Accessibility links

site logo site logo

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზა შემოწმების უფლებას არ აძლევდა


სახელმწიფო აუდიტის სამსახური წლების განმავლობაში ვერ ამოწმებდა "საქართველოს რკინიგზას", რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. იმის მიუხედავად, რომ პრობლემა წლების განმავლობაში უცვლელი იყო, საკითხი აქტუალური დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე გახდა, სადაც აუდიტის სამსახურის ანგარიშს ისმენდნენ.

რკინიგზის შემოწმების საკითხით პარლამენტის წევრი, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე დაინტერესდა. მისი თქმით, სახელმწიფო კომპანია "საქართველოს რკინიგზამ" 2015 წლის შემდეგ 1,2 მილიარდ ლარზე მეტით იზარალა.

"2015 წლამდე სულ მოგებაზე იყო რკინიგზა და რაღაც მოხდა ამის შემდეგ ისეთი კატასტროფული, რომ 1,2 მილიარდი ლარი წავაგეთ - ანუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ჩვენს კუთვნილ რკინიგზაში წავაგეთ. მხოლოდ 2018 წელს 715 მლნ ლარი მივიღეთ ზარალი. ეს ხომ ჩვენი ფულია..." - თქვა ვაშაძემ.

​მთავარმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა დეპუტატს უთხრა, რომ "საქართველოს რკინიგზის" აუდიტის ჩატარების უფლება სასამართლოში ჩივილამდე ვერ მიიღეს. მისი განმარტებით, რკინიგზის არგუმენტი იყო, რომ მათ უკვე ამოწმებდა "დიდი ოთხეული".

"ჩვენ ვთვლით, რომ გვაქვს უფლება შევამოწმოთ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანიზაცია, სადაც აქვს სახელმწიფოს 50 პროცენტზე მეტი აქცია... ასე ვთვლი მე და ჩემი გუნდი. ეს იყო იურიდიული პროცესი, რომელმაც შეამოწმა შემოწმების პროცედურები. ამ საკითხს დავუბრუნდებით", - თქვა მთავარმა აუდიტორმა.

როგორც მექვაბიშვილმა თქვა, მსგავსი პრობლემები ჰქონდათ "სახელმწიფო ელექტროსისტემაშიც", თუმცა სასამართლო დავის მოგების შემდეგ კომპანია შეამოწმეს. ამ კომპანიის შემოწმების შემდეგ აუდიტის სამსახურმა მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა. მაგალითად, გაირკვა, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ 2014 წელს, აგვისტოში ხუთი დღის ულიმიტო როუმინგში 29 254 ლარი დახარჯა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საბჭოს თავმჯდომარის, სულხან ზუმბაძის ხელფასი ყოველწლიურად 10 პროცენტით იზრდებოდა - მისი ანაზღაურება მუშაობის დაწყების დროს 10 312 ლარი იყო, დასრულების დროს კი - 24 316 ლარი.

კომპანიის დირექტორი ახლა დავით ფერაძეა, რომელმაც მხოლოდ 2020 წელს ანაზღაურების სახით 219 ათასი ლარი მიიღო.

სს „საქართველოს რკინიგზა“ უარყოფს ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის კომპანიაში არ შეშვების შესახებ. როგორც „რკინიგზის" განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიაში სახელმწიფო აუდიტი შემოწმებაზე შესული იყო 2016 წელს. კომპანიის განმარტებით, პარალელურად კი „აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმის გამო, „საქართველოს რკინიგზის", როგორც არაპირდაპირი სახელმწიფო საწარმოს სახელმწიფო აუდიტის ქვემდებარეობასთან დაკავშირებით, კომპანიასა და აუდიტს შორის მიმდინარეობდა დამაზუსტებელი სამართლებრივი პროცედურები.

„მიუხედავად სამართლებრივი პოზიციების განსხვავებისა, რკინიგზას არ შეუშლია ხელი აუდიტის ჩატარებისთვის. საბოლოოდ, სასამართლოს მიერ ბუნდოვანი ნორმა განიმარტა 2019 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „საქართველოს რკინიგზის" კომპლექსურ ყოველწლიურ აუდიტს ატარებს დიდი ოთხეულის წევრი ისეთი რეპუტაბელური და მაღალკვალიფიციური აუდიტორული კომპანია როგორიც არის KPMG და აღნიშნულ დასკვნებს კომპანია საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით, არარელევანტურია​ აღნიშნულ საკითხზე აპელირება", - აცხადებს კომპანია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG