Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში აღმზრდელთა რაოდენობა 19-მდე შემცირდა


ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი
ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი

ნინოწმინდის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პანსიონში აღმზრდელთა რაოდენობა 19-მდე შემცირდა, ამის შესახებ ჟურნალისტებს პანსიონის ახალმა მმართველმა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა. კითხვაზე, რა პრინციპით გაათავისუფლა მან თანამშრომლები სამსახურიდან, მეუფე იაკობმა უპასუხა, რომ პანსიონში მეტი აღმზრდელის ყოფნა საჭირო აღარ არის. მანვე თქვა, რომ არავის არ ჰკითხავს, ისე გაუშვებს სამსახურიდან მათ, ვისზეც რაიმე დარღვევების შესახებ ინფორმაცია ექნება.

„19 აღმზრდელი დარჩება ეხლა ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ. ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის არ ვაჩერებთ. ველოდებით იმას, რომ როდის გადაიყვანენ [ბავშვებს] და ვინც დარჩება, სრულად ჰქონდეს მომსახურება. არაფერი რომ არ მოაკლდეთ, იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნვა, ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა. მისი თქმით, პანსიონში 40-ზე მეტი აღმზრდელი მუშაობდა და ამდენი ადამიანის ყოფნის საჭიროება უკვე აღარ არის.

პატრიარქის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დირექტორად ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი 14 ივნისს დაინიშნა. თავის მომავალ გეგმებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ იწყებს პანსიონის გარდაქმნის პროცესს. კერძოდ, აპირებს რამდენიმე მცირე სახლის აშენებას, სადაც ოჯახური გარემო იქნება.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა. ნინო ლომჯარიამ 15 ივნისს საპატრიარქოს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს იქ მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის პანსიონიდან გაყვანილია 30 აღსაზრდელი და რჩება 23.

XS
SM
MD
LG