Accessibility links

site logo site logo

ტრანსნაციონალური დანაშაულის ბრალდებით საქართველოში 5 პირი დააკავეს


საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია და დაკავებულია იმ ჯგუფის ხუთი წევრი, რომელიც საქართველოში ტრანსნაციონალურ დანაშაულს ჩადიოდა. სულ სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყო, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოში, დადგენილი წესების გვერდის ავლით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანაში.

"მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედი და მატერიალურ სარგებელზე ორიენტირებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ფუნქციებში შედიოდა: სამეწარმეო განზრახვის გარეშე იურიდიული პირების შექმნა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესრულება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სპეციალური სამალავების მეშვეობით, საზღვარგარეთიდან საქართველოში თანხის მალულად შემოტანა, შემდგომში დანაწევრება და გამოგონილი დანიშნულებით ფიქტიური საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსება. ასევე, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის დამზადება და მათ საფუძველზე სხვადასხვა ქვეყანაში საბანკო გადარიცხვების განხორციელება", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

უწყების ინფორმაციით, 2016-2020 წლებში ამ გზით საქართველოში შეგროვებულია 15 385 489,6 აშშ დოლარი, 20 786 875 ევრო და 1 268 036,6 ლარი.

"მისი უკანონო წარმომავლობის შესანიღბად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და გამოგონილი დანიშნულებით განათავსეს მათ მფლობელობასა და მმართველობის ქვეშ არსებული საწარმოების საბანკო ანგარიშებზე", - განმარტავს საგამოძიებო ორგანო.

საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილებით, 2021 წლის 15 ივნისს დააკავეს ჯგუფის ხუთი წევრი (გ.ა., გ.გ., გ.ჩ., მ.ც. და დ.დ.), თუმცა არა ჯგუფის ხელმძღვანელი, ირანის მოქალაქე (ფ.ნ.). საგამოძიებო ორგანოებმა ჯგუფის ხელმძღვანელის სახელზე რეგისტრირებული სავარაუდოდ დანაშაულის გზით შეძენილი ქონება მოიძიეს და დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღეს. ქონების ჩამონათვალში მოხვდა:

  • თბილისში მდებარე ოთხი საცხოვრებელი ბინა, ჯამში 288 კვ.მ;
  • თბილისში კომერციული დანიშნულების 155 კვ.მ. ფართი;
  • ქვემო ქართლისა და გურიის მხარეში არსებული, ჯამში 6230 კვ.მ. სამი მიწის ნაკვეთი;
  • რუსთავში მდებარე სამრეწველო დანიშნულების 314 437 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა;
  • სამი "ძვირადღირებული" ავტომობილი;
  • გარდა ამისა, თბილისში მდებარე ერთ-ერთი ობიექტიდან ამოიღეს 1 700 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხა.

დაკავებულ ხუთ პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 193-ე (ცრუ მეწარმეობა) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - ფულის გათეთრება) წაუყენეს. ხოლო ირანის მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოება 25-193-ე და 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლებით ჩადენილი დანაშაულისთვის 9-დან 12 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG