Accessibility links

site logo site logo

რენატე ვინტერი ნინოწმინდის პანსიონში ომბუდსმენის შესვლაზე: ეს არ არის რწმენის ან რელიგიის საკითხი, ეს კანონის საკითხია


რენატე ვინტერი, ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროექტების ხელმძღვანელი საქართველოში

ევროკავშირის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერის პროექტების ხელმძღვანელმა საქართველოში რენატე ვინტერმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის მონიტორინგის ჩატარების საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ კანონიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს არა მარტო უფლება, დაწესებულებაში შეცვლის ვალდებულებაც აქვს და, შესაბამისად, კანონი უნდა აღსრულდეს.

„ეს არ არის რწმენის ან რელიგიის საკითხი, ეს კანონის საკითხია და კანონი და კონსტიტუცია ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ ომბუდსმენს უნდა შეეძლოს დაწესებულებაში შესვლა“, - განაცხადა რენატე ვინტერმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, არავის აქვს უფლება, სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონის მონიტორინგი აუკრძალოს:

„მეუფე იქნება თუ პრეზიდენტი, არავის აქვს უფლება, რომ სახალხო დამცველს შესვლა აუკრძალოს. ეს ნათლად წერია კანონში და ამაზე დისკუსია არც კი უნდა მიმდინარეობდეს. კანონი უნდა აღსრულდეს და სახელმწიფოა კანონის დამცველი. ეს ეკლესიის საქმე არ არის. ეკლესია არის რწმენის დამცველი, მთავრობა არის კანონის დამცველი სეკულარულ სახელმწიფოში და საქართველო სეკულარული სახელმწიფოა“, - აღნიშნა რენატე ვინტერმა. გადაცემაში მან ყურადღება გაამახვილა ასევე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან აღსაზრდელების გაყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობაზე:

„მოსამართლემ თქვა, რომ ყველა ბავშვმა უნდა დატოვოს დაწესებულება, რაც ნიშნავს იმას, რომ მართლაც ყველა ბავშვმა უნდა დატოვოს დაწესებულება. და თუ მართლაც ყველა ბავშვის გაყვანა მოხდება პანსიონიდან, მაშინ იქნებ აღარც კი იყოს საჭიროება იმისა, რომ სახალხო დამცველი პანსიონში შევიდეს. ეს უკვე მეორე საკითხია, მაგრამ პირველ რიგში საჭიროა ბავშვების დაწესებულებიდან გამოყვანა. შესაძლებელია, მომავალში დაწესებულება გადაკეთდეს ღია დაწესებულებად ან მთლიანად მოხდეს მისი ფორმის შეცვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ აღასრულოს მოსამართლის გადაწყვეტილება, რადგან ეს არის კანონი“, - აღნიშნა რენატე ვინტერმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვების ოჯახებში დაბრუნება სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, იგი ამბობს, რომ სახელმწიფომ კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

„ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს და ალბათ არის კიდეც ისეთი სიტუაცია, სადაც არ არის მარტივი ბავშვების დაბრუნება ოჯახში, რადგანაც საჭიროა ოჯახების მომზადება, საჭიროა, რომ მათთან მუშაობდეს სოციალური მუშაკი, საჭიროა მშობლებთან საუბარი და ეს მომზადება ალბათ დროს მოითხოვს. ყველა ბავშვთან მიმართებაში ეს ასე არ იქნება, მაგრამ რამდენიმე შემთხვევაში ალბათ ასეა. ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ ამ ბავშვების დაწესებულებიდან გამოყვანაზე უარის თქმა სამართლებრივად შეუძლებელია. საქართველო არის ის სახელმწიფო, სადაც კანონის მიხედვით მოქმედებენ“, - განაცხადა რენატე ვინტერმა.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა. ნინო ლომჯარიამ 15 ივნისს საპატრიარქოს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG