Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარიასა და ეპისკოპოს იაკობს შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება


სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ეპისკოპოსი იაკობი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ეპისკოპოსი იაკობი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი შეხვედრას 17 ივნისს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში შედგება. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრა გაიმართება ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველსა და ბოდბელ ეპისკოპოსს შორის შეხვედრის დანიშვნის შესახებ შეთანხმების ფაქტს ადასტურებენ სახალხო დამცველის ოფისშიც. მათი თქმით, შეხვედრა 11 საათზე დაიწყება.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა. ნინო ლომჯარიამ 15 ივნისს საპატრიარქოს ნინოწმინდის პანსიონში შესვლის მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

ამავე დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მმართველმა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, რომელმაც ამ თანამდებობაზე მეუფე სპირიდონი 14 ივნისს ჩაანაცვლა, განაცხადა, რომ სახალხო დამცველს თბილისში შეხვდებოდა.

"ძალიან დასტრესილები არიან ბავშვები და ახლა შემოვიდნენ და კითხვები დაუსვან, თუნდაც სახალხო დამცველმა დაუსვას... აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან. სანდო ხალხიც არიან და ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს... ჯერ თბილისში შევხვდეთ, ცივილურად დავილაპარაკოთ. სანამ ბავშვები ასეთ მდგომარეობაში არიან, მე მართალი ვიქნები, არავინ მივაკარო... დალაგება მინდა სიტუაციის, ამიტომ ვარ აქ", - განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა. მან თქვა, რომ უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ომბუდსმენმა პანსიონთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „სპეციალურად არ მოაწყო”.

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს იქ მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე. არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის პანსიონში, სადაც 56 ბენეფიციარი ცხოვრობდა, რჩება 20 აღსაზრდელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG