Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ვოლსკი "პრაიდის კვირეულზე": მე პირადად რეკლამირების წინააღმდეგი ვარ


"ქართული ოცნების" ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი "პრაიდის კვირეულზე" საუბრის დროს ამბობს, რომ ის წინააღმდეგია "რეკლამირების". ასე გამოეხმაურა დეპუტატი ლგბტქ თემის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოთხოვნას, ხელისუფლებამ გააუქმოს ეს კვირეული.

"საზოგადოება არსებობს, საზოგადოება მრავალფეროვანია, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგწონს, მე პირადად, წინააღმდეგი ვარ ამის პოპულარიზაციის, რეკლამირების, მაგრამ უნდა დავინახოთ ისიც, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არა მარტო კანონის, უფლის წინაშეც ყველა თანასწორი ვართ... ვერანაირად გააუქმებ იმას, რასაც ჰქვია კანონის წინაშე ყველას თანასწორობა", - თქვა ვოლსკიმ.

მანვე "პრაიდისა" და "ანტიპრაიდის" მონაწილეებს მოუწოდა, "ჭკუას ძალა დაატანონ":

"სახელმწიფოს გააჩნია რესურსი, რომ ქვეყანას ახალი გამოწვევა არ გაუჩნდეს - ბალანსია საჭირო, სტაბილურობაა საჭირო და სიწყნარეა საჭირო, რათა გადავრჩეთ ამ გამოწვევების ცენტრში მდგომი პატარა ქვეყანა - სუსტი ეკონომიკით და ძალინ ბევრი გამოწვევებით. გინდა აგრესორის მხრიდან, გინდა რეგიონში მიმდინარე პროცესების გამო, გინდა რეგიონში დაპირისპირების ხარისხიდან გამომდინარე. ყველამ დაატანოს ჭკუას ცოტა ძალა და ვიფიქროთ ქვეყანაზე და ყველანაირ დაპირისპირებებს მოვერიდოთ, იქნება ეს "პრაიდის" მხრიდან თუ "ანტიპრაიდის​" მხრიდან - ყველა მხარეს ეკუთვნის ეს".

5 ივლისს "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი იქნება "გამოდი სოლიდარობისთვის".

გარდა ამისა, "თბილისი პრაიდი" პრაიდის კვირეულის ფარგლებში მოაწყობს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და მუსიკალურ ფესტივალს.

"ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე; გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა", - აღნიშნავენ "ღირსების მარშის" ორგანიზატორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG