Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა და თურქეთმა სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი


აზერბიაჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ილჰამ ალიევმა ორ ქვეყანას შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი 15 ივნისს ქალაქ შუშაში, რომელზეც აზერბაიჯანის არმიამ შარშანდელი შემოდგომის 44-დღიანი ბრძოლების შედეგად აღადგინა კონტროლი.

აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ პანდემიის მიუხედავად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება ყველა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო სფეროში, რასაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა უმნიშვნელოვანესი უწოდა. „ამ დეკლარაციაში ასახულია ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის თავდაცვის სფეროსა და სამხედრო წარმოებაში ურთიერთდახმარებისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. ეს არის ისტორიული მიღწევა“, - განაცხადა ალიევმა.

რეჯეპ ტაიპ ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქეთი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს 44-დღიანი ომის შედეგად გათავისუფლებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

15 ივნისს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა მთიანი ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა მას შემდეგ, რაც მათ სომხური ძალები აკონტროლებდნენ 30 წლის განმავლობაში.

კონფლიქტის დასრულების შემდეგ ალიევმა უკვე რამდენჯერმე მოინახულა ყარაბაღი, ერდოანი კი იქ პირველად ჩავიდა.

16 ივნისს ორი ლიდერი ბაქოში დაესწრება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩს თურქეთისა და უელსის ნაკრებ გუნდებს შორის.

სომხეთთან კონფლიქტში თურქეთი აზერბაიჯანს მხარს უჭერს როგორც დიპლომატიურად, ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდებით. კერძოდ, სამხედრო მოქმედებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აზერბაიჯანის იერიშებმა თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG