Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმამ სისხლის სამართლის სასჯელი დააწესა "არასასურველ ორგანიზაციებში" მუშაობისთვის


რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომა. 2021 წ. 19 მაისის ფოტო.
რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომა. 2021 წ. 19 მაისის ფოტო.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოთხშაბათს მესამე, საბოლოო წაკითხვით მიიღო კანონი სისხლის სამართლის პასუხისგების შესახებ რუსეთში არასასურველად მიჩნეულ ორგანიზაციებში მუშაობისთვის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

მიღებული კანონის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური ან საერთაშორისო „არასასურველი ორგანიზაციის“ მუშაობის ორგანიზება ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. თავისუფლების აღკვეთის გარდა, გათვალისწინებულია აუცილებელი ან იძულებითი სამუშაო. ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციაში უბრალო მონაწილეობა შეიძლება დაისაჯოს ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გარდა ამისა, „არასასურველი ორგანიზაციებისთვის“ ფულადი შეწირულებებისთვის გათვალისწინებულია ხუთ წლამდე კოლონია.

დოკუმენტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვიტა უცხოური ან საერთაშორისო არასასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, ან ხელი შეუწყო მისი მუშაობის აღკვეთას.

ცვლილებები შევა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსში.

„არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2015 წელს მოაწერა ხელი. მას შემდეგ იგი რამდენჯერმე გაამკაცრეს.

არასასურველად შეიძლება იქნეს მიჩნეული ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის აზრით, წარმოადგენს „საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG