Accessibility links

site logo site logo

ჟენევაში იმართება ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტი


ჟენევაში დაიწყო აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტი. შეხვედრა ვილა ლა გრანჟში მიმდინარეობს. მოლაპარაკებები თბილისის დროით 15:25-ზე დაიწყო და, როგორც მოსალოდნელია, დაახლოებით ხუთ საათს გასტანს. ამის შემდეგ პრეზიდენტები ცალ-ცალკე გამართავენ პრესკონფერენციებს. სამიტის შემდეგ რაიმე დასკვნითი დოკუმენტების ხელმოწერის შესახებ არ გამოუცხადებიათ.

ამ დროისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ერთობ გამწვავებულია. სულ რამდენიმე თვის წინ ბაიდენმა პუტინს მკვლელი უწოდა.

სამიტი ტარდება პერიოდში, როცა პუტინი განაგრძობს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე თავისი კონტროლის კონსოლიდაციას, ოპოზიციის აქტივისტების, მაგალითად, ალექსეი ნავალნის დევნას და დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შევიწროებას.

როგორც ბაიდენის წარმომადგენელმა თქვა, თეთრი სახლი „რუსეთთან ურთიერთობების არც ‘გადატვირთვას’ აპირებს და არც ესკალაციას ვესწრაფვით.“ მაგრამ ბაიდენს უფრო მკვეთრი პოზიცია უკავია, ვიდრე მის წინამორბედ დონალდ ტრამპს. თანამდებობის დაკავების შემდეგ მან რუსეთს ეკონომიკური სანქციების ორი წყება დაუწესა. ამავე დროს, ის დათანხმდა შეიარაღების კონტროლის შესახებ ხელშეკრულების, New START-ის გაგრძელებას და უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობისთვის ხელის შეშლაზე.

პუტინისთვის სამიტი არის „დიდი ზესახელმწიფოების“ შეხვედრა, რითაც ის ნოსტალგიას გამოხატავს საბჭოთა ძალაუფლების მიმართ და ეს საშუალებას აძლევს, საკუთარ მოსახლეობას აჩვენოს, რომ გლობალური მნიშვნელობის საკითხებში რუსეთს ძალუძს აშშ-ისთვის ფეხის აწყობა.

სამიტის დღის წესრიგშია შეიარაღების კონტროლი, კიბერდანაშაულებები და ჯაშუშობა, კლიმატური ცვლილებები და COVID-19. ბაიდენი ჟენევაში 15 ივნისს ჩავიდა, პუტინის თვითმფრინავი კი სოჭიდან ჟენევაში 16 ივნისს ჩაფრინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG