Accessibility links

site logo site logo

ეკატერინე ტიკარაძეს ეპისკოპოს იაკობთან დაკავშირებით "კარგი მოლოდინები" აქვს


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოელის, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობთან სამინისტრის თანამშრომლობა გაცილებით უკეთესი იქნება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მედიასთან საუბარში განაცხადა ქუთაისში ყოფნისას.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებაში და დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების უფლებებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ასევე აუცილებლად უნდა აღსრულდეს ომბუდსმენის მანდატი და მას პანსიონში შესვლის საშუალება მიეცეს.

„სახალხო დამცველს გააჩნია თავის მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროს და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს არ ყოფილა ხელშეშლა, ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის და ეს მიმართულება განხორციელდება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

პატრიარქის გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად 14 ივნისს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. როგორც ის ამბობს, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საკუთარი გადაწყვეტილებით ეპარქიაში დაბრუნდა. იაკობმა ამავე დღეს განაცხადა, რომ პანსიონში სახალხო დამცველის შეშვების საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოს 15 ივნისს მიმართა, შეუშვან მისი წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში.

13 ივნისს საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სინოდის წევრები, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამინისტრო ახლა მუშაობს „ოჯახების მოძიებაზე“ და ასევე „ოჯახების გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახებში ინტეგრაცია“.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, გადაწყდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი არ დაიხურება, თუმცა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება.

ნინოწმინდის პანსიონიდან მოზარდების გაყვანის პროცესი 4 ივნისიდან მიმდინარეობს. 14 ივნისის მონაცემებით, უკვე გაყვანილია 30 მოზარდი, 23 ბავშვი კი რჩება.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში, პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

რა ფორმას მიიღებს პანსიონი, გარდაიქმნება თუ არა ის საოჯახო ტიპის სახლად, სადაც მცირე რაოდენობის, მაქსიმუმ, 8-10 ბავშვი იცხოვრებს, ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი არ არსებობს. ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, საპატრიარქო, გაეროს ბავშვთა ფონდი და World vision-ი პანსიონის გარდაქმნის სტრატეგიაზე ერთობლივად მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG