, რომელიც აქციებზე ვერ დადის, მაგრამ ხეობის მცველებს გულშემატკივრობს: „პოლიციელები ამოწმებენ მიკროავტობუსებს, აქტივისტი ხომ არ არის, კითხულობენ, რაც ძალიან უსიამოვნოა“.

პოლიციის ჯებირები - არავის მოსწონს, არც მგზავრებს, არც ხეობის სოფლებში მცხოვრებთ.
ნუგზარ ლომთაძე

ზარათსა და ოფურჩხეთში მიმავალი მიკროავტობუსების მგზავრების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათი სოფლები „ნამახვანჰესის“ მშენებლობის არეალში არ ხვდება და სოფლის მოსახლეობის მცირე ნაწილი ხეობაში მიმდინარე სამუშაოებზეა დასაქმებული, ხეობაში მიწის გასხვისება ყველასთვის მიუღებელია და „რიონის ხეობის მცველებს“ გულშემატკივრობენ.

„პოლიციის ჯებირები - არავის მოსწონს, არც მგზავრებს, არც ხეობის სოფლებში მცხოვრებთ“, - ამბობს ქუთაისიდან ლეჩხუმში მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლი, ნუგზარ ლომთაძე, რომელმაც დასძინა, რომ მოსახლეობის პროტესტს მიწის ხანგრძლივად გასხვისება იწვევს და არა ჰესის მშენებლობა: „ჩვენ ჰესის მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, ისევე როგორც აქციების ორგანიზატორები. მიუღებელი მიწის უცხოელებისთვის გადაცემაა, ეს არ უნდა მომხდარიყო. ახლა მთავრობამ უნდა გამოასწოროს“.

ხეობის სოფლებში მცხოვრებნი ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება აქტივისტების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, სიტუაცია არ განიმუხტება.

რიონის ხეობაში, სოფელ გუმათში, გუმათჰესის გასწვრივ რკინის ჯებირები 4 აპრილს მოაწყვეს პოლიციელებმა და ამით ხეობაში გადაადგილება შეზღუდეს. შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, პოლიციის ე.წ. ბლოკპოსტი გუმათთან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეა, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, „გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით რჩება ძალაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“.

შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს...
შსს

„რიონის ხეობის მცველები“, ორი თვეა, ითხოვენ ჯებირების აღებას და ხეობაში, სახლებში დაბრუნების უფლებას და შსს-ს საპასუხოდ განმარტავენ, რომ არ აპირებენ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის ტერიტორიაზე შეჭრას და, მით უფრო, მისი ქონების დაზიანებას. „ეს რომ გვინდოდეს, ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე, სადაც თავისუფლად გადავაადგილდებით, არის „ენკას“ საწყობი და იქ შევიჭრებოდით“, - რამდენჯერმე განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გუმათიდან, სადაც საპოლიციო ძალები პატრულირებენ, 20 კილომეტრია ნამოხვანამდე, სოფლამდე, სადაც თითქმის 5 თვე ჰქონდათ კარვები გაშლილი ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს. ორი თვეა, ნამოხვანის მიმართულებით აღარ უშვებენ „რიონის ხეობის მცველებს“ და მათ აქტიურ მხარდამჭერებს. როგორც აქციების ორგანიზატორიები ამბობენ, ე.წ. საგუშაგოზე ავტომანქანებს ამოწმებენ პოლიციის ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ხეობის სოფლების მოსახლეობას კარგად იცნობენ.

საგუშაგოზე მყოფი პოლიციელები ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხოდ ტოვებენ, ფოტოს ან ვიდეოს გადაღებისას კი ცდილობენ, კადრში არ მოხვდნენ და ჯებირებს მიღმა შედიან. იმ დროს, როდესაც აქციის მონაწილეები ჯებირებზე ბრახუნს იწყებენ, რკინის ჯებირებს შორის დატოვებულ სამმეტრიან მონაკვეთზე შედარებით დაბალ რკინისვე მოაჯირებს აწყობენ და რამდენიმე რიგად დგებიან. პოლიციელები არ ეპასუხებიან ჯებირს მიღმა აქციის მონაწილეებსაც, რომლებიც ყოველ საღამოს რამდენიმე საათი ესაუბრებიან ხოლმე მათ და ცდილობენ ხეობაში შესვლის უფლება მოიპოვონ.

რკინის ჯებირებზე რამდენიმესაათიანი უწყვეტი ბრახუნის შემდეგ, შსს-მ საქმე აღძრა ჯებირების დაზიანების გამო 27 მაისს. „შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და მას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადეს შსს-ში.

საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, ქუჩაში პროტესტის ნაცვლად ჩაერთონ პროექტის ყველა დეტალის გასარკვევად შექმნილ ფორმატებში, ექსპერტებისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით. მთავრობაში აცხადებენ, რომ ამ ფორმატებით საკითხის განხილვამდე რიონის ხეობაში კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია.

ნამოხვანში, მდინარე რიონთან, ამ დროისთვის სადერივაციო გვირაბი შენდება, 4-კილომეტრიანი გვირაბის მეხუთედი ბოლო ერთ თვეში აიგო. ამ გვირაბში უნდა გაიაროს მდინარის წყალმა კაშხლის მშენებლობისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG